ფოტო: Bloomberg
გლობალურ საფონდო ბირჟებზე ტურიზმისა და ავიაციის სექტორის კომპანიების აქციები მკვეთრად გაუფასურდა. ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციაა, რაც აშშ-ისრაელის ირანზე შეტევასა და ამ უკანასკნელის საპასუხო დარტყმებს მოჰყვა. შედეგად, მსოფლიო მასშტაბით ფრენების განრიგი დაირღვა, რეგიონში მდებარე დიდი აეროპორტები დაიხურა და ნავთობის ფასები გაიზარდა.
მესამე დღეა, დაკეტილია ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი აეროპორტი, მათ შორის დუბაისა და დოჰაში. შედეგად, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის ქალაქებში ათიათასობით მგზავრი ჩარჩა.
განვითარებული მოვლენების ფონზე, ნავთობის ფასები დაახლოებით 7%-ით გაიზარდა და ბოლო თვეების მაქსიმუმს მიაღწია. ამის მიზეზი კი აშშ-ისრაელისა და ირანის თავდასხმების შედეგად შექმნილი საფრთხე და დაზიანებული ტანკერებია, რაც რეგიონიდან ტვირთების მიწოდებას აფერხებს.
ევროპის უმსხვილესი ტურისტული კომპანია TUI-ის აქციების ფასი სავაჭრო სესიის დაწყებისას 7%-ით დაეცა. International Airlines Group-ის აქციები კი 9%-ით გაუფასრუდა. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელს British Airways-ი ფლობს.
Lufthansa-სა და Air France-KLM-ის აქციების ფასი 7%-ით შემცირდა. მნიშვნელოვნად გაიაფდა ფრანგული სასტუმროების ოპერატორის, Accor-ისა და საკრუიზო კომპანია Carnival Corporation-ის აქციებიც.
აშშ-ში ავიაკომპანიების აქციების ღირებულება ბირჟების გახსნამდე დაახლოებით 5%-ით შემცირდა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ავიაკომპანიებზე ზეწოლას საწვავის გაძვირება, რეისების გაუქმება და გადამისამართების დამატებითი ხარჯები ზრდის, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების ნაწილს ეს ხარჯები დაზღვეული აქვს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცის დროებით დახურვის გამო, flydubai-მ განაცხადა, რომ დუბაიდან და დუბაის მიმართულებით ფრენები დროებით შეჩერებულია.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის გავლენით დაზარალდნენ აზიური ავიაკომპანიებიც. იაპონიის ANA Holdings-ი, ჩინეთის Air China, China Southern Airlines-ი და China Eastern Airlines-ი, მალაიზიური AirAsia X, ასევე ტაივანის China Airlines-ი და EVA Air – თითოეული მათგანის აქციების ფასი მინიმუმ 4%-ით შემცირდა.
ჰონგ-კონგის Cathay Pacific-მა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ყველა რეისი, მათ შორის დუბაისა და რიადში, განუსაზღვრელი ვადით გააუქმა და დაზარალებულ მგზავრებს გადაჯავშნის საფასური მოუხსნა.
Singapore Airlines-მა დუბაის მიმართულებით ფრენები 7 მარტამდე გააუქმა, ხოლო Japan Airlines-მა ტოკიო-დოჰას რეისები შეაჩერა.
ანალიტიკოსების შეფასებით, თუ კონფლიქტი აქტიურ ფაზაში დარჩება და საჰაერო სივრცის დახურვა გაგრძელდება, ეს რეგიონში მოგზაურობაზე მოთხოვნას შეამცირებს, რაც, თავის მხრვი, ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს.









