Forbes Georgia-ს მესამე ყოველწლიურ 30 30-წლამდელთა რეიტინგში თავმოყრილი ახალგაზრდები გვევლინებიან მყარ მტკიცებულებად, რომ ამბიციასა და ინოვაციას კარანტინში ვერ მოათავსებ.
ზოგი მიდის დინების საწინააღმდეგოდ და კოვიდ-19-ის პირობებში ბიზნესებს ქმნის, ზოგს დაავადებასთან ბრძოლაში შეაქვს წვლილი. სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს 30 under 30 – პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში მიაღწიეს. სიის წევრი ახალგაზრდები თავიანთი ძალისხმევით და ენთუზიაზმით წარმატებას აღწევენ და ჩვენი მომავლის ამინდს ქმნიან.
ჩვენ ეტაპობრივად თითოეულ მათგანს გაგაცნობთ.
ანტრეპრენიორები და მეწარმეები
სალომე ზურაბიშვილი
ასაკი: 29
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი • აღმასრულებელი დირექტორი
სალომე ზურაბიშვილი ორიენტირებულია კერძო სექტორის ქცევის ცვლილებებზე, მის პლატფორმას კი გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს.
ამ მიმართულებით, სალომეს ჩართულობის მაგალითებია ჟურნალი Sustainability Spotlight-ი და „კორპორაციული მდგრადობის აკადემია“.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარეა. მას 11 ქვეყნის საქმიანობის კოორდინაცია და გლობალურ საბჭოში მათი გამოწვევების გაჟღერება ეხება.
„ჩემს პასუხისმგებლობას ვხედავ ქცევის ცვლილების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს განვითარებას“.
ჟიური: ნიკოლოზ გოგოჭური, მარიამ რუსიშვილი, მიხეილ ხიდურელი, რევაზ ვაშაკიძე, ნინო ზამბახიძე
მედია და მარკეტინგი
თენგიზ დოლიძე
ასაკი: 26
სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი, აჭარა • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თენგიზ დოლიძე ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში ორგანიზაციის ფუნქციონირების დაწყებიდანვე ჩაერთო; ამჯერად ის კარიერული განვითარების აკადემიის დაფუძნების პროექტში მონაწილეობს.
მას დაწერილი აქვს რომანები „მე“ და „მე და ილუზია“, ასევე მუშაობს წიგნზე, რომელშიც ძირითადად პროფესიულ საკითხებს განიხილავს.
თენგიზი საკუთარ თავს ასე ახასიათებს: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“.
„ჩემთვის უმთავრესი პრინციპია გაზიარება და ადამიანების მოტივირება.“
ჟიური: მაია მირიჯანაშვილი, შოთა დიღმელაშვილი, გიორგი ისაკაძე
მეცნიერება
გია მოსაშვილი
ასაკი: 25
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი • კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანფრანცისკო
გია მოსაშვილის კვლევის სფერო ძირითადად საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირდება. მისი სამუშაო მიმართულება უკვე არაერთ სამეცნიერო კვლევას აერთიანებს. მათ შორისაა ნაშრომი „გაყინული კონფლიქტები საქართველოსა და მოლდოვაში“, რომელიც იელის უნივერსიტეტში დაიცვა.
აღსანიშნავია, რომ მის არაერთ კვლევას მიუღია მნიშვნელოვანი აღიარება. შემდგომი ეტაპისთვის კი გია მოსაშვილი დიპლომატიის მიმართულებით მუშაობას გეგმავს.
„აქტიურად ვარ ჩართული ისეთ პროექტებში, რომლებიც კლიმატის ცვლილების აღმოფხვრას ისახავს მიზნად”.
ჟიური: ნანა დიხამინჯია, სოსო ბერიკაშვილი, რატი ღოლიჯაშვილი
კულტურა და სტილი
ბექა გვიშიანი
ასაკი: 29
მოდის სახლი Anouki • PR & კომუნიკაციების ხელმძღვანელი • ARIAL BOLD-ის დამფუძნებელი
ბექა გვიშიანისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება მოდის სახლ Anouki-ს უკავშირდება, სადაც ის ბრენდის გენერალურ მენეჯერობას ითავსებდა, შემდეგ კი მისი პასუხისმგებლობის არეალი მეტწილად საკომუნიკაციო მიმართულებით განისაზღვრა.
გარდა აღნიშნული ბრენდისა, მოდისადმი ბექას ინტერესი მის პირად პროექტებზეც ვრცელდება, მათ შორისაა კრეატიული სააგენტო ARIAL BOLD-ი, სადაც ის სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობს.
„მოდაში იმდენად ვარ ჩართული, რომ სხვა სფეროში მუშაობა ვერ წარმომიდგენია.“
ჟიური: ლევან ლომინაძე, სოფო ჭყონია, ირინა პოპიაშვილი
სპორტი
ნინა თიბილაშვილი
ასაკი: 23
მოფარიკავე
პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა თავისი კარიერის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ის 23-წლამდელთა კატეგორიაში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, მოპოვებული აქვს ვერცხლისა და ბრინჯაოს რამდენიმე მედალი.
2021 წლის ივლისში ნინას მიღწევებს საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება შეემატა.
„მარცხი სამომავლო გამარჯვების საწყისია; გამარჯვება კი მხოლოდ ჩემი არაა – ეს უკავშირდება ჩემს გუნდს, ახლობლებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ რამეს ვერ შეძლებენ“.
ჟიური: ზაზა ფაჩულია, ირმა ხეცურიანი
Forbes Georgia-ს რჩეულები
ქეთევან ბაღაშვილი
ასაკი: 23
Beauty Lab • თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი
ქეთევან ბაღაშვილის ჩართულობით, 2020 წლის ოქტომბერში აპლიკაცია Beauty Lab App-ი გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს სილამაზის სალონში მომსახურების მარტივად დაჯავშნას სთავაზობს, პარალელურად კი სალონებისთვის აქვს მენეჯმენტთან დაკავშირებული სერვისი.
აღსანიშნავია, რომ შემდგომი ეტაპისთვის ქეთევან ბაღაშვილი საქართველოში ესთეტიკური ტურიზმის განვითარებაზე მუშაობას გეგმავს.
„ჩემი მიდგომა ასეთია – მსურს, ისეთი პროდუქტი შევქმნა, რომელზეც „Made in Georgia“ საამაყოდ იქნება დატანილი.“
ტექნოლოგიები
თენგიზ მესხი
ასაკი: 26
საქართველოს ბანკი • IT დირექტორის მოადგილე, ეჯაილის უფროსი
თენგიზ მესხი „საქართველოს ბანკის“ გუნდს 2019 წლიდან შეუერთდა. ამ პერიოდში, დიდ ბრიტანეთში დაბადებული და გაზრდილი თენგიზი საქართველოში ჩამოვიდა და ბანკის IT დირექტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
„საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის დაწყებამდე მას განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული და გარკვეული სამუშაო გამოცდილებაც დაგროვებული, ბანკში კი ის აქტიურად ჩაერთო ეჯაილ- -მიმართულების დანერგვის პროცესში.
„საქართველოში უამრავ შესაძლებლობას ვხედავ“.
ჟიური: ავთანდილ კასრაძე, რუსუდან ქურდოვანიძე, ვახტანგ ცაბაძე, დავით ხოსროშვილი