მედიცინაში პირველად, პარალიზებული ადამიანის ტვინში, რომელსაც მეტყველების უნარი არა აქვს, კომპიუტერის მეშვეობით აღადგინეს ის ტექსტი, რომლის წარმოთქმაც მას სურდა.
მიღებული შედეგის განვითარებასა და დახვეწას, რა თქმა უნდა, წლები დასჭირდება, თუმცა ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მედიცინის ისტორიაში, რათა სამომავლოდ კომუნიკაციის დამყარება მოვახერხოთ იმ პირებთან, რომელთაც მეტყველების უნარი დაავადების ან რაიმე ინციდენტის გამო დაკარგეს.
დღეს, ექსპერიმენტების მეშვეობით, უნარშეზღუდულ პირებთან კონტაქტის დამყარება სხვადასხვა, თუმცა ძალზე შეზღუდული გზებით ხდება. მაგალითად, ერთ-ერთი ექსპერიმენტის მსვლელობისას, მონაწილე პირი ბეისბოლის კეპზე დამაგრებული ჯოხის მეშვეობით კრეფდა სენსორულ ეკრანზე სასურველ ასოებსა და წინადადებებს, რათა თავისი სათქმელი გადმოეცა. გარდა ამისა, არის სპეციალური ეკრანები, რომლებიც ადამიანის თვალის მოძრაობის მიხედვით აღიქვამს მის აზრს. ბოლო წლებში ხშირია ექსპერიმენტები ტვინის მიერ კონტროლირებული პროთეზის გამოყენებით, როდესაც, მაგალითად, ადამიანები ახერხებენ ხელოვნური ხელის მეშვეობით აამოძრაონ კიდური ან აიღონ ის ნივთი, რომელიც სურთ.
ნეიროპროთეზირების სასაუბრო მოწყობილობის განვითარებაზე კალიფორნიისა და სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის ნეიოროქირურგის, ექიმ ედვარდ ჩენგის, გუნდი მუშაობს. მოწყობილობის მეშვეობით ხდება ტვინის მიერ გამომუშავებული იმპულსების დეკოდირება, რომლებიც ჩვეულებრივ აკონტროლებს ვოკალის ტრაქტს, ბაგეების, ყბის ენისა და ხორხის კუნთების მოძრაობას.
ექიმ ჩენგის ექსპერიმენტის მონაწილე დაახლოებით 30 წლის მამაკაცი იყო, რომელიც 15 წლის წინ ტვინის ტრავმის გამო პარალიზებული გახდა, მათ შორის დაკარგა მეტყველების უნარი. მკვლევრებმა მისი ტვინის ზედაპირზე, კონკრეტულად იმ არეაზე, რომელიც მეტყველების ფუნქციას აკონტროლებს, ელექტროდები განათავსეს. კომპიუტერმა დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც ის ისეთი გავრცელებული სიტყვების წარმოთქმას ცდილობდა, როგორიცაა „წყალი“ და „კარგი“, საბოლოოდ კი 50-მდე სიტყვისა და 1,000-მდე წინადადების განსხვავება მოახერხა. ამას გარდა, ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: „როგორ გრძნობ დღეს თავს?“ და „ხომ არ გწყურია?“, ექსპერიმენტის მონაწილემ ადეკვატური პასუხის გაცემა შეძლო.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 4-5 წამი დასჭირდა კომპიუტერის ეკრანზე იმის გამოჩენას, თუ რის თქმას ცდილობდა ცდისპირი. ამ მოწყობილობას რა თქმა უნდა, უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ჩვეულებრივად ლაპარაკისას სათქმელის გადმოცემას, თუმცა დანარჩენი ექსპერიმენტების დროს მოწყობილობა ბევრად უფრო სწრაფად ფუნქციონირებს.
ჩენგის გუნდს წლები დასჭირდა, რომ ტვინის ის სფერო შეესწავლა, რომელიც მეტყველებაზეა პასუხისმგებელი. ხოლო იმის მისახვედრად, რომ კომპიუტერი ტვინის რეაგირებას სწორად აღიქვამდა, ექსპერიმენტის დაწყებამდე ისეთი სპეციფიკური ფრაზები წარმოათქმევინეს, როგორიცაა, მაგალითად, „გთხოვთ, ჩემი ჭიქა მომაწოდეთ“ და ა.შ.
ექიმი ჩენგი და მისი გუნდი სამომავლოდ გეგმავს, მოწყობილობა უფრო სწრაფად რეაგირებადი გახდეს, ასევე გაუმჯობესდეს სიზუსტე და ლექსიკა და ერთ დღეს შესაძლოა, კომპიუტერული ხმის მეშვეობით ლაპარაკის უნარის არმქონე პირებთან კომუნიკაციის დამყარება უფრო მარტივად შევძლოთ.