ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 35-ე ადგილზეა

2 (68)

„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ ეკონომიკური თავისუფლების განახლებულ რეიტინგში საქართველო 35-ე ადგილზეა

მეთოდოლოგია

ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია იკვლევს: „ფრეიზერის ინსტიტუტი“ და „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“. კვლევებზე დაყრდნობით, ისინი ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგს ადგენენ. „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ რეიტინგი 9 მარტს განახლდა.

„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“ აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრია, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. 2026 წელს გამოქვეყნებული ინდექსი 2024-2025 წლების მდგომარეობას ასახავს.

ეკონომიკური თავისუფლების დონე 4 ჯგუფად განაწილებულ 12 კრიტერიუმზე დაკვირვებით განისაზღვრება, ესენია: 1. კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, კორუფციის დონე), 2. მთავრობის ზომა (საგადასახადო ტვირთი, მთავრობის ხარჯები, ფისკალური სტაბილურობა), 3. რეგულაციების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება), 4. ღია ბაზრები (საგარეო ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).

ინფორმაციის წყარო სხვადასხვა კვლევა და ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებია. ცალკეული კრიტერიუმი, მაქსიმუმ, 100 ქულით ფასდება და ქვეყნის საბოლოო ქულა 0-დან 100-მდე მერყეობს. საბოლოო ქულების მიხედვით ქვეყნები 5 ჯგუფში ნაწილდებიან: 1. 80-100 ქულა – თავისუფალი ქვეყნები; 2. 70-79.9 ქულა – მეტწილად თავისუფალი ქვეყნები; 3. 60-69.9 – ზომიერად თავისუფალი ქვეყნები; 4. 50-59.9 ქულა – მეტწილად არათავისუფალი ქვეყნები და 5.0-49.9 ქულა – რეპრესირებული ქვეყნები.

საქართველო ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

9 მარტს გამოქვეყნებული ჰერიტიჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა (176 ქვეყანას შორის) 69.6 ქულით. ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 0.6 პუნქტით გაიზარდა, თუმცა სხვა ქვეყნების ქულების ზრდის გამო, საქართველომ რეიტინგში ისევ 32-ე ადგილზე დაიკავა. საქართველო ზომიერად თავისუფალი ქვეყნების ჯგუფშია.

საქართველოს ქულები შეფასების 12 კრიტერიუმიდან 6-ში გაიზარდა, 2 უცვლელად დარჩა, ხოლო 4-ში შემცირდა.

საქართველოს ქულები კრიტერიუმების მიხედვით

შეფასების კრიტერიუმები20252026ცვლილება
ფისკალური სტაბილურობა75.989.113.2
მონეტარული თავისუფლება65.370.24.9
მთავრობის ხარჯები72.973.91.0
კორუფციის დონე58.959.91.0
საგარეო ვაჭრობის თავისუფლება86.286.80.6
შრომის თავისუფლება63.564.00.5
ინვესტირების თავისუფლება60.060.00.0
ფინანსური თავისუფლება60.060.00.0
საგადასახადო ტვირთი89.187.8-1.3
ბიზნესის თავისუფლება78.176.6-1.5
სასამართლოს ეფექტიანობა55.353.8-1.5
საკუთრების უფლება62.353.0-9.3

წყარო: The Heritage Foundation

ყველაზე მეტად, 13.2 პუნქტით, საქართველოს ქულა ფისკალურ სტაბილურობაში გაიზარდა, რაც მშპ-ის მიმართ მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებამ განაპირობა. 4.9 პუნქტით გაიზარდა მონეტარული თავისუფლების ქულა, რაც 2024-2025 წლებში დაფიქსირებულმა შედარებით დაბალმა ინფლაციამ განაპირობა.

ყველაზე მეტად შემცირდა საკუთრების უფლების დაცვის ქულა – 9.3 პუნქტით. 1.5-ით შემცირდა სასამართლოს ეფექტიანობისა და ბიზნესის თავისუფლების ქულები.

ამჟამად საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 89.1 – ფისკალურ სტაბილურობაში აქვს. შემდეგ მოდის საგადასახადო ტვირთი 87.8 ქულით და საგარეო ვაჭრობის თავისუფლება 86.8 ქულით.

საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 55.3 საკუთრების უფლების დაცვაში აქვს. შემდეგ მოდის სასამართლოს ეფექტიანობა 53.8 ქულით და კორუფციის დონე 59.9 ქულით. ჯამში, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები კანონის უზენაესობის კომპონენტებში აქვს.

რეიტინგში საქართველო ყველაზე მაღალ პოზიციას – მე-7 ადგილს 2017 წელს იკავებდა.

საქართველოს პოზიცია ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში

წყარო: The Heritage Foundation
ქვეყნები, სადაც ეკონომიკური თავისუფლების დონე ყველაზე მაღალია

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილზეა სინგაპურია 84.4 ქულით, რომლის ქულა ბოლო წელს 0.3-ით გაიზარდა. მეორეზე შვეიცარიაა 83.7 ქულით. მესამეზე ირლანდიაა 83.3 ქულით. ავსტრალიას 80.1 ქულა აქვს. ეს ოთხი ქვეყანაა მხოლოდ, რომლებსაც 80 ქულაზე მეტი აქვთ და ეკონომიკურად სრულად თავისუფალ ქვეყნებს მიეკუთვნებიან.

გეოგრაფიულად საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ პოზიციებს იკავებენ:

  • სომხეთი 52-ე ადგილი (დაწინაურდა და 5 ადგილით)
  • აზერბაიჯანი 67-ე ადგილი (დაწინაურდა 8 ადგილით)
  • თურქეთი 117-ე ადგილი (ჩამოქვეითდა 6 ადგილით)
  • რუსეთი 145-ე ადგილი (ჩამოქვეითდა 10 ადგილით)

რეიტინგში ბოლო ადგილზე ჩრდილოეთი კორეაა 3.1 ქულით, ანუ ამ ქვეყანაში ეკონომიკა ყველაზე არათავისუფალია. ბოლოდან მეორეზე კუბაა 25.2 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე ვენესუელაა 27.3 ქულით.

ტოპ-10 ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით

 ქვეყანაქულა
1სინგაპური84.4
2შვეიცარია83.7
3ირლანდია83.3
4ავსტრალია80.1
5ტაივანი79.8
6ლუქსემბრუგი79.7
7დანია79.0
8ნორვეგია78.8
9ესტონეთი78.7
10ნიდერლანდები78.5

წყარო: The Heritage Foundation

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე