"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში მე-18 ადგილზეა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის რეიტინგში საქართველო მე-18 ადგილზეა, 193 ქვეყანას შორის.
მეთოდოლოგია
მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წევრი ქვეყნების განახლებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიში ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსაც მოიცავს.
ეკონომიკური ზრდა ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას ნიშნავს ერთი წლის განმავლობაში. მთლიანი შიდა პროდუქტი ეკონომიკის სიდიდის საზომია. ის ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნილი საქონლის და მომსახურების ღირებულებას აჯამებს. ეკონომიკის ზრდაზე ინფლაციის ეფექტის გამოსარიცხად, წლების მაჩვენებლები ერთმანეთს ერთი საბაზისო წლის ფასებში დარდება. მაგალითად, თუ 2020 წლის და 2021 წლის მშპ-ს, ორივეს 2020 წლის ფასებით დავითვლით, მათ შორის სხვაობა გამოშვებული საქონლისა და მომსახურებას შორის ცვლილებას გვაჩვენებს. სწორედ ამ ცვლილებას ჰქვია ეკონომიკური (ეკონომიკის) ზრდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდს ბოლო პროგნოზები მიმდინარე წლის აპრილში ჰქონდა გამოქვეყნებული. პანდემიამ ეკონომიკური პროგნოზირება გაართულა, ამიტომ ოქტომბრის მონაცემებით ქვეყნების მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეიცვალა, ძირითადად გაუმჯობესდა. სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების ბოლო კვლევა 193 ქვეყანას მოიცავს.
საქართველო ეკონომიკური ზრდის რეიტინგში
IMF-ის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 7.7%-ით გაიზრდება. სწორედ 7.7%-იანი ზრდით იკავებს საქართველო მე-18 ადგილს. წელს საქართველოს ეკონომიკაზე სწრაფად მხოლოდ 17 ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება.
ფონდის მიერ აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ით უნდა გაზრდილიყო და ზრდის ტემპით მსოფლიოში 101-ე იქნებოდა. ეკონომიკის ზრდის პროგნოზის ამაღლება მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში დაფიქსირებულმა 12%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. ამავე დროს, 2021 წლისთვის საქართველოს მთავრობა 9.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, მაგრამ სავალუტო ფონდი უფრო კონსერვატიული პროგნოზით შემოიფარგლა.
2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა და სავალუტო ფონდის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის რეიტინგში 130-ე ადგილზე გავიდა. საქართველოს ეკონომიკაზე მეტად მხოლოდ 63 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა. 31-მა ქვეყანამ ეკონომიკური ზრდითაც კი დაასრულა 2020 წელი. ის, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდა, წლევანდელი ეკონომიკური ზრდისთვის საბაზისო ეფექტს განაპირობებს და მაღალი ზრდის მიღწევას აიოლებს. თუმცა, წელს საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის მიმართაც იზრდება.
2022 წლისთვის სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 5.8%-ით ზრდას პროგნოზირებს და ამ მაჩვენებლით ეკონომიკის ზრდის რეიტინგში საქართველო 42-ე ადგილზე იქნება.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა და პოზიცია ეკონომიკური ზრდის რეიტინგში
ქვეყნები, სადაც ეკონომიკა ყველაზე სწრაფად იზრდება
სავალუტო ფონდის პროგნოზით 2021 წელს ყველაზე მეტად ლიბიის ეკონომიკა გაიზრდება – 123%-ით. ლიბიის ეკონომიკა 2020 წელს 60%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის მაღალი ზრდის პროგნოზი ძირითადად ამით არის განპირობებული. რაც მეტად მცირდება კრიზისულ წელს ეკონომიკა, მომავალ წელს უფრო მაღალი არის ეკონომიკის აღდგენის ტემპი.
რეიტინგში მეორე ადგილზე მაკაოა, რომლის ეკონომიკა წელს 20.44%-ით გაიზრდება. მაკაოს ეკონომიკა 2020 წელს 56%-ით შემცირდა. ცნობისთვის, მაკაო ჩინეთის ავტონომიური ერთეულია, რომელსაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში სავალუტო ფონდი ჩინეთისგან ცალკე გამოყოფს.
ეკონომიკური ზრდით საქართველოსთან ყველაზე ახლოს კოლუმბია (7.6%), უნგრეთი (7.6%) და არგენტინაა (7.5%)
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან 2021 წელს ყველაზე მეტად თურქეთის ეკონომიკა გაიზრდება – 9%-ით. ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში მე-14 ადგილზეა. თურქეთის ეკონომიკა 2020 წელსაც გაიზარდა 1.8%-ით. სომხეთის ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, რუსეთის 4.7%-ით, აზერბაიჯანის კი 3%-ით.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს 18 ქვეყნის ეკონომიკა შემცირდება, მათ შორის, ყველზე მეტად – 19.7%-ით პალაუს ეკონომიკა შემცირდება. 17.9%-ით შემცირდება მიანმარის ეკონომიკა, ხოლო სამოასი 7.2%-ით.
ტოპ 10 ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მიხედვით 2021 წელს
ქვეყანა | ზრდა | |
1 | ლიბია | 123% |
2 | მაკაო | 20.4% |
3 | გაიანა | 20.4% |
4 | მალდივები | 18.9% |
5 | ირლანდია | 13.0% |
6 | არუბა | 12.8% |
7 | პანამა | 12.0% |
8 | ჩილე | 11.0% |
9 | პერუ | 10.% |
10 | დომინიკის რესპუბლიკა | 9.5% |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024