"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა “გაზპრომი“?
“გაზპრომი“ ყველაზე მაღალშემოსავლიანი რუსული კომპანიაა. 2018 წელს “გაზპრომმა“ 119 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. მსოფლიოში კი შემოსავლების მიხედვით 42-ე ადგილზეა. კომპანიაში 466 ათასი ადამიანია დასაქმებული. მისი სიმდიდრე რუსეთის გაზის საბადოებზე და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე დგას.
1965 წელს საბჭოთა კავშირში ბუნებრივი აირის ინდუსტრიის სამინისტროს ბუნებრივი აირის მოპოვების და განაწილების ცენტრალურად მართვა დაევალა. 1970-იან და 1980-იან წლებში სამინისტრომ ციმბირში, ურალში და ვოლგას რეგიონში გაზის დიდი საბადოები აღმოაჩინა. საბჭოთა კავშირი გაზის ყველაზე მსხვილი მომპოვებელი გახდა.
1989 წელს ბუნებრივი აირის ინდუსტრიის სამინისტრო, რომელსაც რუსეთის მომავალი პრემიერ მინისტრი, ვიქტორ ჩერნომირდინი ხელმძღვანელობდა, ბუნებრივი აირის სახელმწიფო კონცერნად, ანუ “გაზპრომად“ გადაკეთდა. ეს იყო საბჭოთა კავშირის პირველი კორპორატიული საწარმო. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გაზის ინდუსტრიის აქტივები ახალდაფუძნებულ კომპანიებზე გადანაწილდა. “გაზპრომმა“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული აქტივები შეინარჩუნა და გაზის სექტორში მონოპოლისტი გახდა.
1992 წელს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, “გაზპრომი“ სააქციო კომპანია გახდა და ვაუჩერების მეთოდით აქციების გაყიდვა დაიწყო, რაც კომპანიის ნაწილობრივ პრივატიზაციას ნიშნავდა. რუსეთის მოქალაქეებს სახელმწიფო კომპანიების წილის შესაძენად ვაუჩერები დაურიგდათ. 1994 წლისთვის კომპანიის 33% გასხვისდა 747 ათას აქციონერზე. აქციების 15% კომპანიის თანამშრომლებზე განაწილდა.
2000 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო კომპანიებზე კონტროლი გაამკაცრა, ჩერნომირდინი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან მოხსნა და მის ნაცვლად დიმიტრი მედვედევი დანიშნა, რომელიც ამ პოსტს 2008 წლამდე ინარჩუნებდა. პუტინმა “გაზპრომს“ გაუუქმა ის საგადასახადო შეღავათები, რაც ჩერნომირდინის დროს დაწესდა.
2002 წელს “გაზპრომმა“ იმ დროისთვის ერთადერთი კერძო ეროვნული მაუწყებელი “NTV“ შეისყიდა. შეიქმნა ახალი კომპანიები “გაზპრომბანკი“, “გაზპრომ ფონდი“, გაზპრომ ინვესტი“ და ა.შ.
რუსეთის მთავრობამ თანდათანობით “გაზპრომის“ აქციები გამოისყიდა და საბოლოოდ მის ხელში 50%-ზე მეტი დაბრუნდა. აიკრძალა კომპანიის აქციების 20%-ზე მეტის უცხოელებზე მიყიდვა. 2005 წელს “გაზპრომმა“ 13 მილიარდ დოლარად ნავთობის კომპანია “სიბნეფტი“ იყიდა და “გაზპრომ ნეფტი“ დაარქვა. ამ ტრანზაქციით “გაზპრომი“ რუსეთის ყველაზე მდიდარი კომპანია გახდა, მისი ღირებულება 123 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 2006 წელს პუტინის გადაწყვეტილებით “გაზპრომს“ რუსეთიდან გაზის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.
2000-იანი წლებიდან მოყოლებული “გაზპრომი“ აქტიურად აშენებდა გაზის მილსადენებს, როგორც ევროპის, ასევე აზიის მიმართულებით. გამორჩეულია 2011 წელს ექსპლოატაციაში შესული “ჩრდილოეთის ნაკადი“, რომელმაც ევროპისთვის გაზის მიწოდების პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდა. 2018 წელს “გაზპრომმა“ ევროპას რეკორდულად მაღალი მოცულობის გაზი მიაწოდა – 713 მლნ კუბური მეტრი დღეში. 2018 წლის სექტემბერში მილსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა დაიწყო.
“გაზპრომის“ გამდიდრებას გაზზე ფასების ზრდაც უწყობდა ხელს. 2004 წელს ევროპა რუსეთისგან ათას კუბურ მეტრ გაზს 102 დოლარად ყიდულობდა, 2008-ში კი ფასი უკვე 313 დოლარი იყო. 2013 წელს კი საშუალო ფასი 380 დოლარი იყო.
ბოლო წლებში გაზი გაიაფდა. ევროპის ქვეყნებს რუსეთი გაზს 170-250 დოლარის ფარგლებში აწვდის. რუსული გაზის გაიაფება გარკვეულწილად 2015 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, “გაზპრომზე“ დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა. 2014 წელს მისი შემოსავლები 120 მლნ დოლარიდან 70 მლნ დოლარამდე დაეცა. მომდევნო წლებში გაიაფება და ბაზრის დივერსიფიკაცია “გაზპრომის“ მთავარი სტრატეგია გახდა, რამაც კომპანიის შემოსავლები 2014 წლამდელ დონეს დაუბრუნა.
“გაზპრომის“ მიზანი მხოლოდ მოგება არ არის, ზოგ შემთხვევაში ის რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური სადამსჯელო ბერკეტია, რომელიც ბევრჯერ გამოიყენა სხვადასხვა ქვეყნის მიმართ.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024