როგორ გამდიდრდა Apple-ი?

Apple2

კომპანია Apple-ის საბაზრო ღირებულება 4 ტრილიონი დოლარია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ NVIDIA-სა და Alphabet-ს („გუგლი“) ჩამორჩება. Apple-ი პირველი კომპანია იყო, რომლის ღირებულებამაც ერთ ტრილიონ დოლარს მიაღწია (2018 წელს). 2025 წელს Apple-ის შემოსავალი 426 მილიარდი დოლარი იყო, მოგებამ კი 112 მილიარდი დოლარი შეადგინა. ის ამ მაჩვენებლებით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. კომპანიის აქტივები 359 მილიარდი დოლარია, დასაქმებული ჰყავს 166 ათასი ადამიანი.

კომპანია Apple-ი 1976 წლის პირველ აპრილს დააარსეს 21 წლის სტივ ჯობსმა, 25 წლის სტივ ვოზნიაკმა და 42 წლის რონალდ უეინმა. თუმცა 1977 წელს უეინმა თავისი წილი ვოზნიაკს მიჰყიდა. ვოზნიაკი და უეინი განათლებით ინჟინრები იყვნენ, სტივ ჯობსს კი უმაღლესი განათლება არ მიუღია, უნივერსიტეტში სწავლა პირველივე წელს შეწყვიტა.

კომპანიამ მუშაობა მცირე ზომის ავტოფარეხში დაიწყო. პირველი პროდუქტი კომპიუტერი „Apple 1“ იყო, რომელიც წარმატებით გაიყიდა. ის ვოზნიაკმა და ჯობსმა თავის ხელით ააწყვეს. თუმცა ეს არ იყო სრულყოფილი პერსონალური კომპიუტერი, რეალურად პროცესორი იყო.

1977 წელს კომპანიის შემოსავალი უკვე 775 ათასი დოლარი იყო, 1980 წელს კი – 118 მლნ დოლარი. Apple-ი საჯარო კომპანია 1980 წელს გახდა, ანუ საფონდო ბირჟაზე 100 მლნ დოლარის აქციები გაყიდა.

1984 წელს Apple-მა სრულყოფილი პერსონალური კომპიუტერის – „მაკინტოშის“ წარმოება დაიწყო და საკმაოდ მასშტაბური სატელევიზიო სარეკლამო კამპანია აწარმოვა. სარეკლამო რგოლს, რომლის რეჟისორი რიდლი სკოტი იყო, „1984“ ერქვა, რაც ჯორჯ ორუელის ცნობილ რომანთან იყო კავშირში. სარეკლამო რგოლის იდეა იყო, რომ 1984 წელი არ იქნება ორუელის „1984“ წლის მსგავსი, რადგან „მაკინტოში“ გამოდის.

თავიდან ახალი კომპიუტერი კარგად გაიყიდა, მაგრამ მაღალი ფასის გამო გაყიდვები მალევე შემცირდა. ურთიერთობა დაიძაბა სტივ ჯობსსა  და კომპანიის მმართველ (CEO) ჯონ სკალის შორის. 1985 წელს დირექტორთა საბჭომ სტივ ჯობსი კომპანიის მმართველობას ჩამოაშორა, ის მხოლოდ აქციონერად დარჩა. ჯობსმა Apple-ი ყოფილ თანამშრომლებთან ერთად კომპიუტერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ახალი კომპანია „ნექსთი“ დააარსა.

1985-1997 წლებში Apple-ს ჰქონდა როგორც წარმატებული პროექტები, ისე – წარუმატებელი. 1993 წელს აღმასრულებელი დირექტორი სკალი მაიკლ სპინდლერმა ჩაანაცვლა. IBM-ის მხრიდან გაზრდილი კონკურენციის გამო Apple-ს საქმე გაურთულდა და ამიტომ სტივ ჯობსის კომპანია „ნექსთი“ შეიძინა მისი ოპერაციული სისტემის გამოსაყენებლად. ამ გარიგების შედეგად, 1997 წელს ჯობსი Apple-ში აღმასრულებელ დირექტორად დაბრუნდა და ეს თანამდებობა 2011 წლის იანვრამდე ეკავა. ამავე წლის ოქტომბერში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ნექსთის“ შესყიდვამ და სტივ ჯობსის დაბრუნებამ Apple-ი გაკოტრებას გადაარჩინა. ჯობსმა პროდუქტები გაამარტივა და ხარჯები შეამცირა. 150 მლნ დოლარის ინვესტიცია Microsoft-ისგან მოიზიდა.

1998 წელს კომპანიამ პირველი iMac გამოუშვა, რომელიც წარმატებით გაიყიდა. 2001 წელს გამოვიდა Apple-ის ინოვაციური პროდუქტი iPod-ი. 2003 წელს შეიქმნა iTunes Store-ი. 2006 წელს „ინტელთან“ თანამშრომლობით გამოდის  MacBook Pro.

2003-2006 წლებში Apple-ის ერთი აქციის ფასი 6 დოლარიდან 80 დოლარამდე გაიზარდა.

2007 წელი კომპანია Apple-ისთვის ახალი დიდი ერის დასაწყისი იყო, რადგან ამ წელს გამოუშვა პირველი iPhone-ი და შეიქმნა Apple TV. გაყიდვაში გამოსვლიდან 30 საათში 270 ათასი iPhone-ი გაიყიდა. 2010 წელს გამოუშვა iPad-ი.

2010 წლის ოქტომბერში კომპანიის ერთი აქცია უკვე 300 დოლარი ღირდა.

2011 წელს Apple-ის შემოსავალმა 108 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჯობსის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის მმართველად ტიმ კუკი დაინიშნა.

წარმატება, ფაქტობრივად, უწყვეტად გაგრძელდა. კომპანია ქმნიდა ახალ პროდუქტებს და აუმჯობესებდა არსებულებს. ჰყავს მსოფლიოში საუკეთესო ტექნიკის დიზაინერთა ჯგუფი. 2012 წელს კომპანიის ღირებულებამ 624 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2014 წელს გამოვიდა Apple-ის საათი. 2016-2019 წლებში განვითარდა Apple Music-ი და iCloud-ი.

2013-2018 წლებში Apple-ი 6-ჯერ დასახელდა წლის საუკეთესო ბრენდად.

2020 წელს Apple-მა „ინტელის“ პროცესორები საკუთარით, „ეპლ სილიკონით“ ჩაანაცვლა. 2024 წლიდან კომპანიის მთავარი მიზანი ხელოვნური ინტელექტის (Apple Intelligence-ი) ფართოდ დანერგვა და გამოყენება გახდა.

2026 წლის 20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დატოვებს ტიმ კუკი და მას ჯონ ტერნუსი ჩაანაცვლებს, რომელიც 2021 წლიდან აღმასრულებელი გუნდის წევრია. როდესაც ტიმ კუკი ჩაუდგა კომპანიას სათავეში, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონი დოლარიც არ იყო და კუკი კომპანიას 4 ტრილიონ დოლარამდე გაზრდილს ტოვებს.

Apple-ი თავისი ტექნიკის საწარმოებლად კომპონენტებს 40-ზე მეტი ქვეყნისგან იღებს, მაგრამ მთავარი საწარმოები, სადაც საბოლოო პროდუქტის აწყობა ხდება, ჩინეთში, ინდოეთსა და ვიეტნამში აქვს.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა