ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გასულ კვირას მსოფლიოს ეკონომიკური გაჯანსაღების 2021 წლის ოქტომბრის ანგარიში გამოქვეყნა. ანგარიში ძირითადად პანდემიის გავლენებისაგან მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესებსა და პერსპექტივებს ეხება. მასში ყოველი ქვეყნის მდგომარეობაა განხილული და სამომავლო პროგნოზებსაც გვთავაზობს ამჟამინდელი ტემპებისა და ტენდენციების გათვალისწინებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 7.7%-ით, ხოლო მომავალ წელს 5.8%-ით გაიზრდება. ამ მაჩვენებლებით კი საქართველო ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკის აღდგენის მაჩვენებლებით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას დაიკავებს. შესაბამისად, აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა პანდემიამდელ მდგომარეობას სწორედ მომდევნო წლის ბოლოსათვის უნდა დაუბრუნდეს.
საინტერესოა ისიც, რომ მიმდინარე წლის 7.7%-იანი ზრდით, საქართველო მსოფლიოში 193 ქვეყანას შორის მე-18 პოზიციას იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლის ბოლოსათვის საქართველოს ეკონომიკაზე სწრაფად მხოლოდ 17 ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ამ მხრივ სამეზობლოშიც მოწინავე პოზიციას იკავებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სომხეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 6.5%-ით, ხოლო მომდევნო წლის ბოლოსათვის 4.5%-ით გაიზრდება. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2021 წელს 3%-ს უდრის, 2022 წელს კი – 2.3%-ს.
იმავე პროგნოზით, თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 9%-ით გაიზრდება, რაც სამეზობლოს შორის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. 2022 წელს კი მისი ეკონომიკის 3.3%-იანი ზრდა არის ნავარაუდები. რუსეთის ეკონომიკა 2021 წელს 4.7%-ით, 2022 წელს კი 2.9%-ით გაიზრდება.