ეპსტინის ფაილებში ცუკერბერგისა და მასკის ვახშამზე გადაღებული ფოტო აღმოჩნდა

ეპსტინის ფაილებში ცუკერბერგისა და მასკის ვახშამზე გადაღებული ფოტო აღმოჩნდა

ფოტო: Allison Robbert—Pool/Getty Images; David Paul Morris—Bloomberg/Getty Images

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „ეპსტინის ფაილებში“ აღმოჩნდა ფოტო, რომელშიც Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი და SpaceX-ის დამფუძნებელი და CEO, ილონ მასკი, ერთ-ერთ კერძო ვახშამზე არიან აღბეჭდილნი. დიდი ალბათობით, ვახშამს თავად ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპსტინიც ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორაცია ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით ამერიკულმა Forbes-მა გაავრცელა.

დოკუმენტების მიხედვით, ფოტო ეპსტინმა საკუთარ თავს 2015 წლის აგვისტოში გაუგზავნა. კადრში ცუკერბერგსა და მასკს ერთ მაგიდასთან ვხედავთ. თავად ეპსტინი ფოტოზე არ ჩანს, თუმცა ვარაუდობენ, რომ კამერა შესაძლოა სწორედ მას ეჭირა. ამასთან, დოკუმენტებში არ იკვეთება მკაფიო მტკიცებულება, რომ ეპსტინს იმ საღამოს მათთან კომუნიკაცია ჰქონდა.

იმავე თვეში გაგზავნილ სხვა ელფოსტაში ეპსტინი წერდა, რომ „ვახშამზე იყო ცუკერბურგთან, მუ=კთან, ტიელ ჰოფმანთან და უაილდთან ერთად“. მან ასევე ახსენა LinkedIn-ის მილიარდერი თანადამფუძნებელი რიდ ჰოფმანი და Palantir-ის თავმჯდომარე პიტერ ტილი, თუმცა ისინი ფოტოზე არ ჩანან. კადრში სულ ცხრა ადამიანი ჩანს.

ფოტო: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი

Vanity Fair-მა 2019 წელს გაავრცელა ინფორმაცია წარსულში გამართულ მსგავს ვახშამზე, რომელშიც ცუკერბერგი, მასკი და ეპსტინი მონაწილეობდნენ. გამოცემის ცნობით, შეხვედრას ორგანიზება ჰოფმანმა გაუკეთა და იგი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ნეირომეცნიერის პატივსაცემად გაიმართა.

Meta-ს წარმომადგენელმა მედიის კითხვებზე პასუხად მარკ ცუკერბერგის პოზიცია გაიხსენა, რომელიც მან 2019 წელს Vanity Fair-ს გაუზიარა. ცუკერბერგის თქმით, ის ეპსტინს მხოლოდ ერთხელ შეხვდა და ვახშმის შემდეგ მასთან კომუნიკაცია აღარ ჰქონია.

Forbes-ის ცნობით, ილონ მასკის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა 2019 წელს Vanity Fair-თან მიწერილ ელფოსტაში მასკმა აღნიშნა: „ეპსტინი აშკარად საეჭვო პიროვნებაა და ცუკერბერგი ჩემი მეგობარი არ არის.“ მან დაადასტურა, რომ ერთხელ ეპსტინს საკუთარ სახლში შეხვდა, თუმცა, მისი თქმით, იმდენად ახლოს არ იცნობდა, რომ Meta-ს ხელმძღვანელისთვის გაეცნო.

Forbes-ის შეფასებით, ამჟამად ილონ მასკის ქონება 844.8 მილიარდ დოლარს შეადგენს და იგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. რაც შეეხება მარკ ცუკერბერგს, ის დაახლოებით 226.8 მილიარდი დოლარის ქონებით რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს. თუმცა, როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, ვახშმის პერიოდში, 2016 წელს, ცუკერბერგი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო და დაახლოებით 45 მილიარდ დოლარს ფლობდა, მაშინ როდესაც მასკის ქონება 10.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.