მსოფლიოს წამყვანმა რვა სადაზღვევო და გადამზღვევმა კომპანიამ გასული კვირის ბოლოს კლიმატური ალიანსი შექმნა. მისი მიზანია, დაეხმაროს ეკონომიკებს რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ ნულოვანი გამონაბოლქვის სისტემაზე.
აღნიშნულ ალიანსში ევროპის სამი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია ერთიანდება. Allianz-ის, AXA-სა და Generali-ს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნულოვანი გამონაბოლქვის სადაზღვევო ალიანსის (NZIA) ამოცანა 2050 წლისათვის სასათბურე აირების სრულად გაქრობა იქნება.
სადაზღვევო კომპანიების ამგვარი ნაბიჯი ბოლო დროს მათი მისამართით გახშირებული პრეტენზიების შედეგია. სულ უფრო მეტად იზრდება ზეწოლა სადაზღვევო კომპანიების მიმართ, რათა წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ აპირებენ საკუთარ საქმიანობაში ნახშირბადის შემცირებას.
ალიანსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყოველი კომპანია ინდივიდუალურად დაუწესებს საკუთარ თავს 5-წლიან მიზნებს და ყოველი წლის ბოლოს მოხსენებით წარდგება ალიანსის წევრი სხვა სადაზღვევო კომპანიების წინაშე.
გარდა ზემოთ აღნიშნული კომპანიებისა, ალიანსში ერთიანდებიან სხვა სადაზღვევო გაერთიანებებიც: Aviva, Munich Re, SCOR-ი, Swiss Re და Zurich Insurance Group-ი. კომპანიები ირწმუნებიან, რომ ისინი დააწესებენ ნახშირბადინტენსიური აქტივობების კრიტერიუმებს და შემოგვთავაზებენ გამოსავალს დაბალი და ნულოვანი გამონაბოლქვის ტექნოლოგიების დასანერგად.
ალიანსის დაარსების შესახებ ინფორმაცია სადაზღვევო კომპანია Generali-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვენეციაში, დიდი 20-ის კლიმატის სამიტზე გააჟღერა. გარდა ზემოხსენებული კომპანიებისა, ეკომეგობრული პოლიტიკა ევროპაში მოქმედმა სხვა ბევრმა სადაზღვევო კომპანიამ დანერგა.