როგორ გამდიდრდა ჭანგ იიმინგი?

0x0 (1)

ფოტო: VCG/Getty Images

 

ჭანგ იიმინგი ჩინეთში ყველაზე მდიდარი ადამიანია. 2026 წლის სექტემბრის ბოლოს მისი ქონება 84 მილიარდი დოლარი იყო.

ჭანგ იიმინგი 1983 წელს ჩინეთის ფუძიანის პროვინციის ქალაქ ლონგიანში დაიბადა. მისი მშობლები საჯარო სექტორში მუშაობდნენ. მამა მოგვიანებით ელექტრონიკის ბიზნესში ჩაერთო, ხოლო დედა მედდად მსახურობდა. შესაბამისად, იიმინგი მდიდარი ოჯახიდან არ იყო.

2001 წელს სწავლა ტიანძინის ნანკაის უნივერსიტეტში დაიწყო. თავდაპირველად მიკროელექტრონიკას სწავლობდა, თუმცა შემდეგ პროგრამული ინჟინერია აირჩია და 2005 წელს ინჟინრის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. უნივერსიტეტში სწავლისას ფულს ვებგვერდების შექმნით და სტუდენტებისთვის კომპიუტერების შეკეთებით შოულობდა.  უნივერსიტეტში გაიცნო მომავალი ბიზნესპარტნიორი ლიანგ რუბო.

მისი სამუშაო კარიერა 2006 წელს დაიწყო ინტერნეტკომპანია Kuxun-ში, რომელიც სამოგზაურო მომსახურებას ყიდდა. თვდაპირველად პროგრამული ინჟინერის პოზიციაზე მუშაობდა. ერთი წლის შემდეგ უკვე 50 ადამიანისგან შემდგარ ტექნიკურ გუნდს ხელმძღვანელობდა. 2008 წელს Microsoft-ში გადავიდა, თუმცა დიდი კომპანიის კორპორაციული წესებით მუშაობა არ მოსწონდა და მალევე სტარტაპ Fanfou-ს შეუერთდა. სტარტაპი წარმატებული არ აღმოჩნდა და 2009 წელს Kuxun-ში დაბრუნდა უძრავი ქონების მოძიების მიმართულების ხელმძღვანელად. ამავდროულად, საკუთარი კომპანია 99fang.com-ი შექმნა.

ჭანგმა მომავალი დიდი წარმატებისთვის გადამწყვეტი ნაბიჯი 26 წლის ასაკში, 2012 წელს გადადგა. კომპანია 99fang.com-ი დატოვა და რამდენიმე პარტნიორთან ერთად ByteDance-ი(TikTok) დააარსა. კომპანია თავდაპირველად ოთხოთახიან ბინაში იყო განთავსებული.  პირველი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რაც შექმნეს, იყო საინფორმაციო აპლიკაცია Toutiao. მისი მთავარი ინოვაცია იყო არა მხოლოდ ახალი ამბების ჩვენება, არამედ ალგორითმის გამოყენება იმის გასაგებად, თუ კონკრეტულ მომხმარებელს რა აინტერესებდა და შემდეგ მისთვის შესაბამისი მასალის ავტომატურად შეთავაზება.

სწორედ პერსონალიზებულმა რეკომენდაციის ალგორითმმა განაპირობა  ByteDance-ის სწრაფი ზრდა. 2012 წელს კომპანიამ დაახლოებით 80 ათასი დოლარის საწყისი ინვესტიცია მოიზიდა. 2014 წელს ვენჩურული კაპიტალის ამერიკულმა კომპანიამ Sequoia Capital-მა ByteDance-ში 100 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 2014 წლისთვის ByteDance-ის შეფასებამ 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა, 2017 წელს კი უკვე დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს აღწევდა.

შემდეგი გარღვევა მოკლე ვიდეოებმა მოიტანა. 2016 წელს ByteDance-მა ჩინეთში Douyin გამოუშვა, ხოლო 2017 წელს საერთაშორისო ბაზრისთვის TikTok-ი შექმნა. იმავე პერიოდში კომპანიამ Musical.ly შეიძინა და მისი აუდიტორია TikTok-ის გლობალურ პლატფორმაში გააერთიანა. TikTok-ის სწრაფმა საერთაშორისო ზრდამ ByteDance-ის ღირებულება და, შესაბამისად, ჭანგის წილი სიმდიდრე მკვეთრად გაზარდა.

ჭანგ იიმინგი Forbes-ის მილიარდერთა სიაში პირველად 2018 წელს, დაახლოებით 4 მილიარდის დოლარის ქონებით მოხვდა.  2020 წლისთვის Forbes-მა მისი ქონება უკვე 28 მილიარდ დოლარად შეაფასა. 2024 წელს კი 49 მილიარდ დოლარს მიაღწია და ის ჩინეთის უმდიდრეს ადამიანად დასახელდა.

შემდგომ წლებში მისი ქონების ზრდა ByteDance-ის ღირებულების ზრდას უკავშირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჭანგმა 2021 წელს კომპანიის CEO-ს, მოგვიანებით კი თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. ის კვლავ მნიშვნელოვან აქციონერად დარჩა. 2025 წელს Forbes-მა მისი ქონება 69 მილიარდ დოლარად შეაფასა, ხოლო მიმდინარე შეფასებით დაახლოებით 84 მილიარდი დოლარია.

მისი გამდიდრების მთავარი წყარო ხელფასი ან TikTok-ისგან მიღებული შემოსავალი კი არ არის, არამედ ByteDance-ის კაპიტალში არსებული წილის ღირებულების ზრდაა. თავდაპირველი საინფორმაციო აპლიკაციიდან კომპანიამ შექმნა გლობალური ვიდეოპლატფორმა, შემდეგ კი ელექტრონული კომერციის, თამაშებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებებშიც გაფართოვდა. 2023–2026 წლებში ByteDance-ი აქტიურად ახორციელებდა ინვესტიციებს AI-ში, მათ შორის საკუთარ მოდელებსა და Doubao-ს AI-ასისტენტში, რაც ჭანგის ქონების ზრდის ერთ-ერთი ფაქტორია.

TikTok-ი დღეს ზოგ ქვეყანაში დაბლოკილია, ან შეზღუდულია მისი მოხმარება. ევროპის ქვეყნებში, კანადასა და აშშ-ში იკრძალება მისი ჩამოტვირთვა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა სამსახურის ტელეფონებში. შეზღუდვების მოტივი  ჩინეთის შესაბამისი სამთავრობო უწყებებისთვის TikTok-ის მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის მიწოდებაა.

მიუხედავად პოლიტიკური წინაღობებისა, კომპანია ByteDance-ი და მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტი TikTok-ი ძალიან წარმატებულია. ByteDance-ი ბოლო ათწლეულის საუკეთესო სტარტაპადაა მიჩნეული. დაფუძნებიდან 13 წელიწადში კომპანიის შემოსავალმა 155 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 400 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ჭანგ იიმინგი ByteDance-ის 21%-მდე ფლობს.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა