Apple-ის წლის მთავარი ღონისძიება 14 სექტემბერს გაიმართება

Apple-ის წლის მთავარი ღონისძიება 14 სექტემბერს გაიმართება

Apple-ის წლის მთავარი ღონისძიება, რომელზეც კომპანია, სხვა სიახლეებთან ერთად, უახლეს სმარტფონს, iPhone 13-საც წარადგენს, 14 სექტემბერს, თბილისის დროით საღამოს ცხრა საათზე გაიმართება. ღონისძიება, რომელსაც California streaming-ი ჰქვია, Apple Park-ში ჩაწერილი მორიგი ვირტუალური ტელეგადაცემა იქნება და მის ყურებას Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, პირდაპირ ეთერში შეძლებთ.

როგორც წესი, Apple-ის სექტემბრის ღონისძიება წლის ერთ-ერთ მთავარ ტექნოლოგიურ მოვლენად ითვლება – გამონაკლისი არც წლევანდელი ღონისძიება იქნება, რადგან Apple-სგან უახლეს iPhone 13-ს უნდა ველოდოთ. ახალი სმარტფონი, სავარაუდოდ, წინა თაობის iPhone 12-ის ზომის იქნება, მაგრამ განახლდება სმარტფონის ეკრანი – ის უფრო სწრაფი იქნება, რაც Android-ის სისტემის მქონე ტელეფონების მსგავს გლუვ სქროლვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ახალი თაობის iPhone-ები განახლებული, უფრო მძლავრი კამერებით იქნება აღჭურვილი, რომელთაც ვიდეოს გადაღება არა მხოლოდ Portrait Mode-ში შეეძლებათ, არამედ უკეთესი ხარისხის ფორმატში – ProRes-შიც. მოდელების დიზაინი სავარაუდოდ უცვლელი დარჩება, თუმცა A15 ჩიპი სმარტფონს კიდევ უფრო ეფექტიანს  გახდის.

ახალი ProRes ვიდეოფორმატში გადაღებისას, iPhone-ის მომხმარებლები ვიდეოს უფრო მაღალი ხარისხით გადაღებას შეძლებენ, რაც ვიდეორედაქტორებს საქმეს გაუმარტივებს. ცნობისთვის, ამ ფორმატს პროფესიონალები ისედაც იყენებდნენ, თუმცა ის მასობრივ წარმოებაში აქამდე არ გამოუყენებიათ, რადგან ამ ფორმატში გადაღებული ფაილების ზომა საკმაოდ დიდია.  ProRes ფორმატში ვიდეოს გადაღებას HD და 4K რეზოლუციით შეძლებთ. თუმცა ეს ფუნქცია მხოლოდ iPhone Pro მოდელებში შეგვხვდება.

ცნობისთვის, Apple-მა ჯერ კიდევ ივლისში დაადასტურა, რომ 2021 წელს 90 მილიონი iPhone-ის გამოშვებას გეგმავდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 20%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ iPhone 13-ის გარდა, წლის მთავარ ღონისძიებაზე Apple-ი სხვა სიახლეებსაც წარადგენს, მათ შორის – ახალი თაობის Apple Watch-ს, რომელსაც უფრო ბრტყელი გვერდულები და ერთი მილიმეტრით გაზრდილი ეკრანი ექნება – 41მმ და 45მმ. ასევე განახლდება AirPods-ი, რომელიც AirPods Pro-ს დაემსგავსება, თუმცა უკანასკნელის ახალ მოდელს 2022 წლამდე არ უნდა ველოდოთ. ამას გარდა, გამოჩნდება ახალი 14-დუიმიანი და 16-დუიმიანი MacBook Pro, რომელთაც Apple-ის წარმოების მიკროჩიპი ექნებათ.