საქართველო მთავრობის ვალით მსოფლიოში 146-ე ადგილზეა

2 (17)

ეკონომიკის მიმართ მთავრობის ვალის ტვირთის მიხედვით  საქართველო მსოფლიოში 146-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გარკვეული მოცულობის დავალიანება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას აქვს. მთავრობის ვალი ორი სახის არის: საშინაო და საგარეო. საშინაო ვალს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობისგან იღებს, ძირითადად ეს ხდება კომერციული ბანკებისთვის ან ფინანსური ფონდებისთვის ფასიანი ქაღალდების მიყიდვით. საგარეო ვალს კი მთავრობები სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ. განვითარებადი ქვეყნები საგარეო ვალს ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ. ისინი განვითარებად ქვეყნებს გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად და ინფრასტრუქტურის ასაშენებლად აძლევენ.

ქვეყნის დავალიანების ტვირთის შესაფასებლად ნომინალური რიცხვები (მაგალითად, რამდენი მილიარდი ლარის ვალი აქვს საქართველოს) ბევრს არაფერს ამბობს, რადგან ვალის სიმძიმე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე და ქვეყნის ეკონომიკის სიდიდეზე. აქედან გამომდინარე, მთავრობის ვალის ტვირთის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ვალის ქვეყნის ეკონომიკასთან (მთლიან შიდა პროდუქტთან – მშპ) ფარდობაა.

ქვეყნების მიხედვით მთავრობის ვალის ტვირთის მაჩვენებელს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს, მათ შორის – საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

საქართველო მთავრობის ვალის რეიტინგში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, 2026 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 33.1% იქნება და ვალის ტვირთის ამ მაჩვენებლით საქართველო 183 ქვეყანას შორის 142-ე ადგილს იკავებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე მძიმე დავალიანება 141 ქვეყანას აქვს, 41 ქვეყანას კი ნაკლებად აწევს ვალის ტვირთი. 2025 წელსაც საქართველო რეიტინგში 142-ე ადგილზე იყო, მშპ-ის მიმართ 34.3%-ის სიდიდის ვალით. 2024 წელის კი 137-ე ადგილზე იყო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 30 სექტემბერს საქართველოს მთავრობის ვალი 35.6 მილიარდი ლარი იყო. აქედან, 22.6 მილიარდი ლარი საგარეო ვალი იყო, ხოლო 13 მილიარდი – საშინაო ვალი.

2013-2016 წლებში საქართველოს მთავრობის ვალი იზრდებოდა, 2017-2018 წლებში მშპ-ის მიმართ მცირედით იკლო – 38.2%-მდე, თუმცა 2019 წელს მშპ-ის 40%-მდე გაიზარდა. 2020 წელს კი პანდემიის გამო ვალი მშპ-ის მიმართ თითქმის 20% პუნქტით გაიზარდა და 59.6% შეადგინა. ბოლო 5 წელიწადში კი ისევ შემცირდა 26.5% პუნქტით.

საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 2015-2026 წლებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აქვს

სავალუტო ფონდის მიხედვით, მსოფლიოში მთავრობის ვალი ყველაზე მძიმე ტვირთად სუდანს აწევს, სადაც მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 334%-ია. მეორე ადგილზე იაპონიაა, რომელსაც მშპ-ის მიმართ 199% ვალი აქვს.

ნომინალურ გამოსახულებაში ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი აშშ-ს აქვს – 41 ტრილიონი დოლარი. შემდეგ ჩინეთი მოდის 23 ტრილიონი დოლარის ვალით და იაპონია 8.7 ტრილიონი დოლარით. ზოგადად, მდიდარი ქვეყნებისთვის უფრო მარტივია ვალის მომსახურება, ვიდრე ღარიბი ქვეყნებისთვის. ამასთან ერთად, მდიდარ ქვეყნებს გასესხებულიც აქვთ სხვა ქვეყნების მთავრობებზე და წმინდა დავალიანება გაცილებით ნაკლები აქვთ.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი მთავრობის ვალი სომხეთს აქვს, მშპ-ის მიმართ 48% და მსოფლიოში 103-ე ადგილზეა. შემდეგ თურქეთი მოდის მშპ-ის მიმართ 22.5%-ით. აზერბაიჯანის მთავრობის ვალი მშპ-ის 16.5%-ია, რუსეთის კი მშპ-ის 19.3%.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი დავალიანება ბრუნეის მთავრობას აქვს – მშპ-ის 1.3%. შემდეგ მოდის ტუვალუ მშპ-ის მიმართ 2.5%-ით და თურქმენეთი მშპ-ის მიმართ 2.9% დავალიანებით. დაბალი დავალიანება ძირითადად ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნებს აქვთ.

ყველაზე მაღალი მთავრობის ვალის მქონე 10 ქვეყანა, 2026 წლის ბოლო

 ქვეყანამშპ-ის მიმართ, %
1სუდანი334
2იაპონია199
3სინგაპური166
4ბაჰრეინი163
5იტალია138
6საბერძნეთი136
7მალდივის კუნძულები131
8აშშ127
9ლიბია125
10საფრანგეთი118

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა