მცირე და საშუალო ბიზნესის (ე.წ. SME-ები) კატეგორიას მსოფლიო კომპანიების დაახლოებით 90%-მდე მიეკუთვნება. ამასთანავე, სამუშაო ადგილების 60-70% სწორედ ამ სექტორზე მოდის. ამგვარად, მცირე და საშუალო ბიზნესი გლობალური ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თუმცა ამავდროულად, ეს სექტორი ეკონომიკური შოკების მიმართ განსაკუთრებით დაუცველიცაა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ SME-ები დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ტურიზმის სექტორში, ცხადია, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მწვავე შედეგები მოიტანა.
ამ შედეგების შესასწავლად 2021 წლის თებერვალში Facebook-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც 27 ქვეყნის 35,000-მდე SME-ი მონაწილეობდა. ამ კვლევაში SME-ებად მოიაზრება ყველა ის კომპანია, რომელთაც 250-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავს. გამოკითხვამ საკმაოდ მძიმე სურათი აჩვენა.
როგორც აღმოჩნდა, პანდემიის დაწყებიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე, ბევრ მცირე თუ საშუალო კომპანიას ისევ უჭირს ფუნქციონირების გაგრძელება. 2021 წლის თებერვალში გამოკითხული SME-ების დაახლოებით 1/4 -მა კი განაცხადა, რომ საქმიანობის შეჩერება მოუწია. აღსანიშნავია, რომ ეს საკმაოდ დიდი ზრდაა 2020 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ამ კომპანიების 8% ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. საინტერესოა, რომ ბოლო გამოკითხვის შემდეგ ყველაზე მეტად დახურული კომპანიების რიცხვი ევროპაში გაიზარდა. ამასთანავე, იმ SME-ებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ, 30%-მა განაცხადა, რომ ამ პერიოდში თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოუწია.მათი ნახევარი კი აცხადებს, რომ მომავალი ექვსი თვე მაინც არ გეგმავს ამ გათავისუფლებული თანამშრომლების უკან დაბრუნებას.
აღსანიშნავია, რომ პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა შედეგებმა არათანაბრად იმოქმედა კაცებსა და ქალებზე. თუ მსოფლიოში კაცების ხელმძღვანელობაში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესების 21% დაიხურა, ქალების ხელმძღვანებლობაში მყოფი SME-ების 27%-ს მოუწია საქმიანობის შეწყვეტა.
მეორე მხრივ, საინტერესოა ისიც, რომ პანდემიის მიერ შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად გამოკითხული მცირე და საშუალო ზომის კომპანიების 60%-მა განაცხადა, რომ რაღაც მაინც შეცვალა თავისი ბიზნესის წარმოების პროცესში. ეს ძირითადად გამოიხატება ციფრული ტექნოლოგიების უკეთესად ადაპტაციასა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის ახალი ფორმების დანერგვაში. ამ ცვლილებების შედეგად, ზოგიერთმა კომპანიამ უფრო მეტ მომხმარებელზე გასვლა და ციფრული გაყიდვების გაზრდა შეძლო.
ამასთანავე, SME-ების 34% აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლების მეოთხედს მაინც მოვალეობების ძირითადი ნაწილის შესრულება დისტანციურად შეუძლია. მიუხედავად ამისა, დისტანციური მუშაობის შესაძლებლობის მქონე ვაკანსიების რიცხვით SME-ები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დიდ კომპანიებს. OECD-ის კვლევამ კი აჩვენა, რომ პანდემიის დროს შექმნილი სამუშაო პირობებთან დაკავშირებული მოლოდინები პანდემიის დასრულების შემდეგ ნაკლებად შეიცვლება, რაც ნიშნავს, რომ ყველა ზომის კომპანიას მოუწევს თავიანთი კომპანიების მეტად „გაციფრულება“. სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც დისტანციური ვაკანსიების შეთავაზების შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ, თანამშრომლების (განსაკუთრებით კი მაღალკვალიფიცირებული კადრების) მოზიდვა გაუჭირდებათ.