ფოტო: deccanherald.com
ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირეს. რეფერენდუმში მონაწილეთა 52.8%-მა მოლაპარაკებების გაგრძელების წინააღმდეგ მისცა ხმა, 47.2%-მა კი პროცესის განახლება აირჩია. ამით ქვეყანა, სულ მცირე, უახლოეს მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აღარ დაუბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმი უშუალოდ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს არ ეხებოდა: მოქალაქეებს უნდა გადაეწყვიტათ, განახლებულიყო თუ არა 2015 წელს ოფიციალურად შეჩერებული მოლაპარაკებები. იმ დროისთვის ისლანდიას გაწევრიანების პროცესში მოლაპარაკების 11 თავი უკვე დახურული ჰქონდა და, ევროკავშირის პერსპექტივიდან, ერთ-ერთ ყველაზე მომზადებულ კანდიდატად მიიჩნეოდა.
საბოლოოდ, ისლანდიელებმა არსებული მდგომარეობის შენარჩუნება არჩიეს. თუმცა, წევრობის გარეშეც, ქვეყანა ევროკავშირთან უკვე მჭიდროდ ურთიერთობს: ის ევროპის ეკონომიკურ ზონაშია და ერთიან ბაზართან არის ინტეგრირებული.
უარის მთავარი მიზეზი – თევზჭერა
რეფერენდუმის შედეგის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, როგორც დასავლური მედია წერს, თევზჭერა აღმოჩნდა.
თევზჭერას ისლანდიის ეკონომიკასა და ეროვნულ იდენტობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. Euronews-ის თანახმად, სექტორი ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 8%-ს (2024 წლის მონაცემი) და ექსპორტის თითქმის 40%-ს შეადგენს. ამიტომ, როგორც გამოცემა განმარტავს, თევზჭერის რესურსებზე კონტროლის შენარჩუნება ქვეყნისთვის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის, ის სუვერენიტეტის ნაწილადაც აღიქმება.
ამ დამოკიდებულებას ისტორიული საფუძველიც აქვს. 1958-1976 წლებში ისლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ე.წ. „ვირთევზას ომები“ მიმდინარეობდა. ეს იყო კონფლიქტების სერია, რომელიც ისლანდიის თევზჭერის ზონის გაფართოებას უკავშირდებოდა. საბოლოოდ, ისლანდიამ საკუთარი პოზიციის შენარჩუნება შეძლო.
ბლოკში გაწევრიანება კი ქვეყანას ევროკავშირის მეთევზეობის საერთო პოლიტიკის ფარგლებში მოაქცევდა. ეს სისტემა განსაზღვრავს, ვინ, სად, როდის და რა რაოდენობის თევზის დაჭერას შეძლებს. ისლანდიელების ნაწილი შიშობდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყანას საკუთარ საზღვაო რესურსებზე კონტროლის ნაწილის დათმობა მოუწევდა.
Politico-ს მიხედვით, სწორედ ეს საკითხი იყო „არა“-ს კამპანიის მთავარი იარაღი. კამპანია რეფერენდუმში მონაწილეებს აფრთხილებდა, რომ წევრობის შემთხვევაში ისლანდია თევზჭერის კვოტებზე კონტროლს დაკარგავდა და უცხოურ კომპანიებს ქვეყნის წყლებში საქმიანობის მეტი შესაძლებლობა მიეცემოდათ.
ისლანდიელთა განწყობა ევროკავშირის მხრიდან შესაძლო კომპრომისის შეთავაზებამაც ვერ შეცვალა. ისლანდიის მთავრობა აცხადებდა, რომ ბრიუსელს ქვეყნის თევზჭერის სისტემაზე „სრული უფლებამოსილების“ მოთხოვნით მიმართავდა, ევროკომისიამ კი მოლაპარაკებებში „კრეატიული“ გადაწყვეტილებების ძიებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა, საბოლოოდ, ეს გარანტიები საკმარისი არ აღმოჩნდა.
სუვერენიტეტის საკითხი
თევზჭერასთან ერთად, „არა“-ს კამპანიის მეორე მნიშვნელოვანი თემა სუვერენიტეტი იყო. როგორც Politico წერს, კამპანია ეფუძნებოდა იდეას, რომ ბრიუსელთან ძალაუფლების გაზიარება ქვეყანას გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაში შეზღუდავდა. ამომრჩეველთა ნაწილისთვის კი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ კონკრეტულად თევზჭერის პოლიტიკაზე კონტროლის შენარჩუნება, არამედ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობაც.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ისლანდია პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა. Freedom House-ის გლობალური თავისუფლების 2026 წლის რეიტინგში ქვეყანას 100-დან 95 ქულა აქვს, მათ შორის პოლიტიკურ უფლებებში 40-დან 38, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებებში კი 60-დან 57.
შესაბამისად, „არა“-ს კამპანიის მომხრეთა გადაწყვეტილება შეიძლება განვიხილოთ, როგორც არსებული პოლიტიკური და გადაწყვეტილების მიღების სისტემის შენარჩუნების სურვილი.
ზემოხსენებულ არგუმენტს განსაკუთრებით ძლიერი გამოხმაურება ისლანდიის რეგიონებში მოჰყვა. ამას ადასტურებს, რომ მოლაპარაკებების განახლებას ექვსი საარჩევნო ოლქიდან მხოლოდ ორმა დაუჭირა მხარი, თანაც ორივემ რეიკიავიკში. დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში „კი“-მ 54.5% მიიღო, ჩრდილოეთში კი 57.5%.
ამის საპირისპიროდ, ჩრდილო-დასავლეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთის ოლქებში „არა“-ს მხარდაჭერამ 60%-ს გადააჭარბა. სამხრეთ-დასავლეთის ოლქში, რომელიც რეიკიავიკს აკრავს გარს, შედეგი 47% „კი“ და 53% „არა“ იყო.
ამგვარად, რეფერენდუმმა მკაფიო ურბანულ-რეგიონული განსხვავებაც აჩვენა: ევროკავშირთან ინტეგრაციის იდეას უფრო მეტად დედაქალაქის მოსახლეობა უჭერდა მხარს, მაშინ როცა სოფლისა და სანაპირო რეგიონებში, სადაც თევზჭერას უფრო დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, წინააღმდეგობა გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა.
ევროკავშირში გაწევრიანების სარგებელი ამომრჩევლისთვის საკმარისად მიმზიდველი არ აღმოჩნდა
ისლანდია ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრია, რაც მას, ნორვეგიასთან და ლიხტენშტაინთან ერთად, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ფართო და შეუფერხებელ წვდომას აძლევს. თუმცა ამ შეთანხმებიდან გამონაკლისია, მათ შორის, თევზჭერა და სოფლის მეურნეობა – სწორედ ის სფეროები, რომლებიც ისლანდიის ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ევროკავშირთან ინტეგრაცია ამით არ შემოიფარგლება. ისლანდია შენგენის ზონის, ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემის (ETS) და ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამების მონაწილეა, როგორიცაა Erasmus+-ი და Horizon Europe-ი. ამასთან, ერთიან ბაზარზე წვდომისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ქვეყანას ევროკავშირის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიღება უწევს. Euronews-ის მიხედვით, ისლანდიამ დაახლოებით 9,000 ევროპული საკანონმდებლო აქტის იმპლემენტაცია მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში, სადაც ამ წესების მიღება ხდება, ხმის მიცემის უფლება არ აქვს.
ისლანდია ასევე მჭიდროდ არის დაახლოებული ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ქვეყანა NATO-სა და ევროპის საბჭოს წევრია და უკრაინის მხარდაჭერის კოალიციაშიც – Coalition of the Willing – მონაწილეობს.
თუმცა, ამის მიუხედავად, „კი“-ს კამპანია ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მართალია, ისლანდია ევროკავშირთან ისედაც მჭიდროდ არის დაკავშირებული, მაგრამ ამ ურთიერთობისას გადაწყვეტილებების მიღებაში სრულად არ მონაწილეობს.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის განახლების ხარდამჭერები ასევე საუბრობდნენ ევროს შესაძლო სარგებელზე, მათ შორის ცხოვრების მაღალი ღირებულების შემცირების შესაძლებლობაზე. თუმცა Politico-ს მიხედვით, ეს არგუმენტები „არა“-ს კამპანიის მიერ წამოწეულ თევზჭერისა და სუვერენიტეტის საკითხებს კონკურენციას ვერ უწევდა.
მთავრობის მიერ ხაზგასმული გეოპოლიტიკური არგუმენტიც – რომ ევროკავშირთან დაახლოებას უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებითი მნიშვნელობა ექნებოდა – რეფერენდუმის კამპანიის ცენტრალურ თემად ვერ იქცა.
ამის გარდა, როგორც ისლანდიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი მაქსიმილიან კონრადი აღნიშნავს, „არა“-ს კამპანიამ რეფერენდუმი ისე წარმოაჩინა, თითქოს ამომრჩევლები უკვე უშუალოდ ევროკავშირში გაწევრიანებაზე იღებდნენ გადაწყვეტილებას და არა მოლაპარაკებების განახლებაზე.
ეს კი, მისი თქმით, მნიშვნელოვანი განსხვავებაა: მოლაპარაკებების დაწყება ავტომატურად ევროკავშირის წევრობას არ ნიშნავდა. თუმცა კამპანიის შედეგად ბევრი ამომრჩევლისთვის რეფერენდუმი საბოლოო წევრობის შესახებ არჩევანად იქცა.
ისლანდია საკმარისად მდიდარია იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობა აუცილებლობად არ მიიჩნიოს
რეფერენდუმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ისლანდიის ეკონომიკური მდგომარეობაა.
ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კანდიდატი იქნებოდა, თუკი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს განაახლებდა. Euronews-ის მიხედვით, ისლანდიის ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით 84,000 ევროს შეადგენს, ხოლო ელექტროენერგიის თითქმის 100% განახლებადი წყაროებიდან იწარმოება.
ამიტომ ისლანდიისთვის ევროკავშირი იმავე ეკონომიკურ პერსპექტივას არ წარმოადგენს, რასაც ბევრი სხვა კანდიდატი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოს, მოლდოვის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციების, ინსტიტუტების გაძლიერებისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი წყაროა. ისლანდია კი უკვე მაღალი შემოსავლების მქონე, განვითარებული ეკონომიკაა და ევროკავშირთან ერთიანი ბაზრის მეშვეობით მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ამიტომ ქვეყნის ამომრჩევლისთვის წევრობის შესაძლო სარგებელი ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდა.
ისლანდია არ არის პირველი მდიდარი ქვეყანა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ნორვეგიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი ორჯერ თქვა, 1972 და 1994 წლებში. გაერთიანებულმა სამეფომ კი 2016 წელს ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი. Euronews-ის მიხედვით, Brexit-ის შედეგიც თითქმის იდენტური იყო: 51.89% „გასვლის“, 48.11% „დარჩენის“ მომხრე.
ამ გადაწყვეტილებით ისლანდია ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობას არ წყვეტს. ქვეყანა კვლავ დარჩება ბლოკის ერთ-ერთ ყველაზე ახლო პარტნიორად – ევროპის ეკონომიკური ზონისა და შენგენის ზონის წევრად, თუმცა ევროკავშირის წევრობის გარეშე.










