Forbes Georgia ყოველწლიურად იმ გამორჩეულ ახალგაზრდებს აჯილდოებს, რომლებსაც სხვადასხვა სფეროს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. საქართველოს ბანკისთვის კი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა და ახალი თაობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ წელს ბანკი პროექტის გენერალური პარტნიორია.
2026 წლის Forbes Under 30-ის გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. ამ ბლოგში გაიცნობთ მარიამ ფაშალიშვილს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტსა და კომპანია BIOMEDIX-ის თანადამფუძნებელს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების კატეგორიის წლევანდელი გამარჯვებულია.
საერთაშორისო გამოცდილებიდან პრაქტიკულ გადაწყვეტილებებამდე
მარიამის პროფესიული გზა თავიდანვე საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეპიდემიოლოგიას დაუკავშირდა. მის პროფესიულ ზრდაში დიდი როლი ითამაშა ამერიკასა და ევროპაში მიღებულმა გამოცდილებამ. თუმცა, მისთვის საერთაშორისო პროგრამები მხოლოდ თეორიული ცოდნა არ ყოფილა:
ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო საერთაშორისო პროფესიონალების გაცნობა და მუდმივი კავშირების შექმნა. მთავარი, რაც ამ გამოცდილებიდან წამოვიღე, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაა. მონაცემი მხოლოდ სტატისტიკა არ არის და არც კვლევა უნდა დასრულდეს მხოლოდ პუბლიკაციით. ყველაფრის საბოლოო მიზანი მიღებული ცოდნის რეალურ გადაწყვეტილებებად გარდაქმნაა.
დღეს მარიამი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (NCDC) მუშაობს და ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე მზადყოფნის გაძლიერებაზე ზრუნავს.
სადოქტორო კვლევა და ახალი კომპანია
მარიამის სამეცნიერო ინტერესის ცენტრში ადამიანები და მათთვის ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება დგას. მისი სადოქტორო კვლევა აივ დადებით პირებსა და მოწყვლად ჯგუფებს ეხება. მარიამი სწავლობს იმ ბარიერებს, სტიგმასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებს, რომლებიც ადამიანებს დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში უშლის ხელს. მიზანი აქაც კონკრეტულია: კვლევის შედეგები პირდაპირ აისახოს ჯანდაცვის პოლიტიკასა და უკეთეს სერვისებზე.
დაგროვილი ცოდნისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაგრძელება კომპანია BIOMEDIX-ია.
გენეტიკური კვლევა ორგანიზმის უნიკალური „კოდის“ გაშიფვრაა, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, წინასწარ დაინახოს სხვადასხვა მძიმე დაავადების მიდრეკილება, თავიდან აიცილოს რისკები ან პაციენტს ინდივიდუალურად, მის ორგანიზმზე მორგებული მკურნალობა დაუნიშნოს. BIOMEDIX-მა საერთაშორისო ლაბორატორიებთან პარტნიორობით ეს რთული კვლევები საქართველოში ხელმისაწვდომი გახადა:
გენეტიკური მედიცინა ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა. გვინდოდა, საერთაშორისო ლაბორატორიებთან თანამშრომლობით საქართველოში თანამედროვე გენეტიკური კვლევები ხელმისაწვდომი გამხდარიყო. თუმცა ჩვენი იდეა მხოლოდ ტესტის ჩატარება არ არის. უმნიშვნელოვანესია მიღებული გენეტიკური ინფორმაციის სწორი ამოკითხვა, ექიმებთან თანამშრომლობა და ამ მონაცემების პრაქტიკაში გამოყენება.
მოტივაცია და თანმიმდევრული ნაბიჯები
მეცნიერებაში შედეგი ყოველთვის მაშინვე არ ჩანს. მარიამისთვის წინსვლის მთავარი საყრდენი სწორედ თანმიმდევრული შრომა, ახლის შეცნობის დაუოკებელი ინტერესი და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთების სურვილია:
მჯერა, რომ რეალურ განვითარებას დრო და თანმიმდევრული შრომა სჭირდება. თითოეული პროექტი, გამოცდილება, ახალი ცოდნა და გამოწვევაც კი შემდეგი ნაბიჯისთვის გამზადებს. ალბათ ყველაზე მეტად არ მაჩერებს იმის განცდა, რომ ყოველთვის არსებობს რაღაც ახალი აღმოსაჩენი და შესასწავლი. მეცნიერება საოცარი სისწრაფით ვითარდება და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიყო ამ პროცესების ნაწილი. ჩემი მთავარი მოტივაცია სწორედ ის არის, რომ დაგროვილი ცოდნითა და საერთაშორისო გამოცდილებით საკუთარ ქვეყნაში ჯანდაცვის განვითარებაში შევიტანო წვლილი.
საქართველოს ბანკი სხვადასხვა ინიციატივით მუდმივად ცდილობს აღმოაჩინოს, წაახალისოს და მხარი დაუჭიროს მარიამის მსგავს ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარი ნიჭითა და მონდომებით უკეთეს მომავალს ქმნიან. Forbes Under 30-თან თანამშრომლობაც ამ დიდი მისიის გაგრძელებაა.
განათლების გზაზე არ გაჩერდე.
S















