საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ და აშშ-ის ერთ-ერთმა წამყვანმა სასწავლებელმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტმა (The George Washington University), მასშტაბური პარტნიორობა გააფორმეს. ქართულ-ამერიკული საგანმანათლებლო თანამშრომლობის ეს პრეცედენტი საგანმანათლებლო ბაზარს უნიკალურ, ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამას – „ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში“ (Artificial Intelligence for Business) სთავაზობს.
26 ივნისს გამართული ხელმოწერის ცერემონიალზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი სევინ იელტეკინი და SEU-ს დამფუძნებელი და რექტორი გია კავთელიშვილი, საფუძველი ჩაეყარა ინიციატივას, რომელიც რეგიონის ციფრულ მომავალს მნიშვნელოვნად შეცვლის. ახალი პროგრამა სტუდენტების მიღებას 2026 წლის შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, რომელიც 1928 წელს დაარსდა, გლობალურ საგანმანათლებლო რუკაზე გამორჩეული რეპუტაციით სარგებლობს და მისი MBA-პროგრამა QS World University-ს რეიტინგში მოწინავე ადგილს იკავებს.
გლობალური სტანდარტი და ლოკალური შესაბამისობა: ორმაგი დიპლომის უპირატესობა
ახალი სამაგისტრო პროგრამა 3-სემესტრიანია და ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება, რაც აუდიტორულ და ონლაინ-ლექციებს აერთიანებს. სტუდენტები პარალელურად ირიცხებიან ორივე უნივერსიტეტში და პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ იღებენ ორ დამოუკიდებელ მაგისტრის ხარისხს როგორც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-დან, ისე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან.
ამერიკელი პროფესორები თბილისში და ექსკლუზიური სემესტრი ვაშინგტონში
პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა – სასწავლო პროცესში ამერიკელი პროფესორების უშუალო ჩართულობაა. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი თბილისში, SEU-ს ბაზაზე, ჩაატარებს ინტენსიურ პირისპირ სასწავლო მოდულებს.
GW-ის პროფესორები პირადად გაუძღვებიან ისეთ ფუნდამენტურ მიმართულებებს, როგორიცაა პროგრამირება, გენერაციული AI, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები, ანალიტიკა, ეთიკა და AI-ის ბიზნესაპლიკაციები. ისინი ასევე ჩაერთვებიან სტუდენტების მიღების პროცესში, ჩაატარებენ გასაუბრებებს და უხელმძღვანელებენ სამაგისტრო პროექტებს (capstone projects), რომლებიც რეალურ ბიზნესგამოწვევებზე იქნება ორიენტირებული.
გარდა ამისა, სტუდენტებს ეძლევათ განსაკუთრებული შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში მესამე, დამასრულებელი სემესტრი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კამპუსში გაატარონ. ეს ეტაპი სტუდენტებს უნიკალურ პრაქტიკულ და პროფესიულ გამოცდილებას შესძენს. ვაშინგტონის ცენტრში ყოფნა ნიშნავს პირდაპირ წვდომას ისეთ გლობალურ პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი (World Bank), საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ატლანტიკური საბჭო (Atlantic Council) და IBM-ის სამთავრობო ცენტრი.

რატომ საქართველო და რატომ ახლა?
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, სევინ იელტეკინი აღნიშნავს:
„საქართველოში პარტნიორი უნივერსიტეტის ყოლა ჩვენთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას გვაძლევს, წვლილი შევიტანოთ ნიჭის, ინოვაციებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებაში ქვეყანაში, რომელიც აქტიურად დებს ინვესტიციას თავის ციფრულ მომავალში. ჩვენ განსაკუთრებით მიგვიზიდა SEU-ს ხედვამ, აკადემიური წარმატებისადმი მისმა ერთგულებამ და ამბიციამ, მოამზადოს სტუდენტები ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ეკონომიკაში ლიდერობისთვის“.
ორივე ინსტიტუცია აღიარებს, რომ ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მომავლის ტექნოლოგია – ის დღესვე გარდაქმნის ბიზნესპროცესებს, ფინანსებს, ჯანდაცვასა და წარმოებას. პარტნიორობის მიზანია, შექმნას მაღალკვალიფიციური კადრების ძლიერი ნაკადი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და ციფრულ ტრანსფორმაციას.
მიღების პირობები და საჭირო დოკუმენტები
სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ითვალისწინებს სპეციფიკურ კრიტერიუმებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუდენტებისთვის:
- ქართველი სტუდენტებისთვის: აპლიკანტი ჩარიცხული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საერთო სამაგისტრო გამოცდები.
- საერთაშორისო სტუდენტებისთვის: პირველ ეტაპზე აპლიკანტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სააპლიკაციო პორტალზე.
კანდიდატებმა პირველ ეტაპზე განაცხადი ონლაინ უნდა წარადგინონ. მოთხოვნილი დოკუმენტაციის სია შემდეგია:
- შევსებული ონლაინ სააპლიკაციო განაცხადი;
- სარეკომენდაციო წერილები;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL ან Duolingo);
- სამოტივაციო წერილი (პროფესიული მიზნებისა და კარიერული გეგმების აღწერით);
- ყველა იმ უმაღლესი სასწავლებლის ოფიციალური ნიშნების ფურცელი ან აკადემიური ჩანაწერი, სადაც აპლიკანტს უსწავლია;
- პროფესიული რეზიუმე (CV).
დამატებით დეტალებს გაეცანით ბმულზე.
S










