რობოტული ქირურგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად და სწრაფად განვითარებად მიმართულებად იქცა. საქართველოსა და კავკასიაში მისი დანერგვა ცნობილი ექიმისა და მეცნიერის, გურამ ქარაზანაშვილის სახელს უკავშირდება. მის მიერ დაფუძნებულ „ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში“ (KRC), სადაც 9 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, 2024 წლის 27 თებერვლიდან დღემდე 300-ზე მეტი რთული რობოტული ოპერაცია შესრულდა. ამ გზაზე დაგროვილ გამოცდილებასა და სისტემურ განვითარებაზე გურამ ქარაზანაშვილი გვესაუბრა.
ავტორი: იზა გვარამაძე
რით განსხვავდება რობოტული ქირურგია ტრადიციული ქირურგიისგან? რატომ გადაწყვიტეთ მისი დანერგვა?
ქირურგად და უროლოგად მუშაობა გამოწვევებით სავსე პერიოდში მომიწია, როდესაც სამედიცინო სფერო განიცდიდა გიგანტური ნაბიჯებით ევოლუციას, რაც ტექნოლოგიურმა რევოლუციამ განაპირობა. ჩემი დღის წესრიგი, დაწყებული სტუდენტობიდან დღემდე, მსოფლიოს მოწინავე მიღწევების პირველ ხაზზე ყოფნაა. სწორედ ამან მიმიყვანა იქამდე, რომ გავხდი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ეროვნული პრემიის ლაურეატი, მსოფლიო უროლოგიური ონკოლოგიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი უროლოგიაში და ბოლოს – რობოტული ქირურგი.
დღეს რობოტული ქირურგია განვითარებული ქვეყნების წამყვანი კლინიკებისთვის სტანდარტს წარმოადგენს. ეს აღარ არის მომავლის ტექნოლოგია, არამედ არის აუცილებლობა, რადგან ის პაციენტსა და ქირურგს უპრეცედენტო შესაძლებლობებს სთავაზობს.
მანამდე მედიცინამ გამოიარა ეტაპები, მათ შორის ღია ოპერაციები, ენდოსკოპია, ლაპაროსკოპია და, ბოლოს, განვითარების მწვერვალი – რობოტული ქირურგია. პირადად მე მომიწია ყველა ამ საფეხურის გავლა: ჯერ იყო და მივაღწიე უმაღლეს დონეს ღია ქირურგიაში, შემდეგ ენდოსკოპიაში, ლაპარასკოპიაში. ბოლოს, როდესაც რობოტული ქირურგია იქცა უმაღლეს სტანდარტად, გავაკეთე ყველაფერი, რათა მასაც სრულყოფილად დავუფლებოდი.
ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ მეთოდს თავისი როლი ჰქონდა, თუმცა ასევე ჰქონდა შეზღუდვებიც. რობოტული ქირურგია წინამორბედი მეთოდების უპირატესობებს აერთიანებს და მათ უარყოფით მხარეებს აღმოფხვრის. მაგალითად, ლაპაროსკოპიისგან განსხვავებით, რობოტული სისტემა შექმნილია ადამიანის ხელის პრინციპით. მას აქვს სახსრები და მაჯები, რომლებიც 360 გრადუსით ბრუნავს. ეს ქირურგის შესაძლებლობებს აძლიერებს და პრაქტიკულად ადამიანის ფიზიოლოგიურ ლიმიტებს არღვევს.
რობოტული ქირურგია წარმოადგენს მიკროსკოპულ ჩარევას ადამიანის ორგანიზმში. ქირურგი მრავალჯერადი გადიდებით ხედავს ქსოვილებს, სისხლძარღვებსა და ნერვულ სტრუქტურებს და მათ შორის უმაღლესი სიზუსტით მოძრაობს. ტრავმა მინიმუმამდეა დაყვანილი. შესაბამისად, თავიდან ვირიდებთ სისხლის დანაკარგს, აღდგენის პროცესი კი მნიშვნელოვნად ჩქარდება.
რობოტული ოპერაცია ვერ დასრულდება, თუ პროტოკოლი ზედმიწევნით არ იქნება დაცული. ტექნოლოგია პრაქტიკულად გამორიცხავს უხეშ შეცდომას, სისტემა ქირურგს აიძულებს, მაქსიმალური სიზუსტით იმოქმედოს.
როგორ შეაფასებდით რობოტული ქირურგიის დანერგვიდან გასული ორი წლის შედეგებს?
გასული ორი წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც გადატრიალება ქართულ და კავკასიურ მედიცინაში. ეს იყო რობოტული ქირურგიის ელვისებური აღმასვლა და განაცხადი, რომ ჩვენ გავუსწორდით მედიცინის განვითარების მსოფლიო დონეს. გამოწვევა დიდი იყო. თუნდაც ერთ წარუმატებელ რობოტულ ოპერაციას შესაძლოა მთელი რობოტული ქირურგიის პროგრამა დაესამარებინა და წლებით გადაედო მისი განვითარება არა მხოლოდ ჩვენს კლინიკაში, არამედ რეგიონში.
რობოტული ქირურგიის დანერგვას წინ უსწრებს წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, კომპეტენცია და ავტორიტეტი საერთაშორისო მასშტაბით, პროფესიული და ინფრასტრუქტურული მზადება. დაახლოებით ათი წელი გავატარე მსოფლიოს წამყვან კლინიკებში (გერმანიაში, მოსკოვში, შვედეთში და ა.შ.) ყველა მოწინავე ქირურგიული ტექნიკის შესასწავლად. ეს მეთოდები და ტექნოლოგიები „ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში“ დავნერგე, რომელთაგან არაერთზე შეიძლება ითქვას – „პირველად საქართველოსა და კავკასიაში“.
მის დასანერგად მოვამზადე რობოტულ ქირურგთა ჯგუფი უცხოეთში. ამასთან, რობოტული ქირურგიის დაწყებისას მხარს მიჭერდნენ ჩემი მეგობარი ქირურგები შვედეთიდან, რუსეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, რომლებიც ჩემი მოწვევით გვესტუმრნენ „ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში“ გამოცდილების გასაზიარებლად. რობოტული ქირურგიის დანერგვის დაწყებიდან პირველი სამი თვე რობოტის მწარმოებელი კომპანიის ორი წარმომადგენელი – ინჟინერი და სამედიცინო ტრენერი ჩინეთიდან – მუდმივად იმყოფებოდა ჩვენს ცენტრში და სამედიცინო პერსონალის გადამზადებას უზრუნველყოფდა.
საწყის ეტაპზე არსებობდა სკეპტიციზმი, სარკაზმიც კი – როგორც სამედიცინო წრეებში, ისე პაციენტებში. არ ჩანდა არცერთი მხარდამჭერი საქართველოში ან თუნდაც კავკასიაში. იგრძნობოდა მთელი სამედიცინო საზოგადოების „დაკვირვებული თვალი“, მომართული ჩვენკენ. ჩვენ არ გვქონდა შეცდომის უფლება.
დღეს, ორი წლის შემდეგ, მთელმა საქართველომ და კავკასიამ იცის, რომ რობოტული ქირურგია შედგა „ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში“ და ეს არის უდიდესი სტიმული, მოტივაცია, და თუ გნებავთ, კონკურენტული უპირატესობაც, რათა რეგიონში რობოტული ქირურგიის უდიდესი ტალღა აგორდეს.
როგორ ფიქრობთ, რატომ არ დანერგეს რობოტული ქირურგია სხვა უფრო დიდმა კლინიკებმა თქვენზე ადრე?
რობოტული ქირურგიის წარმატებისთვის საჭიროა მრავალი ფაქტორი – პირველ რიგში, მაღალი კლასის რობოტი. მას დაახლოებით ათი წელი ვეძებდი, გადავამოწმე ყველა შესაძლებელი ვარიანტი, ამისთვის სპეციალური ვიზიტებით ვიყავი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, ინდოეთში, პოლონეთში, ჩინეთში. უამრავი ჩემი საერთაშორისო კოლეგა და ექსპერტი მეხმარებოდა სწორი არჩევანის გაკეთებასა და წინააღმდეგობების დაძლევაში.
თუმცა საქმე მხოლოდ რობოტში არ არის, მას ქირურგი მართავს. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რობოტის უკან მდგომ სპეციალისტს – მოტივაციას, აითვისოს ახალი ტიპის ქირურგია, მის ცოდნას, გამოცდილებასა და ავტორიტეტს. როგორც მოგახსენეთ, რობოტული ქირურგიის დანერგვაზე მუშაობა გუშინ არ დამიწყია. მე ზურგს მიმაგრებს ათასობით რთული ოპერაცია – ღია, ენდოსკოპური, ლაპარასკოპიული ქირურგიული ჩარევები: ნებისმიერი სირთულის ონკოლოგიური თუ რეკონსტრუქციული ქირურგია შარდის ბუშტზე, პროსტატაზე, თირკმელზე და ა.შ.
რობოტული ქირურგიის დანერგვამდე ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვემზადებოდით ამ ეტაპისთვის და საქართველოში წამყვანი ტექნოლოგიები შემოვიტანეთ. მათ შორის დავნერგეთ თერაპიული რობოტი Focal One (საფრანგეთი), რომელიც სიმსივნურ კერებს ქირურგიული ჩარევის გარეშე, ორგანოს შენარჩუნებით, წერტილოვნად ანადგურებს – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროსტატის კიბოს შემთხვევაში, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია; პროსტატის მიკრო-ულტრაბგერა 29 მეგაჰერცია (კანადა), რომლის ეფექტიანობა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას უსწორდება, მაგრამ უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომია პაციენტისთვის; ოლიმპასის (Olympus) ლაპარასკოპული და ენდოსკოპური კოშკები (იაპონია); პროსტატის თარგეტული ტრანსპერინეული ფიუჟენ-ბიოფსია (კანადა); შტორცის კენჭის დაშლის ცენტრი (შვეიცარია) და მრავალი სხვა ისეთი ტექნოლოგია, რომელთა გამო ადრე პაციენტები უცხოეთში მიემგზავრებოდნენ.
გადამწყვეტი აღმოჩნდა საერთაშორისო მხარდაჭერაც, პროფესიული რეპუტაცია და, ბოლოს – ფინანსური ინვესტიცია, რომელიც 9 მილიონ ლარს აღემატებოდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოში მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი და ამისთვის საზღვარგარეთ წასვლა არაა საჭირო.
რამდენი და რა სახის ოპერაციები ჩატარდა ამ პერიოდის განმავლობაში?
ორი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი რობოტული ოპერაცია ჩავატარეთ. ევროპის ბევრ ცენტრში წელიწადში 100-ზე მეტი ასეთი ოპერაცია უკვე წარმატებულ პროგრამად მიიჩნევა.
ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება ონკოუროლოგიურ პათოლოგიებს, რომელთა შორის არის პროსტატის რობოტული ოპერაციები, როდესაც აუცილებელია ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი სიმსივნის ლიკვიდაციასთან ერთად არ დავაინვალიდოთ ადამიანი და შევინარჩუნოთ ორგანოების ფუნქციები; თირკმლის სიმსივნეებისას შევინარჩუნოთ ორგანო, ხოლო სიმსივნური უჯრედები მოვაცილოთ; ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩარევა – შარდის ბუშტის კიბოს დროს ორგანოს სრული მოცილება და ახალი, ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა. ეს არის ურთულესი ოპერაცია, რომლის დროსაც პაციენტის ნაწლავის ფრაგმენტიდან ფორმირდება ახალი შარდის ბუშტი. საჭიროა ნახევარ მეტრზე მეტი ნაწლავის სეგმენტის გამოყენება, მისგან სფერული რეზერვუარის ფორმირება, თირკმელებიდან მომავალი სადინარების და საშარდე მილის შეერთება და სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა – და ეს სრულდება მუცლის ღრუში, ყოველგვარი განაკვეთის გარეშე.
ჩვენი გამოცდილება რობოტულ ქირურგიაში საინტერესოა მსოფლიოსთვისაც – მოხსენებები წარდგენილ იქნა ევროპის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე მადრიდში, მსოფლიო რობოტული ქირურგიის ასოციაციის კონგრესზე სტრასბურგში, ევროპის რობოტული უროლოგიის სექციის კონფერენციაზე ლონდონში, მსოფლიო უროლოგიური ონკოლოგიის ფედერაციის კონფერენციაზე ედინბურგში, ასევე ერევანში, ბაქოში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ამით საერთაშორისო საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ საქართველოში მსოფლიო დონის ქირურგია წარმატებით ხორციელდება.
ყველა ოპერაცია, რაც ამ ორ წელიწადში გავაკეთეთ, ჩატარდა პირველად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. თითოეული მათგანი მაღალი სირთულის ქირურგიულ ჩარევად მიიჩნევა.
თქვენ იყენებთ ჩინურ რობოტ ტოუმაის (Toumai), რა უპირატესობები აქვს მას? რამდენად არის დაზღვეული ის გადაცდომებისგან და როგორ უზრუნველყოფთ უსაფრთხოებას?
Toumai-ის რობოტული სისტემა 2025 წლის ერთ-ერთი ლიდერია ტელექირურგიის მიმართულებით. მისი დახმარებით შესრულებულია ოპერაციები რამდენიმე ათასი კილომეტრის დისტანციაზე, 5G-კავშირის გამოყენებით, რაც ტექნოლოგიის სანდოობასა და სტაბილურობას ადასტურებს.
მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა – ტაქტილური უკუკავშირია. სხვა რობოტული სისტემების შემთხვევაში ქირურგი ყოველთვის ვერ გრძნობს ქსოვილის წინააღმდეგობას, ხოლო ამ ტექნოლოგიას აქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც წინაღობას აღიქვამს. ქირურგი ხედავს და, ფაქტობრივად, „გრძნობს“ ქსოვილის სიმკვრივეს, რაც ოპერაციის სიზუსტესა და უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად ზრდის.
უსაფრთხოება უზრუნველყოფილია რამდენიმე დონეზე: ქირურგის სრული კონტროლი თითოეულ მოძრაობაზე; მოძრაობის სტაბილიზაცია და ხელის კანკალის გამორიცხვა; საოპერაციო პროტოკოლის მკაცრი დაცვა; წინაღობის აღქმა. რა თქმა უნდა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რობოტი დამოუკიდებლად არ მოქმედებს – ის არის ინსტრუმენტი, რომელიც ქირურგის შესაძლებლობებს აფართოებს და ადამიანურ ფაქტორს ამცირებს.
რა შეიცვალა პაციენტის გამოცდილებაში რეაბილიტაციის, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობისა და ცხოვრების ხარისხის კუთხით?
ცვლილება რადიკალურია. ოპერაციები, რომელთა შემდეგ ტრადიციულად ერთი-ორი თვე სჭირდებოდა სრულ რეაბილიტაციას, ახლა მხოლოდ რამდენიმე დღეს საჭიროებს. ხშირად პაციენტი სამ-შვიდ დღეში ბრუნდება სახლში. ზოგჯერ მეც მიკვირს, როცა ვიხსენებ, როგორ მიმდინარეობდა რეაბილიტაცია ღია ოპერაციების ან ლაპაროსკოპიის შემდეგ და როგორია ეს პროცესი ახლა.
მაგალითად, ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რთულ უროლოგიურ ჩარევად მიიჩნევა, მრავალსაათიანი ოპერაციაა. ღია მეთოდის შემთხვევაში რეაბილიტაციას შესაძლოა ორი თვე დასჭირდეს, ხოლო რობოტული ტექნოლოგიით პაციენტი მეორე დღეს უკვე ფეხზე დგას და ექვს-შვიდ დღეში კლინიკას ტოვებს. ტკივილი მინიმალურია, სისხლის დანაკარგი თითქმის არ არსებობს, გართულებების რისკი კი მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
ჯანდაცვის სფეროში ხშირად უჩივიან პაციენტების საზღვარგარეთ გადინების პრობლემას. როგორ ფიქრობთ, რა არის რეალურად ამის მიზეზი?
საზღვარგარეთ პაციენტების გადინების მთავარი ფაქტორი უნდობლობაა. უნდობლობის მიზეზი მრავალია – ზოგი ობიექტური, ზოგიც სუბიექტური. რობოტული ქირურგიის დანერგვით დავამტკიცეთ, რომ საქართველოში შესაძლებელია მსოფლიო დონის ქირურგია იყოს ხელმისაწვდომი, რადგანაც რობოტულ ქირურგიასთან არაკვალიფიციური და დაბალი რანგის ქირურგია შეუთავსებელია.
დღეს უნდობლობის მიზეზი აღარ არსებობს. გამოცდილება, ოპერაციების რაოდენობა, სირთულე და შედეგები, რომელთაც უკვე მსოფლიო იცნობს, ადასტურებს, რომ საქართველოში ჩატარებული რობოტული ოპერაციები სრულდება იმავე საერთაშორისო სტანდარტებითა და ტექნოლოგიით, რაც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, თუმცა ბევრად ხელმისაწვდომ ფასად თურქეთსა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით.
საზღვარგარეთ მსგავსი ოპერაციები ხშირად სამ-ოთხჯერ, ზოგ შემთხვევაში კი რვა-ცხრაჯერ უფრო ძვირია. ამას ემატება მგზავრობის, საცხოვრებლისა და უცხო გარემოში რეაბილიტაციის ხარჯები. რობოტული ტექნოლოგიის დანერგვამ შექმნა რეალური შესაძლებლობა, რომ პაციენტმა მსოფლიო დონის სერვისი საკუთარ ქვეყანაში მიიღოს.
რამდენად მაღალია უცხოეთიდან მომართვიანობა და რომელი ქვეყნებიდან იღებთ ძირითადად პაციენტებს?
საზღვარგარეთიდან დაინტერესება მუდმივად იზრდება. დღეს უცხოელი პაციენტების წილი დაახლოებით 10-15%-ს შეადგენს და ტენდენცია მზარდია. პაციენტები ჩამოდიან მეზობელი ქვეყნებიდან – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ასევე ნიდერლანდებიდან და აშშ-დანაც კი. ეს უკვე ახალი ეტაპია. საქართველო თვითონ ხდება ე.წ. სამედიცინო ტურიზმის მიზიდულობის ცენტრი.
რობოტული ქირურგია ძვირადღირებული ტექნოლოგიაა, თქვენი შეფასებით, რა აბალანსებს ამას? როგორი შეიძლება იყოს ტექნოლოგიის ეკონომიკური ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში?
მართალია, რობოტული ქირურგიის დანერგვა ძვირია, ამასთან ტრადიციული და რობოტული ოპერაციების ღირებულებაც განსხვავებულია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ის შეიძლება ეკონომიკურად გამართლებული იყოს. ის ამცირებს ხანგრძლივი მკურნალობისა და ძვირადღირებული მედიკამენტური თერაპიის საჭიროებას, გართულებების დაბალი მაჩვენებელი ამცირებს დამატებით ხარჯებს, ხოლო დაჩქარებული რეაბილიტაცია პაციენტს შრომისუნარიანობის სწრაფად აღდგენაში ეხმარება. თუ საკითხს სისტემურად შევხედავთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რობოტული ქირურგია არა ხარჯის ზრდას, არამედ ოპტიმიზაციას იწვევს.
ბოლოს, სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ.
ჩვენი მთავარი მიზანია, განვითარება არ შეჩერდეს. სამედიცინო ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება – ხელოვნური ინტელექტი უკვე აქტიურად ერთვება როგორც დიაგნოსტიკაში, ისე ქირურგიაში. რობოტიზაცია ფართოვდება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ამ პროცესს ფეხი აუწყოს. ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოებას და რობოტული ქირურგიის განვითარებას როგორც ჩვენს სფეროში, უროლოგიაში, ისე სხვა პროფილითაც.
S












