ფოტო: Christopher Goodney / Bloomberg via Getty Images
უორენ ბაფეტი Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს მე-10 უმდიდრეს ადამიანი გახდა. მისი ქონება 142 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რის შედეგადაც ბაფეტმა Zara-ს დამფუძნებელ ამანსიო ორტეგას გადაასწრო.
Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მონაცემების მიხედვით, უორენ ბაფეტის ქონება 142.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ამანსიო ორტეგას ქონება კი 141.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. ორტეგას ქონების შემცირება Inditex-ის აქციების კლებას უკავშირდება. კერძოდ, ხუთშაბათს კომპანიის აქციების ღირებულება 1.6%-ით დაეცა, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფასი დაახლოებით 7.7%-ით არის შემცირებული. შეგახსენებთ, ორტეგა Inditex-ის, Zara-ს, Massimo Dutti-სა და Pull&Bear-ის მშობელი კომპანიის, მსხვილი აქციონერია.
Forbes-ის რეიტინგში ბაფეტზე ერთი პოზიციით მაღლა Los Angeles Clippers-ის მფლობელი სტივ ბალმერია, რომლის ქონება 159.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, ამ დროისთვის მას ბაფეტი 17 მილიარდი აშშ დოლარით ჩამორჩება.
Berkshire Hathaway-მ ორშაბათიდან ოთხშაბათამდე პერიოდში უძრავი ქონების დეველოპერ Lennar-ის 660,410 აქცია შეიძინა, საშუალოდ 81.59 დოლარად თითო აქციაზე. Benzinga-ს ინფორმაციით, გარიგების შედეგად კომპანიაში Berkshire Hathaway-ის წილი 26%-მდე გაიზარდა.
ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2025 წლის დეკემბერში დატოვა, ხოლო სექტემბერში კომპანიის თავმჯდომარის პოზიციიდანაც გადადგა. ის ამჟამად კომპანიის საპატიო თავმჯდომარეა და Berkshire Hathaway-ის დირექტორთა საბჭოს წევრად რჩება.
Berkshire Hathaway-ის A კლასის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან მცირედით არის შემცირებული, თუმცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 80%-ზე მეტით არის გაზრდილი. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ დოლარს აღემატება, ხოლო მის მნიშვნელოვან საინვესტიციო პოზიციებს შორისაა Apple-ი, American Express-ი, Coca-Cola, Google-ი და Bank of America.
უორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ გარდაცვალების შემდეგ თავისი ქონების 99%-ზე მეტი ქველმოქმედებისთვის გაიცემა. Forbes-ის მიხედვით, მას სიცოცხლის განმავლობაში ქველმოქმედებისთვის უკვე 72 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს გადაცემული.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი










