ორი ათწლეულია, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გოჩა ბაკურაძე ხელმძღვანელობს. გენერალური დირექტორის პოსტზე მას არაერთ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება – დაწყებული ბენეფიციარებისთვის ელემენტარული პირობების, მათ შორის სათანადო კვებისა და მოვლის პრობლემებით, დასრულებული მოძველებული ინფრასტრუქტურით. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ცენტრში საცხოვრებელი და სამკურნალო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდა. გოჩა ბაკურაძე შედეგებზე, დარჩენილ გამოწვევებსა და განვითარებაზე ორიენტირებულ კურსზე გვესაუბრა.
ავტორი: იზა გვარამაძე
ბატონო გოჩა, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 20 წელია, ხელმძღვანელობთ. რა გამოწვევები შეგხვდათ საწყის ეტაპზე?
დღეს, როგორც არასდროს, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმთავრესი პრიორიტეტია, ამასთან დიდი გამოწვევაა, რომელსაც ერთად უნდა გავუმკლავდეთ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ამ მიმართულებით განვითარების გზაზე ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი ინიციატორია, რომელიც ყოველდღიურად ეძებს ახალ იდეებსა და ახალ სივრცეებს აქტიური ინტერაქციისთვის.
ამ დაწესებულებას სათავეში 2006 წელს ჩავუდექი. ვისაც ახსოვს, რა მდგომარეობაში იყო იმდროინდელი ფსიქიატრია, ეცოდინება, თუ რამდენი გამოწვევა არსებობდა დარგში – მათ შორის, სათანადო კვების პრობლემაც კი, საიდანაც, წესით, არა მარტო პაციენტზე/ბენეფიციარზე, არამედ, ზოგადად, ადამიანზე ზრუნვა იწყება. როდესაც ცენტრის გენერალურ დირექტორად დავინიშნე, პირველ რიგში, სწორედ ეს საკითხები მოვაგვარეთ. ამის შემდეგ კი ეტაპობრივად დავიწყეთ პაციენტებისთვის ღირსეული გარემოს შექმნა. თუმცა, ცხადი იყო, დაწესებულება საკუთარი რესურსებით, გარე ინვესტიციების გარეშე, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ განახლებას და სწრაფ განვითარებას ვერ შეძლებდა.
რა შეიცვალა თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში? რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად?
2015 წლის ოქტომბერში სახელმწიფომ პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და მიღწეულმა შედეგმა აჩვენა, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. დღეს ამას აღიარებს თითქმის ყველა კომპეტენტური ორგანიზაცია, მათ შორის CPT. სწორედ პრივატიზაციის შემდეგ გადავდგით ძირეული ცვლილებებისკენ პირველი ნაბიჯები და სისტემური განვითარება დავიწყეთ. უკვე დაწყებული პროცესი წარმატებით გავაგრძელეთ. „ქართუ ბანკის“ ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდა სოლიდური ინვესტიცია და საბოლოოდ მივიღეთ ის, რასაც დღეს ხედავთ – სრულად განახლებული დაწესებულება.
გამოცდილების გაზიარების მიზნით, ევროპის არაერთ ქვეყანაში ვიმოგზაურე, გავეცანი მათი ინფრასტრუქტურის განვითარების მოდელს და პრაქტიკას – როგორც ოფიციალური, ისე პირადი კონტაქტების მეშვეობით. მათგან მიღებული გამოცდილება ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას, არსებულ რეალობას მოვარგეთ.
შედეგად, ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად და ქვეყანაში არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განხორციელდა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესები და ქალაქ სენაკში, თანამედროვე მოთხოვნებზე პასუხად, მოხდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ბენეფიციარებისთვის საცხოვრისების შექმნა და ღირსეული გარემოს უზრუნველყოფა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში წარმატებით დაწყებული რეფორმები გახდა იმის საფუძველი, რომ აჭარის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს ბაზაზე შექმნილიყო მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება. ქალბატონ ეკა ზოიძესათან ერთად, ჩვენ 2018 წელს დავაფუძნეთ ბათუმის სამედიცინო ცენტრი (BMC), რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული კლინიკაა.
წლების განმავლობაში ცენტრი საერთაშორისო მონიტორინგის სამსახურების ადრესატი იყო. ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში განხორციელდა მასშტაბური რეაბილიტაცია და საცხოვრებელი პირობები ზოგადად გაუმჯობესებულია, თუმცა კომიტეტმა ასევე გაუსვა ხაზი სისტემურ გამოწვევებს – მათ შორის პაციენტების უფლებრივი გარანტიების, პერსონალის რესურსებისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამების გაძლიერების საჭიროებას. რა ნაბიჯები იდგმება დღეს ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად?
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყველა ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებელია. ცენტრი ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში თავშესაფრით უზრუნველყოფს როგორც სათემო, ასევე სტაციონარულ და ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირებს. კლინიკაში ფუნქციონირებს უახლესი აპარატურით გამართული ლაბორატორია კლინიკური, ბიოქიმიური, სეროლოგიური, მოლეკულური და იმუნოლოგიური კვლევებისთვის. ფუნქციონირებს რენტგენოლოგიური კაბინეტი. სტაციონარი შედგება 15 სამკურნალო განყოფილებისგან.
ცენტრი სრულად აკმაყოფილებს მთვრობის 385-ე დადგენილებით სტაციონარულ სტანდარტებს, ინფრასტრუქტურულად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით: ყველა პალატაშია სანიტარული კვანძი, პალატები აღჭურვილია სავენტილაციო და გათბობა-გაგრილების სისტემებით, არამსხვრევადი ფანჯრებით.
კლინიკას აქვს სასტუმრო პაციენტის ოჯახის წევრებთან ხანგრძლივი შეხვედრებისთვის, ერთგვარი ოჯახური თერაპიული გარემოს შესაქმენლად, მაღალი სტანდარტის სააქტო და საკონფერენციო დარბაზები, გალერეა ჩვენი პაციენტების/ბენეფიციარების ნამუშევრების მუდმივი გამოფენით.
ჩვენი მთავარი სტრატეგია – სტიგმის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მოძრაობის გააქტიურება – ეხმიანება საერთაშორისო სამართლისა და სამედიცინო ეთიკის მთავარ ნორმას, რასაც ადამიანის ღირსება და ღირსეული ჯანდაცვა ჰქვია.
რა თქმა უნდა, ყველა გამოწვევას ერთ დღეში ვერ გაუმკლავდები, განვითარება ხანგძლივი პროცესია. გარდა ამისა, გარემო მუდმივად იცვლება და თავს იჩენს ახალი გამოწვევები. ჩვენ ყოველთვის გულისყურით ვეცნობით მონიტორინგის სამსახურების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და მათ შესრულებაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ, რაც განვითარების გზაზე ძალიან გვეხმარება. პროგრესი აშკარაა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მათგან უფრო და უფრო კარგ შეფასებებს ვიღებთ.
უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რა პროგრამები მოქმედებს პაციენტთა რეაბილიტაციის მიმართულებით – პროფესიული მომზადება, თერაპიული აქტივობები, სოციალური უნარების განვითარება?
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დანერგილ სარეაბილიტაციო ინტერვენციებსა და დღიურ აქტივობებს შორისაა: ღია ჯგუფური (ვერბალური) თერაპია, თვითდახმარების ჯგუფებში პაციენტთა ჩართვა, სოციალურ-კომპეტენტურობის ტრენინგი, ინტეგრირებული ფსიქოლოგიური თერაპიული პროგრამა (IPT), სოციალურად დამოუკიდებელ უნარ-ჩვევათა პროგრამა (SILS), ფსიქოგანათლება და დაავადების მართვა, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT), ხელოვნებითი თერაპია, სინემა-კინო თერაპია, შრომითი/ერგო თერაპია, ოჯახური ფსიქოთერაპია, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP), გეშტალტთერაპია, კულტურული აქტივობები (გასვლითი და ადგილობრივი კულტურულ ღონისძიებები), ექსკურსიები, სპორტული აქტივობა (კალათბურთი, ფეხბურთი, ნარდი, ჭადრაკი), ბიბლიოთერაპია.
ბენეფიციარის სოციალიზაციის გაუმჯობესების მიზნით, ცენტრი ძირითადად იყენებს სოციალური უნარ-ჩვევების შეფასების კითხვარს და სოციალური ფუნქციონირების გლობალური შეფასების შკალას.
დაწესებულების პაციენტთა საჭიროებათა მრავალგვარობიდან გამომდინარე, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ყველა ინტერვენცია და დღის აქტივობების განვითარება, თითქმის თანაბრად მნიშვნელოვანია. ამიტომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და მენტალური პრობლემების მქონე ბენეფიციარების საცხოვრისებში (სენაკში) ყველა პირობაა შექმნილი ამ პროცესების სრულფასოვნად მართვისთვის: გარემო, ინვენტარი, ადამიანური რესურსი და ასე შემდეგ.
რა ღონისძიებები ტარდება პერსონალის გაძლიერების კუთხით? თუ არსებობს კადრების დეფიციტი ამ სფეროში და როგორ უმკლავდებით აღნიშნულ გამოწვევას?
აქ მოსვლის პირველი დღეებიდანვე მივხვდი, რომ კადრების დეფიციტი ჩემი მთავარი გამოწვევა იყო, როგორც ხელმძღვანელის. სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მხრიდან, ფსიქიატრიის დარგის მიმართ ინტერესი დღემდე დაბალია. ვცადე, ბევრნაირი შეთავაზება, უკეთესი პირობებით, პროფესიული პერსპექტივით, თუმცა ამ პროფესიის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი არჩევანს მაინც თბილისზე აკეთებდა. ეს პრობლემა დღემდე დაუძლეველია, რაც რეგიონებისა და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საერთო განვითარებისთვისაც შემაფერხებელია.
ამ რეალობიდან გამომდინარე, დავიწყე აქტიური ზრუნვა რეზიდენტების კვოტის გაზრდაზე და მადლიერებით მინდა ავღნიშნო, რომ მხოლოდ ჯანდაცვის ამჟამინდელმა სამინისტრომ რელევანტურად მიიჩნია კონკრეტული მოსაზრება და შეცვალა მიდგომა: კერძოდ, ექიმ-რეზიდენტთა ადგილების რაოდენობა გაზარდა.
ახალგაზრდები უფრო რომ დაგვეინტერესებინა და რეგიონში მოგვეზიდა, მე პირადად მივიღე არასტანდარტული გადაწყვეტილება, ჩემს დაწესებულებაში მყოფი ყველა რეზიდენტი პარალელურად უმცროს ექიმად დამესაქმებინა, რაც მათთვის ანაზღაურებადია. ყველა ამ გადაწყვეტილებამ მოიტანა ის, რომ ახალგაზრდები მეტად მოტივირებულები არიან, დიდი ინტერესით ერთვებიან პრაქტიკულ სწავლება/სემინარებში და აქტიურად მონაწილებობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობის პარალელურად, თქვენ სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებთ – ამ ინიციატივების შესახებაც გვიამბეთ.
როცა წლების წინ, მაყურებლის წინაშე სცენაზე პირველად გამოვიყვანეთ ჩვენი ბენეფიციარები მესხიშვილის, ქუთაისის ოპერის, ბათუმის საზაფხულო თეატრებში, ბევრი სკეპტიკურად გვიყურებდა. იმ დროისთვის არსებული სტიგმის პირობებში, ეს დიდ გამბედაობას მოითხოვდა. თუმცა სიტყვითაც და ქმედებითაც ვამტკიცებდით, რომ ამ სტიგმის არსებობა უსაფუძვლო იყო და ის ყველას ერთად უნდა დაგვემარცხებინა. ამ გზისთვის დღემდე არ გვიღალატია და მჯერა, გამარჯვებამდეც ერთად მივალთ. „გამარჯვებაში“ საზოგადო ცნობიერების ამაღლებას და ემპათიის გააზრებულ ხარისხს ვგულისხმობ. ამისთვის კი ფსიქოგანათლებაა აუცილებელი.
ამ საქმეში ლიდერები აღმოვჩნდით და რეგიონში პირველებმა დავიწყეთ სკოლებში უფასო საგანმანათლებლო კურსი ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების სპიკერობით. თითქმის არ დარჩა საჯარო სკოლა ქუთაისსა და ხონის მუნიციპალიტეტში, სადაც არ ვყოფილვართ. მივიჩნევ, რომ ეს ინიციატივა, რომლის ავტორიც თავადვე გახლავართ, მეტი ინტენსივობით უნდა ხორციელდებოდეს, რადგან დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მოზარდების ცხოვრებაში ათასგვარი ფობიები, მანიები, კონფლიქტები, დაურეგულირებელი თემები ჩნდება. ამ პრობლემების სათავეს წარმოადგენს ისიც, რომ ბევრი ოჯახი ემიგრაციაში ცხოვრობს. ამიტომ, გარდატეხის ასაკში იქნება თუ პრეპუბერტატულ პერიოდში, ბავშვებს დედ-მამის გარეშე უწევთ ყოფნა, რაც მათ ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, რადგან მათ, ეს ყოველივე, რეალურად ეხმარება.
ყველაფერი საბოლოოდ ქვეყნის განვითარებას უკავშირდება და ვფიქრობ, ყველა ვალდებულია, ამაში წვლილი შეიტანოს. ცხადია, ყველა გამოწვევას ერთი ადამიანი ვერ გაუმკლავდება და ეს არც რეალურია. თუმცა არსებობს სფეროები, სადაც კონკრეტული გავლენის მოხდენა შესაძლებელია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი შესაძლებლობები მომავალი თაობის აღზრდისა და განვითარებისკენ მიმემართა.
ამ იდეით ხონის საჯარო სკოლებში საავტორო პროექტი დავიწყე: 2022 წლის პირველკლასელებს (სულ 287 ბავშვს) საჩუქრად გადავეცი სახელმძღვანელოები და დავნერგე სტიპენდიის ინიციატივა – ყოველწლიურად, რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული ოლიმპიადების საუკეთესო 10 მოსწავლე სასწავლო წლის მანძილზე, ყოველ თვეში, სტიპენდიას იღებს. დღეს ეს ბავშვები უკვე მეხუთე კლასში გადადიან, ხოლო მათი ყოველწლიური დაჯილდოება ჩვენს კლინიკაში, მშობლებისა და პედაგოგების თანდასწრებით, სასიამოვნო ტრადიციად ჩამოყალიბდა.
მე ქუთაისელი ვარ – აქ დავამთავრე სკოლა, ტექნიკური უნივერსიტეტი. ამ ქალაქს უკავშირდება ჩემი ბიოგრაფია და ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ამიტომ ვცდილობ, ქუთაისისთვისაც სასარგებლო და საინტერესო ინიციატივები განვახორციელო. სწორედ ამ მიზნით, ქუთაისის #30 საჯარო სკოლაში გავხსენი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ქართული ენისა და ლიტერატურის სამუზეუმო საკლასო ოთახი, რომელსაც სკოლამ ჩემი დედის – პედაგოგ ანიკო (მადონა) ბოჭორიშვილის სახელი მიანიჭა. ასევე, ყოველწლიურად სპეციალური პრემიით ვაჯილდოებ ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო პედაგოგს.
გარდა ამისა, დავაფუძნე საქველმოქმედო ორგანიზაცია „დღეს მომავლისათვის“, რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „N-ოვაცია“-ში გამარჯვებულ სასკოლო დასებს, საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის რეგიონული კავშირის ჟურნალ „უქიმერიონის“ გამოცემას და ახალგაზრდა შემოქმედთა წახალისებისთვის დავაარსე ენდი ნემსიწვერიძის პრემია.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მივიღე, რომელიც პირველად საჯაროდ ჟღერდება და შეეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (ხონი) და შშმ პირთა თავშესაფრის (სენაკი) 800-მდე თანამშრომელს: დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობის მიზნით, სამი და მეტი შვილის მშობლებს ყოველთვიურად თითოეულ არასრულწლოვანზე 100 ლარი მიეცემათ; თითოეული შვილის შეძენისას – ერთჯერადად 1000 ლარი; დაოჯახების შემთხვევაში – 1000 ლარი; ხოლო თუ წყვილი ორივე ჩვენი თანამშრომელია, ისინი 1000-1000 ლარს მიიღებენ. ამის პრეცედენტი უკვე არსებობს.
მწამს, რომ კეთილი საქმე გადამდებია – ვიღაცისთვის მაგალითი გავხდებით, ვიღაცას კიდევ უკეთესი იდეა გაუჩნდება. ასე ვუახლოვდებით მთავარ მიზანს: ურთიერთმხარდაჭერას, თანაგრძნობას და ერთმანეთის გვერდით დგომას ძლიერი საქართველოსთვის.
ბოლოს, კვლავ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დავუბრუნდეთ –როგორია კლინიკის გრძელვადიანი სტრატეგია? რა მიმართულებით ხედავთ ცენტრის განვითარებას უახლოეს წლებში?
როგორიც იქნება ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა ამ დარგის განვითარების მიმართულებით. ჩვენი გუნდი მზადაა თანამშრომლობისთვის, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განაგრძობს მის მიერ აღებულ კურსს და სხვებისთვის მოწოდებას – „ჩვენ ვაღიარებთ განსხვავებულს, აღიარეთ თქვენც!“
S









