ფოტო: Sumit Dayal/Bloomberg
Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი (DOJ) ინდოელი მილიარდერის, გაუტამ ადანის წინააღმდეგ ბრალდების მოხსნასთან ახლოსაა. გამოცემის ცნობით, შესაძლოა ბიზნესმენს ბრალი მიმდინარე კვირაში მოეხსნას. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიამ გაუტამის წინააღმდეგ არსებული სამოქალაქო დავაც გადაწყვიტოს.
ადანის, რომელიც ინდოეთში დაფუძნებული Adani Group-ის თავმჯდომარეა, ბრალი 2024 წლის ნოემბერში $250 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების სქემაში მონაწილეობისთვის წაუყენეს, რომლის ფარგლებშიც მან და სხვა აღმასრულებლებმა მზის ენერგიის მიწოდების კონტრაქტების მისაღებად, სავარაუდოდ, ინდოეთის მთავრობის წევრები მოისყიდეს და შემდეგ ამ კონტრაქტებისთვის დაფინანსება მიიღეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, მათ ქრთამის სქემა ამერიკელი და საერთაშორისო ინვესტორებისგან დამალეს.
ადანიმ და მისმა თანააღმასრულებლებმა ბრალდებები უარყვეს და SEC-ის საჩივრის გაუქმება მოითხოვეს, სადაც ბრალდების მხარე ანალოგიურად ამტკიცებს, რომ ადანიმ ინდოეთის მთავრობის წარმომადგენლები მზის ენერგიის კონტრაქტების მიღების სანაცვლოდ მოისყიდა.
The New York Times-ის ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალდებების მოხსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადანიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირადი ადვოკატი, რობერტ ჯუფრა დაიქირავა და აპრილში DOJ-სთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ადანის ადვოკატებმა DOJ-ს ბრალდებების მოხსნის შემთხვევაში აშშ-ის ეკონომიკაში $10 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიიცის განხორციელება და 15 000 სამუშაო ადგილის შექმნა შესთავაზეს.
გაუტამ ადანი ინდოეთში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონების ღირებულება ამჟამად $82 მილიარდს შეადგენს.
Bloomberg-ი აღნიშნავს, DOJ-სთან შეთანხმების შემდეგ ადანი ფულად ჯარიმას გადაიხდის, თუმცა სისხლის სამართლებრივი ბრალის მოხსნა ნიშნავს, რომ ის ამ საქმეში ყველა სასჯელს აიცილებს თავიდან.













