მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროპაში ვაქცინაციის პროცესი „მიუღებლად ნელი ტემპით“ მიმდინარეობს. WHO-ს განცხადებით, ამ რეგიონში ვითარება ახლა გაცილებით უფრო სამწუხაროა, ვიდრე ამ დრომდე იყო.
„ვაქცინა საუკეთესო გზაა პანდემიისგან თავის დასაღწევად. თუმცა ვაქცინაციის პროცესი მიუღებლად ნელა მიმდინარეობს, რაც პანდემიას ევროპის რეგიონში ახანგრძლივებს. უნდა დავაჩქაროთ პროცესები წარმოების გაზრდით, ბარიერების შემცირებით და გამოვიყენოთ თითოეული ფლაკონი, რაც უკვე გვაქვს შექმნილი“, – განაცხადა WHO-ს დირექტორმა ევროპაში, ჰანს კლუგემ.
გასულ კვირას WHO-ს ევროპის რეგიონში, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს რუსეთის აღმოსავლეთიდან დაწყებული გრენლანდიამდე, კოვიდ-ინფექციის შემთხვევების ზრდა შეინიშნებოდა. WHO-ს ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში 1.6 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 24 000 ადამიანი გარდაიცვალა. რეგიონში მცხოვრები 900 მილიონი ადამიანიდან ჯერჯერობით მხოლოდ 10%-ს აქვს მიღებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა, ხოლო ევროკავშირის მოსახლეობის მხოლოდ 16%-ია აცრილი ერთი დოზით.
ევროპის რეგიონი ვაქცინაციასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. დავიწყოთ იმით, რომ რეგიონმა ვერ მიიღო საკმარისი რაოდენობის ვაქცინა. იმ მწარმოებლებთან, ვისთანაც ევროკავშირმა ხელშეკრულება გააფორმა, მათ შორის Pfizer-BioNTech-სა და Moderna-სთან, მიწოდების და დისტრიბუციის პრობლემა შეიქმნა. ამასთან, ევროპელი მარეგულირებლები თავს იკავებენ სხვადასხვა ქვეყნის ვაქცინის ავტორიზაციისგან, რის გამოც ცალკეულმა ქვეყნებმა რუსული და ჩინური ვაქცინის გამოყენება მაინც დაიწყო. ამას დაემატა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერებაც, რასაც თრომბის წარმოქმნას უკავშირებდნენ. მოგვიანებით ევროპის ქვეყნებმა ამ კომპანიის ვაქცინის გამოყენება აღადგინა, თუმცა რამდენიმე სახელმწიფო აცხადებს, რომ მას მხოლოდ 55 წელზე მეტი ასაკის პირების ასაცრელად გამოიყენებენ. ასეთი ქვეყანაა, მაგალითად, გერმანია.