Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა როტშილდების ოჯახი?

ფოტო: waddesdon.org.uk
როტშილდების გვარი ორ საუკუნეზე მეტია, სიმდიდრის სინონიმია. XIX საუკუნეში ამ ოჯახს მსოფლიოში ყველაზე დიდი კერძო ქონება ჰქონდა, მათ სესხებზე იყო დამოკიდებული ევროპის მთავრობების ომები და დიდი პროექტები. საინტერესოა, როგორ გახდა ფრანკფურტის ებრაული გეტოს ოჯახი მთელი ევროპის ბანკირი?
1744 წელს გერმანიაში, ფრანკფურტის ებრაულ კვარტალში მაიერ ამშელ როტშილდი დაიბადა. ის რვა შვილიდან მეოთხე იყო. გვარი იმ სახლიდან მოდის, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ: შესასვლელს წითელი ფარი („როტ შილდ“) ამშვენებდა. მაიერს რაბინობას უპირებდნენ, მაგრამ მშობლები ადრე გარდაეცვალა და ბანკში შეგირდად დაიწყო მუშაობა. ძველი მონეტებით ვაჭრობდა, რამაც მდიდარ კოლექციონერებთან დააკავშირა. მალე ჰესენ-კასელის მმართველის, ვილჰელმის კარის ფინანსისტი გახდა, 1760-იან წლებში კი საკუთარი საბანკო საქმე წამოიწყო.
მაიერს და მის მეუღლე გუტლეს ათი შვილი ჰყავდათ. მაიერს ორი წესი ჰქონდა: ბიზნესი მმართველ დინასტიებთან ეწარმოებინა და რაც შეიძლება მეტი ვაჟი ჰყოლოდა, რომ საქმე ოჯახში დარჩენილიყო. ხუთ ვაჟს ბავშვობიდან ასწავლიდნენ ენებს, მათემატიკასა და ვაჭრობას, შემდეგ კი ევროპის ხუთ ფინანსურ ცენტრში გაანაწილეს: ამშელი ფრანკფურტში დარჩა, სალომონი ვენაში დასახლდა, ნათანი – ლონდონში, კარლი – ნეაპოლში, ჯეიმსი კი პარიზში. ოჯახის გერბზე დღესაც ხუთი ისარია გამოსახული.
ოჯახის ნამდვილი აღზევება ნაპოლეონის ომებს (1803–1815) დაემთხვა. ნათანმა 1811 წელს ლონდონში ბანკი N M Rothschild & Sons-ი დააფუძნა. ძმებმა თამასუქების სისტემა შექმნეს, რის გამოც, ფიზიკურად ოქროს გადატანა საჭირო აღარ იყო, თუ ბრიტანეთს ავსტრიაში ჯარისთვის უნდა გადაეხადა, ვენის ფილიალი ადგილობრივ ვალუტას გასცემდა, ლონდონის ფილიალი კი თანხას ბრიტანეთის მთავრობისგან იღებდა. 1813–1815 წლებში ნათანი აფინანსებდა ველინგტონის ჰერცოგის არმიას, მხოლოდ 1815 წელს ბრიტანეთის მოკავშირეებს 9.8 მილიონი გირვანქა სტერლინგი ასესხა.
ცნობილი ლეგენდა, თითქოს ნათანმა ვატერლოოს ამბავი სხვებზე ადრე გაიგო და ბირჟაზე გამდიდრდა, 1846 წლის ანტისემიტურ პამფლეტს უკავშირდება, რომელიც ისტორიკოსებმა უარყვეს. სინამდვილეში ახალი ამბავი მან პირველ რიგში მთავრობას შეატყობინა. სამაგიეროდ, ომის შემდეგ ბრიტანული სახელმწიფო ობლიგაციები შეისყიდა და 1817 წელს 40%-იანი მოგებით გაყიდა.
1822 წელს ავსტრიის იმპერატორმა ხუთივე ძმას ბარონის ტიტული უბოძა. 1825 წელს ნათანმა ბრაზილიას 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი უსესხა, რომლითაც ქვეყანამ პორტუგალიას დამოუკიდებლობის საფასური გადაუხადა. როტშილდები აფინანსებდნენ რკინიგზებს საფრანგეთსა და ავსტრიაში, 1887 წელს კი ალმასების კომპანია „დე ბირსის“ უმსხვილესი აქციონერები გახდნენ. 1875 წელს ნათანის ვაჟმა, ლაიონელმა, სულ რამდენიმე საათში 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოუყო ბრიტანეთის მთავრობას სუეცის არხის წილის საყიდლად. ამავე პერიოდში ოჯახმა ბორდოს ცნობილი ვენახები „მუტონი“ (1853) და „ლაფიტი“ (1868) შეისყიდა.
XIX საუკუნის ბოლოსთვის როტშილდებს ევროპაში, სულ მცირე, 41 სასახლე ჰქონდათ.
მაიერი შვილებს აფრთხილებდა, რომ ქონება ჩვეულებრივ ორ თაობაზე მეტხანს არ ძლებს. XX საუკუნეში ეს წინასწარმეტყველება თითქმის ახდა. 1938 წელს ნაცისტებმა ავსტრიული ბანკი ჩამოართვეს, ლუი როტშილდი კი ერთი წელი ციხეში იჯდა. საფრანგეთში ვიშის მთავრობამ ბორდოს მამულები მიითვისა, 1982 წელს კი პრეზიდენტმა მიტერანმა ოჯახს ბანკი ნაციონალიზაციით ჩამოართვა. დავიდ დე როტშილდმა ბიზნესი თავიდან, სულ სამი თანამშრომლით აღადგინა.
2003 წელს ოჯახის ბრიტანული და ფრანგული ფილიალები გაერთიანდა და დღეს „როტშილდ ენდ კო“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო ბანკია შერწყმა-შესყიდვების სფეროში. ქონება ბევრ შთამომავალზეა გადანაწილებული, ამიტომ „ფორბსის“ სიების სათავეში აღარ ჩანან, თუმცა გავლენა შენარჩუნებული აქვთ.
რას აკეთებენ დღეს როტშილდები?
- „როტშილდ ენდ კოს“ დავიდ დე როტშილდის ვაჟი, ალექსანდრე ხელმძღვანელობს;
- ჟენევის ჯგუფ „ედმონ დე როტშილდს“, რომელიც 15 ქვეყანაში კერძო ბანკინგს ეწევა, არიან დე როტშილდი მართავს;
- ოჯახს მსოფლიოში ათზე მეტი ღვინის მეურნეობა აქვს: „ლაფიტს“ საშკია დე როტშილდი უძღვება, „მუტონს“ კი ფილიპ სერეი დე როტშილდი;
ბრიტანული შტოს მეთაური ნატანიელ როტშილდი სამთო და ენერგეტიკულ კომპანიებში ინვესტორია.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
