Forbes Georgia
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსში საქართველო 63-ე ადგილზეა

საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში საქართველო 63-ე ადგილს იკავებს 121 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
საკუთრების დაცვის რეიტინგი საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის (International Property Rights Index) მიხედვით დგება, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია „საკუთრების უფლებების ალიანსი“ (Property Rights Alliance) აქვეყნებს. ინდექსი 2007 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. ბოლო, 2026 წლის რეიტინგი, 121 ქვეყანას მოიცავს. რეიტინგში შემავალ 126 ქვეყანაზე მოდის მსოფლიო ეკონომიკის 98% და მსოფლიოს მოსახლეობის 93%. ანუ ის ძირითადად პატარა, ღარიბ ქვეყნებს არ მოიცავს.
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ფიზიკური საკუთრების დაცვა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
აღნიშნული 3 ძირითადი კომპონენტი ქვეკომპონენტებად იყოფა. სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო სასამართლოს დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ სტაბილურობასა და კორუფციის კონტროლს მოიცავს. ფიზიკური საკუთრების დაცვა უშუალოდ საკუთრების დაცულობის აღქმის დონეს, ქონების რეგისტრაციის შესაძლებლობებს და სესხის ხელმისაწვდომობას მოიცავს. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საავტორო უფლებების, პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების დაცვას მოიცავს.
ქვეყნებზე მოპოვებული ინფორმაციის წყარო სხვადასხვა ინდექსი (მაგალითად, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი) და მსოფლიო ბანკის მონაცემები და ანგარიშებია.
საკუთრების დაცვის დონე მაქსიმუმ 10 ქულით ფასდება.
საქართველო საკუთრების დაცვის ინდექსში
2026 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ახალი რეიტინგის მიხედვით, რომელიც 2025 წლის მდგომარეობას ასახავს, საქართველო 121 ქვეყნიდან 63-ე ადგილზეა 5.002 ქულით (10 ქულიდან). 2025 წელს გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველო 49-ე ადგილზე იყო 5.367 ქულით. საქართველოს ქულა 0.365-ით შემცირდა და რეიტინგში 14 ადგილით ჩამოქვეითდა.
საქართველოს ჯამური ქულის კლება სამართლებრივი და პოლიტიკური გარემოს ქულის 0.386-ით შემცირებამ გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, იმით არის განპირობებული, რომ პოლიტიკური სტაბილურობის ქულა 0.8-ით შემცირდა, კორუფციის კონტროლის ქულა 0.47-ით შემცირდა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ქულა 0.21-ით შემცირდა. საბოლოოდ, სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში საქართველოს 4.463 ქულა აქვს.
ფიზიკური საკუთრების დაცვაში საქართველოს 5.368 ქულა აქვს, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში 5.177 ქულა.
საერთო ჯამში, ინდექსში შემავალი კომპონენტებიდან საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 3.02 სასამართლოს დამოუკიდებლობაში აქვს. შემდეგ პოლიტიკური სტაბილურობა მოდის 3.8 ქულით. ყველაზე მაღალი ქულა – 6.6 – სესხზე ხელმისაწვდომობაში აქვს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველო პირველად 2010 წელს მოხვდა და 3.7 ქულით 119 ქვეყანას შორის 108-ე ადგილი დაიკავა. 2012 წლამდე საქართველოს ქულა 4.2-მდე დაიზარდა, მაგრამ მაინც 108-ე ადგილზე დარჩა. 2015 წლიდან 2019 წლამდე საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების აშკარად გამოხატული ტენდენცია იკვეთებოდა. 2020-2022 წლებში პროგრესი შეჩერდა, 2023-2025 წლებში ქულა და პოზიცია ისევ გაუმჯობესდა. 2026 წლის ანგარიშის მიხედვით კი საქართველოს ქულა და პოზიცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.
საქართველოს პოზიცია საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში

ქვეყნები, სადაც საკუთრება ყველაზე კარგადაა დაცული
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს 7.977 ქულით. ნორვეგიას ყველაზე მაღალი ქულა – 10 – საკუთრების ფიზიკურად დაცვაში აქვს. შემდეგ მოდიან შვედეთი, დანია და სინგაპური.
საქართველოს გეოგრაფიული მეზობლებიდან ყველაზე მაღალი ქულა – 5.291 აზერბაიჯანს აქვს და მსოფლიოში 54-ე ადგილს იკავებს. სომხეთი 56-ე ადგილზეა 5.252 ქულით, თურქეთი 99-ე ადგილზეა 3.955 ქულით და რუსეთი 115-ე ადგილზეა 3.349 ქულით. რუსეთი ბოლოდან მე-7 ადგილზეა.
რეიტინგში შემავალ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდად კერძო საკუთრება ვენესუელაშია დაცული. ვენესუელა 121-ე ადგილზეა 1.9 ქულით. შემდეგ მოდიან ჰაიტი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
საკუთრების დაცვის მხრივ ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
| ქვეყანა | ქულა | |
| 1 | ნორვეგია | 7.977 |
| 2 | შვედეთი | 7.934 |
| 3 | დანია | 7.834 |
| 4 | სინგაპური | 7.805 |
| 5 | გერმანია | 7.782 |
| 6 | ახალი ზელანდია | 7.748 |
| 7 | ლუქსემბურგი | 7.718 |
| 8 | ავსტრალია | 7.717 |
| 9 | ნიდერლანდები | 7.697 |
| 10 | გაერთიანებული სამეფო | 7.620 |
წყარო: საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსის 2026 წლის რეიტინგი
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
