აპრილში ფულადი გზავნილები 7.6%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

აპრილში ფულადი გზავნილები 7.6%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 318.06 მილიონი აშშ დოლარი (857.3 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 7.6%-ით (22.5 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთო ჯამში 141.52 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანის გზავნილების 44.49%-ია. წლიურმა ზრდამ 6.79% შეადგინა.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, აპრილში ფულადი გზავნილებით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. კერძოდ, გასულ თვეში აშშ-დან საქართველოში 58.30 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. მაჩვენებელი წლიურად 7.98%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე იტალიაა 53.43 მილიონი აშშ დოლარით. წლიურ ჭრილში ამ ქვეყნიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 6.39%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც აპრილში 42.06 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ამ შემთხვევაში წლიურად 5.49%-იანი ზრდა აღინიშნა.

2026 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.2 მილიონი აშშ დოლარი (94.9 მილიონი ლარი) გადაირიცხა, რაც 2025 წლის ამავე თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2%-ით მეტია.