Politico: ლიეტუვას ექსპრეზიდენტი გრიბაუსკაიტე NATO-ს გენმდივნის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

Politico: ლიეტუვას ექსპრეზიდენტი გრიბაუსკაიტე NATO-ს გენმდივნის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგის შემცვლელად განიხილება. ამის შესახებ ლიეტუვური გამოცემა Politico Europe-ზე დაყრდნობით წერს.

ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენმდივნის პოზიციას 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს, მისი ვადა 2022 წლის სექტემბერში იწურება. შესაბამისად, უკვე დაწყებულია საუბარი იმაზე, თუ ვინ შეცვლის მას.

Politico-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე მოაზრებულ კანდიდატებს შორის განიხილება სამი ქალი, მათ შორის გრიბაუსკაიტეს გარდა არიან: ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბერ-კიტაროვიჩი და ესტონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი. თუმცა, Politico-ს ცნობით, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან რომელიმე კანდიდატით სტოლტენბერგის ჩანაცვლება „მოსკოვის მიმართ ძალიან მტრული ნაბიჯი იქნება“.

როგორც ცნობილია, ხორვატიის, ლიეტუვას და ესტონეთის გარდა, იტალიაც აპირებს საკუთარი კანდიდატურის წარდგენას.

აღსანიშნავია, რომ დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვას პრეზიდენტის პოსტს ორი ვადით – 2009 წლიდან 2019 წლამდე იკავებდა. ის რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკით გამოირჩეოდა. ერთხელ რუსეთს უკრაინაში შექმნილი კონფლიქტური სიტუაციის ფონზე „ტერორისტული სახელმწიფოც“ კი უწოდა. საქართველოს მიმართ კი გრიბაუსკაიტე მეგობრული ურთიერთობით და საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით იყო ცნობილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *