Nike-ის აქციების ღირებულება 13 წლის მინიმუმამდე დაეცა

Nike-ის აქციების ღირებულება 13 წლის მინიმუმამდე დაეცა

ფოტო: finance.yahoo.com

 

სპორტული ტანისამოსისა და აქსესუარების ამერიკული მწარმოებლის, Nike-ის აქციების ღირებულება უკანასკნელი 13 წლის მინიმუმამდე დაეცა. ვარდნა კომპანიის მიერ 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა. Nike-მა ანალიტიკოსთა პროგნოზები ვერ გაამართლა, რისი გავლენითაც, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიაფდა.

შედეგად, ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, Nike-ის აქციებსი ფასი 3.8%-ით, $33.80-მდე დაეცა. ეს კი 2013 წლის სექტემბრის შემდეგ ამერიკული კომპანიის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

Nike-მა 2026 წლის პირველ კვარტალში $11.2 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $11.3 მილიარდს ჩამორჩება. კომპანიის განმარტებით, შემოსავლების შემცირებაზე დიდი გავლენა ჩინეთის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ბაზარზე გაყიდვების კლებას ჰქონდა.

ამასთან, Nike-სთვის ერთ აქციაზე მიღებულმა მოგებამ $0.48 შეადგინა. ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსთა პროგნოზებს აჭარბებდა, თუმცა ერთი წლის წინ დაფიქსირებულ $0.49-თან შედარებით დაბალი იყო. Nike-ს ვარაუდით, 2027 ფისკალური წლისთვის, კომპანია შემოსავლებში მაღალი ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით კლებას მიიღებს.

ცნობისთვის, Nike-მა ხარჯების შემცირებისა და საქმიანობის ახალი მოდელის პროგრამა წარადგინა. მისი მიზანი მიწოდების ჯაჭვების მოდერნიზაციის დაჩქარება, კომპანიის ხელმძღვანელობის სამი საერთაშორისო ბაზრის მიხედვით გადაანაწილება, ინდოეთში ახალი კამპუსის შექმნა და სამუშაო ძალის სტრუქტურის ცვლილებაა.

Nike-ის CEO-ს, ელიოტ ჰილის, განცხადებით, ცვლილებების შედეგად კომპანიაში სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდება. მისი თქმით, შესაბამის პოზიციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება 2027 წლიდან დაიწყება.