CIA-სა და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის სისტემები კიბერშეტევის სამიზნე გახდა

CIA-სა და აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის სისტემები კიბერშეტევის სამიზნე გახდა

ფოტო: Beata Zawrzel—NurPhoto/Getty Images

 

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის არაკლასიფიცირებულ კომპიუტერულ სისტემებში კიბერშეღწევის ფაქტი გამოვლინდა. The New York Times-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა ღია წყაროებიდან მიღებულ სადაზვერვო ინფორმაციის ბაზებზე წვდომა მოიპოვეს. კიბერშეტევის მასშტაბი, ისევე როგორც ის, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან, ამ დროისთვის უცნობია.

The New York Times-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰაკერული თავდასხმის სამიზნე ღია წყაროების სადაზვერვო მონაცემთა ბაზები (OSINT) გახდა. OSINT-ის ბაზები საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას აერთიანებს, მათ შორის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მასალებსა და სატელიტურ გამოსახულებებს. ამ უკანასკნელს უწყებებს, როგორც წესი, კომერციული კომპანიები სადაზვერვო ანალიზისთვის აწვდიან.

გამოცემის წყაროების ვარაუდით, კიბერშეღწევას შესაძლოა სხვა სამთავრობო უწყებებიც მოეცვა. აქვე საინტერესოა, რომ აღნიშნული ინციდენტი აშშ-ის სახელმწიფო უწყებებსა და მსხვილ ორგანიზაციებში ბოლო კვირების განმავლობაში დაფიქსირებულ ტექნიკურ შეფერხებებსა და კიბერუსაფრთხოების სხვა პრობლემებს ემთხვევა.

ამასთან, გასულ კვირას CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) კრიმინალური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის (NCIC) მონაცემთა ბაზაზე განხორციელებულ სავარაუდო კიბერშეტევას იკვლევდა. კიბერშეტევის შესაძლო ინციდენტის შესახებ, რომელმაც ფერმერებისთვის განკუთვნილი ონლაინგადახდების სერვისის მუშაობა შეაფერხა, განაცხადა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმაც.

NCIC-ის შესაძლო გატეხის ფაქტზე გასულ კვირას Fox News-თან ინტერვიუში კითხვები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც დაუსვეს. საყურადღებოა, რომ ტრამპს ინციდენტი არ უარყვია, ხოლო შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა: „ვიტყვი, რომ ეს კარგი ამბავი არაა, არ მომწონს“.

თუმცა პარალელურად, აშშ-ის ოფიციალური პირები, მათ შორის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯეი კლეიტონი, აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებში — მათ შორის რამდენიმე ბანკსა და Microsoft-ში — დაფიქსირებულ ტექნიკურ შეფერხებებს შორის კავშირი არ იკვეთება და ამის დასადასტურებლად არც მტკიცებულებები არსებობს.