ფოტო: Ben Sklar for Fortune
Dell Technologies-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ დელმა, ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ინდუსტრიაში სომხეთის მზარდ როლზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კომპანია Firebird AI-სა და NVIDIA-სთან დაკავშირებულ ერთობლივ ინიციატივაზე და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაფართოება სომხეთში მაღალი წარმადობის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„სომხეთი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გლობალურ ჰაბად ყალიბდება. გვეამაყება, რომ ვაფართოებთ პარტნიორობას Firebird AI-სთან, რაც სომხეთში მსოფლიო დონის კიდევ უფრო მეტ გამოთვლით სიმძლავრეს შეიტანს და დააჩქარებს ინოვაციების განვითარებას მთელ მსოფლიოში“, – დაწერა მაიკლ დელმა სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინოვაციებისთვის, ტექნოლოგიური განვითარებისთვის და სომხეთის, როგორც გლობალური ტექნოლოგიური ცენტრის, პოზიციის გასაძლიერებლად.
მაიკლ დელის განცხადება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, Firebird AI-ის ცნობით, კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების მომდევნო ეტაპისთვის Dell Technologies-ი შეარჩია. თანამშრომლობის ახალი ეტაპი სომხეთში, ჰრაზდანში, AI-კლასტერის პირველი ფაზის დასრულებას მოჰყვა. პროექტი Dell PowerRack-ის სისტემაზეა დაფუძნებული, რომელიც Dell PowerEdge-სერვერებსა და NVIDIA Blackwell-ის გრაფიკულ პროცესორებს აერთიანებს.
პირველი ფაზის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურა სომხეთსა და რეგიონში მკვლევრებს, დეველოპერებსა და ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტის გამოთვლით რესურსებზე წვდომას სთავაზობს. სისტემა უკვე ოპერირებს და გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში, ავტონომიურ სისტემებში, კოსმოსურ ტექნოლოგიებსა და ა.შ.
პროექტის მომდევნო ეტაპი ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლებისა და მათზე დაფუძნებული სისტემების მუშაობისთვის საჭირო გამოთვლითი სიმძლავრეების გაფართოებას ითვალისწინებს. შედეგად, Firebird AI გეგმავს, მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციულ მომხმარებლებს მოემსახუროს და ამავდროულად გლობალურ AI-ეკოსისტემაში სომხეთის როლი გააძლიეროს.
ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ის დათვლებით, მაიკლ დელის ქონება $186.8 მილიარდს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის გამოცემის რეიტინგში მე-6 ადგილზეა. რაც შეეხება Dell Technologies-ს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $189 მილიარდს უტოლდება და საჯაროდ დალისტულ კომპანიებს შორის ამჟამად ღირებულებით 90-ე პოზიციაზეა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









