LinkedIn-ის თანამშრომლები სახლიდან მუშაობას პანდემიის დასრულების შემდეგაც შეძლებენ, – ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, რაიან როსლანსკიმ საკუთარ ბლოგში დაწერა. „ერთმანეთს ვენდობით, რომ საუკეთესო შედეგს დავდებთ იქ, სადაც ჩვენთვის და ჩვენი გუნდებისთვის უკეთეს გარემოს ვიპოვით. ვისწავლეთ, რომ თითოეული ინდივიდი და ჯგუფი სხვადასხვანაირად ფუნქციონირებს და უარს ვამბობთ ყველასათვის ერთნაირი პოლიტიკის დაწესებაზე“, – აღნიშნავს როსლანსკი.
თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიის ეს გადაწყვეტილება მის საოფისე პოლიტიკაზე საგრძნობლად არ აისახება, რადგან თანამშრომელთა 87%-მა განაცხადა, რომ დროთა განმავლობაში, ოფისში მუშაობა სურთ. დღეს LinkedIn-ში 16,000-მდე ადამიანი მუშაობს, რაც მიანიშნებს, რომ საოფისე ინფრასტრუქტურის განვითარებას კომპანია კვლავაც განაგრძობს.
აღსანიშნავია, რომ ოფისებში თანამშრომელთა დაბრუნება სხვა ტექნოლოგიურმა კომპანიებმაც გადადეს: „ფეისბუქის“, „ამაზონისა“ და „გუგლის“ ამერიკული ოფისების თანამშრომლები მათ სამუშაო კაბინეტებს 2022 წლის იანვრამდე ვერ დაუბრუნდებიან.