როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო, Pfizer-ისა და BioNTech-ისთვის გამოწვევა მხოლოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა კი არა, მისი მილიონობით დოზის დამზადება იყო.
კომპანიის მომარაგების პრეზიდენტი, მაიკ მაკდერმოტი, ამბობს, რომ აშშ-ის შემთხვევაში მარტის თვის მიზანი, ანუ ქვეყნის 120 მილიონი დოზით უზრუნველყოფა, შესრულებულია.
„24/7-ის განმავლობაში ვმუშაობთ, რათა იმდენი დოზა დამზადდეს, რამდენიც შესაძლებელია. მთავარი ახლა ძირითად დანიშნულებამდე მისვლაა, რაც ამ წელს ვაქცინის 2 მილიარდი დოზის შექმნას მოიაზრებს“, – ამბობს მაკდერმოტი.
ცნობისთვის, Pfizer-ის ყველაზე დიდი საწარმო მიჩიგანის შტატში, ქალაქ კალამაზუში მდებარეობს. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვაქცინის კლინიკური ცდების დაწყებამდე მოსამზადებელ სამუშაოებსა და, მათ შორის, საწარმოს აშენებას, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ არც არსებობდა, $500 მილიონი დასჭირდა.
მაკდერმოტი CNN-თან ინტერვიუში ვაქცინის შექმნის პროცესს იხსენებს: „ვიცოდით, რომ დესერტი უნდა დაგვემზადებინა, მაგრამ უცნობი იყო, ზუსტად რომელი. თავდაპირველად დავიწყდეთ ინგრედიენტების ყიდვა, მაგრამ საკუჭნაოს ავსება ძალიან, ძალიან ძვირი დაჯდა“.
აქვე გეტყვით, რომ ვაქცინის წარმატებით გამოცდისა და ავტორიზების მოპოვების შემდეგ Pfizer-ი კვირაში 3-4 მილიონ დოზას ამზადებდა. ეს რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა და ამჟამად 13 მილიონს აღწევს. კომპანიის მიზანი 3-4 თვეში წარმოების გაორმაგებაა, რაც თვეში დაახლოებით100 მილიონი დოზით უზრუნველყოფას მოიაზრებს. ამასთან, როგორც წინასწარ ცნობილია, Pfizer-ს ივლისისთვის აშშ-სთვის ვაქცინის 300 მილიონი დოზა უნდა ჰქონდეს მიწოდებული.
შეგახსენებთ, რომ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია. მისი მასობრივი გამოყენება პირველად გაერთიანებულმა სამეფომ დაიწყო და 8 დეკემბერს პირველი მოქალაქე აცრა, მოგვიანებით ვაქცინამ ავტორიზაცია აშშ-შიც გაიარა, 25 მარტს კი საქართველომ მისი 29 250 დოზა მიიღო.