„თიბისის“ მიერ HORECA-ს ჯამური დაფინანსება 130 მილიონი ლარია, – ამის შესახებ Forbes Georgia-ს აპრილის თვის გამოცემასთან ინტერვიუში „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი თხელიძემ ისაუბრა.
თხელიძე ამბობს, რომ „თიბისისთვის“ ბიზნესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კარგ დროს, როცა ის მოგებას გენერირებს, არამედ გამოწვევებით სავსე პერიოდშიც, როდესაც მას რეალური მხარდამჭერი სჭირდება. სწორედ ასეთია პანდემიის პერიოდიც, რომელმაც HORECA-ს სექტორი განსაკუთრებით დააზარალა, ამ პროცესში კი ბანკების მხარდაჭერის როლი გაიზარდა.
„თუ სათანადო რისკს არ აიღებ და შემდეგ ბიზნესთან ერთად არ გამოხვალ კრიზისიდან, გამოდის, რომ პირიქით, ბიზნესისთვის კრიზისს აღრმავებ“, – ამბობს გიორგი თხელიძე. – „ბიზნესისა და ბანკის კეთილდღეობა ძალიან გადაბმულია, განსაკუთრებით – საშუალოვადიან პერსპექტივაში. ბიზნესს თუ არ ეხმარები გამოწვევების დაძლევაში, კრიზისულმა სიტუაციამ შესაძლოა, ბანკიც ჩაითრიოს“, – ამბობს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე Forbes Georgia-სთან ინტერვიუში.
თიბისი მზადაა, ოდნავ მეტი რისკი აიღოს და შემდეგ ბიზნესთან ერთად სწორად მართოს ეს რისკები, ვიდრე თქვას მარტივი პასუხი – უარი.
„იყო მოსმენისა და სამოქმედო გეგმის ერთად შემუშავების მომენტი და ეს პარტნიორობა დღესაც გრძელდება, – აღნიშნა თხელიძემ და მაგალითად „ლოპოტა“ მოიყვანა. – მაშინ გოგამაც (მაისურაძე) კარგად აგვიხსნა, რომ ლოიალური დამსვენებლებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, დაწყებული პროექტები არ გაჩერებულიყო – „ლოპოტა არ ჩერდება“ იქნებოდა კარგი გზავნილი, რომელიც მომავალში აუცილებლად იმუშავებდა“, – იხსენებს გიორგი თხელიძე.
შედეგად, წელს, პანდემიის მიუხედავად,ლოპოტას დამსვენებლებს ჩოგბურთის განახლებული კორტები, ერთი ახალი რესტორანი და კიდევ, დამატებით, 51 სასტუმრო ნომერი მაინც დახვდებათ. „ჯობია, ასეთ დროს ცოტა მეტად დაიჯერო, მეტი რისკი აიღო და რთულ პერიოდში დაამტკიცო რეალური პარტნიორობა“, – ამის სჯერა გიორგი თხელიძეს. და ლოპოტა მხოლოდ ერთი მაგალითია.
2020 წელს თიბისის მხარდაჭერით დაწყებულ თუ გაფართოებულ ბიზნესებს შორის ხვდება ასევე: „ნოვა“ – 2 ახალი მეგაცენტრი თბილისსა და ბათუმში, ჯამში 3 მილიონი ლარიდან ნახევარი თიბისის თანამონაწილეობა იყო; კლინიკა „ბომონდი“ – 2 ახალი საავადმყოფო ფოთსა და ქობულეთში; საწარმო „ქართული ტექსტილი“ – რუსთავში შეკერილი სპორტული ტანსაცმელი ექსპორტზე გადის, ჯამში 20 მილიონი ლარიდან ნახევარი თიბისის თანამონაწილეობა იყო. კრიზისის დროს, თიბისის დაფინანსებით, კომპანიებმა ისეთი პროდუქციის წარმოებაც შეძლეს, როგორიცაა, მაგალითად, პირბადე: კომპანიებმა – „მედიფარი“ და „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ – თიბისისგან დაფინანსება სწორედ კრიზისულ პერიოდში მიიღეს. ამასთან, ეს 2020 წელს დაფინანსებული ბიზნესების არასრული ჩამონათვალია.