ბრიტანეთის პოლიციამ ამოიღო USB ბარათი, რომელზეც 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Ethereum იყო განთავსებული

ბრიტანეთის პოლიციამ ამოიღო USB ბარათი, რომელზეც 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Ethereum იყო განთავსებული

ბრიტანელმა დეტექტივებმა საერთაშორისო კრიპტოვალუტებით თაღლითობის აღკვეთისას 22.25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტები ამოიღეს. დაკავებულ ნივთებს შორის კი ერთი USB ფლეშ მეხსიერების ბარათი იყო, რომელიც 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას, ეთერიუმს შეიცავდა. პოლიცია ამჟამად ცდილობს, დაუკავშირდეს აფიორის მსხვერპლებს და უკან დაუბრუნოს საკუთარი ფინანსები.

USB ფლეშ მეხსიერების ბარათი მას შემდეგ ამოიღეს, რაც 23 წლის მამაკაცი და 25 წლის ქალბატონი დააკავეს ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდებებით. დიდი ბრიტანეთის პოლიციის განმარტებით, ამის შემდეგ კიდევ 12.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა ამოიღეს სხვადასხვა საშუალებებით. ეკონომიკური კრიმინალის დანაყოფის ინფორმაციით, ამოღებული თანხის რაოდენობა მთლიანობაში 22.25 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

თაღლითური სქემის მსხვერპლნი მთელი მსოფლიოს ირგვლივ არიან. დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, ჩინეთის, ავსტრალიისა და ჰონგ კონგის მოსახლეობა აღნიშნული აფიორის უდანაშაულო მსხვერპლები გახდნენ. პოლიციის განცხადებით, მათ ეგონათ, რომ თანხა და დანაზოგები სავაჭრო მომსახურების პლატფორმა „Binance“-ზე ჩარიცხეს, რომელიც ინახავს და აღწერს კრიპტოვალუტაში მომხდარ ტრანზაქციებს და აკონტროლებს მათ.

თუმცა, გარკვეული რაოდენობის თანხის ჩარიცხვის შემდეგ, თაღლითები ვებ-საიტს თიშავდნენ, ხოლო დეპოზიტზე არსებულ თანხას კი საკუთარ ანგარიშებზე რიცხავდნენ. დიდი ბრიტანეთის პოლიციის დეპარტამენტი საკუთარ მოსახლეობას მეტი სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *