თბილისი განსაკუთრებული კულტურული მოვლენის მოლოდინშია — 16 ნოემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 20 წლის კომპოზიტორის, ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძის მასშტაბური ოთხნაწილიანი სავიოლინო კონცერტის, „სატურნის პოემას“ (Poems of Saturn) მსოფლიო პრემიერა გაიმართება. გენერალური რეპეტიციები უკვე დასკვნით ფაზაშია და დედაქალაქი თანამედროვე ქართული კლასიკური მუსიკის ისტორიაში ახალი ფურცლის გადასაშლელად ემზადება.
კლასიკური მუსიკის სამყაროში იშვიათი პრეცედენტია, როდესაც მსგავსი მასშტაბისა და სიღრმის ნაწარმოების ავტორი 20 წლის შემოქმედია. ანასტასია, რომელიც თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია (პროფესორ მაკა ვირსალაძის კლასი), საკუთარ თავში პიანისტის, დირიჟორის, კომპოზიტორისა და მომღერლის მრავალმხრივ ნიჭს აერთიანებს. სწორედ ეს სინთეზი განსაზღვრავს მის უნიკალურ მუსიკალურ ხელწერას.

ნაწარმოების მთავარი ინსპირაცია ფრანგი სიმბოლისტის, პოლ ვერლენის პოეზია (Poèmes saturniens) გახდა. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, მუსიკა ადამიანის შინაგან სამყაროსა და იმ განცდებს იკვლევს, რომელთა სიტყვებით გადმოცემა ხშირად შეუძლებელია:
„არ მინდოდა, მუსიკას კონკრეტული ამბავი მოეყოლა ან მსმენელისთვის წინასწარ განსაზღვრული ემოცია ეკარნახა. პირიქით, მსურდა შემექმნა სამყარო, რომელშიც თითოეული ადამიანი საკუთარ ისტორიას იპოვიდა. ჩემთვის მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა სწორედ ეს არის — მას შეუძლია გამოხატოს ის, რასაც ზოგჯერ საკუთარ თავსაც ვერ ვეუბნებით. სატურნის სიმბოლიკა ჩემთვის სწორედ იმ სევდასა და სილამაზეს უკავშირდება, რომელიც ვერლენის პოეზიაში იგრძნობა,“ — აღნიშნავს ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძე.
ტრადიციულად, სავიოლინო კონცერტი ორკესტრისა და სოლო ვიოლინოს დიალოგზეა აგებული, თუმცა ახალგაზრდა კომპოზიტორი არღვევს დადგენილ ჩარჩოებს და ჟანრში ახალ ფორმას ამკვიდრებს — ვიოლინოსა და ორკესტრს იგი გუნდსა და სოლო ვოკალს უმატებს. აღსანიშნავია, რომ პრემიერაზე ვოკალურ პარტიას თავად ავტორი შეასრულებს. ნაწარმოების მთავარი სოლისტის ამპლუაში მსმენელის წინაშე ცნობილი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე წარდგება, ხოლო მსოფლიო პრემიერას მაესტრო სოსო ჯუღაშვილი იდირიჟორებს.

დირიჟორი ნაწარმოების სირთულესა და მუსიკალურ სიმწიფეს უსვამს ხაზს:
„ეს სავიოლინო კონცერტი შემსრულებლებისგან როგორც ტექნიკურ სრულყოფილებას, ისე მრავალფეროვან ემოციურ დატვირთვას ითხოვს. თითოეული ნაწილი სავსეა გამოწვევებით სოლისტისა და ორკესტრისთვის. ოსტატურადაა გამოყენებული ქართული ხალხური მუსიკის მოტივები, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინალი — სადაც სოლისტ-მევიოლინესა და ორკესტრთან ერთად, გუნდი და ვოკალისტი ერთვება. მსგავსი შემადგენლობა ხაზს უსვამს ნაწარმოების გრანდიოზულობასა და მის დედააზრს,“ — აფასებს სოსო ჯუღაშვილი.

პრემიერის მასშტაბურობაზე ამახვილებს ყურადღებას მთავარი სოლისტი, ვერიკო ჭუმბურიძეც:
„მუსიკა შემსრულებლისგან ბევრს მოითხოვს — როგორც ტექნიკურად, ისე მუსიკალურად. განსაკუთრებით შთამბეჭდავი სწორედ მეოთხე ნაწილია, სადაც ორკესტრს გუნდი უერთდება და ნაწარმოები სულ სხვა მასშტაბს იძენს. ახალი ნაწარმოების აღმოჩენა და საკუთარი ინტერპრეტაციით მსმენელთან გაზიარება ყოველთვის განსაკუთრებული მღელვარებაა.“
თავად კომპოზიტორისთვის, 20 წლის ასაკში მსგავსი მასშტაბის შემადგენლობასთან მუშაობა არა მხოლოდ პროფესიული ტრიუმფი, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა:
„ყველაზე ზუსტი სიტყვა ალბათ მადლიერებაა. როდესაც შენს მიერ შექმნილ მუსიკას ისეთი ადამიანები აცოცხლებენ, რომელთა პროფესიონალიზმსაც დიდ პატივს სცემ, ეს უდიდესი პატივია. 20 წლის ასაკში ასეთი მასშტაბის ნაწარმოების განხორციელება მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, მაგრამ კომპოზიტორისთვის მთავარი მაინც ის პასუხისმგებლობაა, როცა ხვდები, რომ შენი მუსიკა უკვე მარტო შენ აღარ გეკუთვნის. ის დამოუკიდებელ სიცოცხლეს აგრძელებს და სხვა ადამიანების გულებამდე უნდა მივიდეს,“ — დასძენს ანასტასია.

საღამო ორი განყოფილებისგან შედგება. პირველი ნაწილი მთლიანად დაეთმობა „სატურნის პოემას“ მსოფლიო პრემიერას, ხოლო მეორე განყოფილებაში მსმენელი კლასიკური მუსიკის აღიარებულ შედევრებს მოისმენს, რომლებსაც ქართული საოპერო სცენის ვარსკვლავები და ახალგაზრდა ტალანტები გააცოცხლებენ. მეორე მოქმედებას ჟორჟ ბიზეს „კარმენის“ უვერტიურა გახსნის. ამასთან, საღამო ახალი სახელების აღმოჩენის პლატფორმადაც იქცევა: დიდ სცენაზე შედგება ახალგაზრდა ვოკალისტების სადებიუტო გამოსვლა — ამირან მენოგნიშვილი მოცარტის „ფიგაროს ქორწინებიდან“ ფიგაროს არიას (Non più andrai), ხოლო ლუკა კაპანაძე „დონ ჟუანიდან“ ლეპორელოს არიას (Notte e giorno faticar) შეასრულებს.
საღამოს პროგრამა აერთიანებს გუსტავ მალერის ურლიხტს (Urlicht) ირინა შერეზადაშვილის შესრულებით; რიხარდ ვაგნერის „სიმღერას საღამოს ვარსკვლავზე“ ზაალ ხელაიას შესრულებით; სენ-სანსის არიას „სამსონი და დალილადან“ (Mon cœur s’ouvre à ta voix) კვლავ ირინა შერეზადაშვილის შესრულებით და ხოსეს არიას „კარმენიდან“ (La fleur que tu m’avais jetée), რომელსაც ოთარ ჯორჯიკია წარადგენს. თავად ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძე კი მალერის Wo die schönen Trompeten blasen-ს შეასრულებს.
კონცერტის კულმინაციური აკორდი შარლ გუნოს ოქტეტი და გუნდი იქნება, რომელსაც ქეთევან პაპინაშვილი, ქეთევან კარდანახიშვილი, ლუკა კაპანაძე, ამირან მენოგნიშვილი, რატი ჯულაყიძე, ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძე, ირინა შერეზადაშვილი და ოთარ ჯორჯიკია ერთობლივად შეასრულებენ. საღამოს ეპიკურ ჟღერადობას უზრუნველყოფენ ოპერის ორკესტრი, ოპერის გუნდი და ვოკალური ანსამბლი COV (Colors of the Voice).
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 16 ნოემბრის მოვლენა სცდება ტრადიციული საკონცერტო ფორმატის ფარგლებს და სტუმრებს სრულფასოვან სოციალურ-კულტურულ გამოცდილებას სთავაზობს. 19:00 საათიდან, თეატრის კარის გაღებისთანავე (Door Open), სტუმრებს მარცხენა ლურჯი დარბაზი სრულიად ახალი კონცეფციით დახვდებათ, სადაც სპეციალურად საღამოსთვის შექმნილი სივრცე — „Saturn Bar“ განთავსდება.
სწორედ მარცხენა ლურჯი დარბაზი იქცევა Welcome-ისა და ანტრაქტის მთავარ მიზიდულობის ცენტრად. აქ მოეწყობა თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიცია და გაიმართება მხატვრების — ირაკლი ჩიქოვანის, ნატალია კუციასა და გიორგი კიკაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ ინიციატივას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ახლავს თან: გამოფენიდან მიღებული სრული შემოსავალი მიმართული იქნება იმ სტუდენტების საგანმანათლებლო დაფინანსებისკენ, რომლებსაც ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროებათ.
ფინალური სამზადისი დასასრულს უახლოვდება, სარეპეტიციო პროცესი პიკშია და 16 ნოემბერს თბილისის კულტურული კალენდარი ახალი, ისტორიული მოვლენით შეივსება.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.
S








