ესსე ელიტურ კორუფციაზე

ესსე ელიტურ კორუფციაზე

შესავალი

2020 წლის ივლისში ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა, საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მის ქვეყანაში, ხელისუფლების ცვლილებიდან წლისთავზე, აღმოფხვრილია კორუფცია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. შემდეგი ეტაპი – კორუფციასთან ბრძოლაა ხელისუფლების შუა და ქვედა საფეხურებზე. სასაუბრო ქართულზე თუ ვთარგმნით ამ მესიჯ-ბოქსს – ელიტური კორუფცია აღმოფხვრილა ამ ქვეყანაში. ცნობისათვის, ეს ქვეყანა ამჟამად “სახელგანთქმულია“ როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კორუფციის დონით ევროპული სახელმწიფო.

რამდენიმე წლით უკან თუ დავბრუნდებით და გეოგრაფიულად საქართველოში გადმოვინაცვლებთ, აქაც აღმოვაჩენთ მსგავს განცხადებებს – ელიტური კორუფციის აღმოფხვრის შესახებ, იმ მცირედი სხვაობით, რომ ხელისუფლების ქვედა ეშელონებში კორუფციაზე არც ვინმე სწუხს – წინა ხელისუფლებას, მიუხედავად მრავალი მძიმე ბრალდებებისა, ამ ამაგს ყოველთვის “უფასებენ“, რადგან რეზულტატი საკუთარ თავზე ისე აშკარად ლაპარაკობს – შეუძლებელია საწინააღმდეგოს მტკიცება. ხოლო ელიტურ კორუფციას რაც შეეხება, აქ ვერაფერს გააწყობ – იმიტომაც არის ელიტური, რომ მოსახლეობის ფართო მასას უშუალოდ არ ეხება, ვერ აღიქმება და შესაბამისად, სხვა და სხვა სოციალური ფენები ვერ იმსჯელებენ დამოუკიდებლად – რა ხდება იქ, იმ ელიტებში, მარცხდება კორუფცია თუ პირიქით, ძლიერდება. შესაბამისად, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უსმენს მედიას და აგებს საკუთარ წარმოდგენებს, დაფუძნებულს ისევ და ისევ საკუთარ ყოფაზე და განწყობაზე ამა თუ იმ ხელისუფლების მიმართ.

ამ ესსეს მიზანიც ის გახლავთ, რომ ჩვენ, უბრალო მოკვდავები (სოფლად მაცხოვრებლები, თვითდასაქმებულები, დროებით უმუშევარნი და ა.შ.) უკეთ გავერკვიოთ ელიტურ კორუფციაში, როგორც ასეთში, საზოგადოდ – თუ რა ხილია იგი და რასთან ერთად მიირთმევენ მას ელიტური საზოგადოებები.

ამ მიზნით და უკეთ აღქმისათვის, შესავლად ინებეთ ასეთი ლირიკული ბმა შორეული 80-იანი წლებიდან: ქალაქში დაბადებული და გაზრდილი ყმაწვილი პირველად გავემგზავრე სოფლად რთველში, პაპაჩემის უზარმაზარ ვაშლების ბაღში. შემოდგომის მზიანი დღე იყო და დიდი ოჯახის წევრები დიდი ხალისით და შემართებით ვკრეფდით სხვა და სხვა ჯიშის ვაშლებს და სათუთად ვაწყობდით წინასწარ მომარაგებულ ყუთებში. ერთ მომცრო ხესთან ვიდექი, როდესაც ჩემ თვალწინ მწიფე ვაშლი ტოტს მოწყდა და მიწაზე გაგორდა. ცხადია, ვაშლი ავიღე, შევათვალიერე, დავრწმუნდი, რომ არ იყო დაზიანებული – დამსკდარი ან დაფხაჭნილი კანით და იქვე, ხის ძირში ვაშლებით სავსე ყუთისკენ გავიშვირე… და აქვე, პაპისგან მივიღე შენიშვნა, რომელიც ცხოვრების გზაზე გაკვეთილად გამომყვა: ჯერ კიდევ თვალით შეუმჩნეველი დაზიანება აუცილებლად გადაიზრდება წერტილოვან ლპობაში, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება, გაფართოვდება და გარშემო სხვა ვაშლსაც აუცილებლად დაალპობს, თუკი ლპობის ეს გარემო ხელოვნურად არ ამოიჭრა. და ეს კანონი, ნიუტონის ვაშლისა არ იყოს, ვრცელდება ყველა ცოცხალ ორგანიზმზე…  ცხადია, ვაშლის ელიტური ჯიშების ჩათვლით.

კორუფციის ეტიმოლოგია. მოქმედების მექანიზმები და ფორმები

უკვე იკითხავდით – კი მაგრამ რა კავშირშია ვაშლის ლპობა/ხრწნა კორუფციასთან? პირველი და ჩემი მოკრძალებული აზრით, უმნიშვნელოვანესი კავშირი – ლინგვისტიკურია. კორუფცია ლათინური წარმოშობის სიტყვაა, Corrumpere, რაც ძველ რომში ნიშნავდა – “ვაფუჭებ“. მაგრამ დღევანდელი მსოფლიოს განვითარებული დემოკრატიების ენებში ის ძველი ფრანგულიდან დამკვიდრდა, სადაც უკვე “ლპობას“, “ხრწნას“ ნიშნავდა. შესაბამისად, მაგალითად, როდესაც ინგლისურენოვანი ერის წარმომადგენელი წარმოთქვამს ამ სიტყვას, მის და მისი მსმენელის გონებაში ჩნდება ასოციაციები რაღაც სრულად არასასიამოვნო პროცესთან. აი, მაგალითი – ქართულში წარმოთქმული სიტყვებისა და შესაბამისი ასოციაციებისა: ა) შაბათ საღამოთი შეიძლება მეგობარს დაურეკოთ და კითხოთ, რაიმეს ხომ არ აფუჭებს თქვენს გარეშე – გულისხმობთ, რომ შეიძლება მეგობარი ქეიფობს, დროს ატარებს სასიამოვნოდ და პროცესში მონაწილეობა თქვენც გაინტერესებთ; ბ) დროის არცერთ მომენტში არ დაურეკავთ მეგობარს კითხვით, ხომ არ ლპება, ან მონაწილეობს სხვა ვისამე ხრწნის პროცესში თქვენს გარეშე. სხვა მაგალითი: რამდენიმე წლით ადრე დიდი ხნის უნახავ ბავშვობის მეგობართან საუბრისას, უკანასკნელმა ასე იმართლა თავი კორუფციულ სქემებში მონაწილეობის გამო – მე ხომ ღორი არა ვარ, როდესაც 10-15% ე. წ. “ატკატს“ ვიღებო. ცხადია, მის, როგორც ქართველის გონებაში, აზრადაც არ მოსვლია, რომ 10%-ით ხრწნაზე ქონდა პრეტენზია. და არც თქვენ, ამ ესსეს მკითხველმა, შეიძლება ერთის მხრივ დაუშვათ, რომ აიღოთ ქრთამი, მაგრამ ამაზე ფიქრისას არ გაიფიქრებთ, რომ თუნდაც რაიმე უმნიშვნელო წილად იხრწნებით და ლპებით. ხოლო იგივე ინგლისელს, ამას თავად სიტყვის მნიშვნელობა ეუბნება, რაც დაზუსტებას და დამატებით გათვითცნობიერებას არ საჭიროებს. ხოლო თავად ხრწნის/ლპობის პროცესს თუ დინამიკაში წარმოიდგენთ და ისეთივე გულუბრყვილო ყმაწვილი აღარ ბრძანდებით, როგორიც თავად გახლდით ხიდან ვაშლის ჩამოვარდნამდე, ცხადად წარმოიდგენთ, რომ სრულად უმნიშვნელო, წერტილოვანი სიდამპლეც გარკვეული სასრული დროის პერიოდში სრულად დაალპობს კონკრეტულ ორგანიზმს.

როგორც საზოგადოებრივი მოვლენა, კორუფცია (და მ.შ. ელიტური კორუფცია) რომ შევისწავლოთ – თავად ის ორგანიზმები განვიხილოთ, რომელთა ლპობის/ხრწნის პროცესსაც კორუფცია დაერქვა. ამისათვის რამდენიმე სრულად განსხვავებული ორგანიზაციის უტრირებულ ორგანიზაციულ-სტრუქტურულ სქემას მოვიყვან თვალსაჩინოებისათვის.

იხ. სქემა #1, #2 და #3

     

     

     

ადვილად შეამჩნევთ, რომ მიუხედავად სრულად განსხვავებული სფეროებისა, მაინც რაღაც საერთო აქვთ ამ ორგანიზაციებს. შეგვიძლო კიდევ ბევრი სხვა, განსხვავებული სფეროდან მაგალითებიც მოგვეტანა, სადაც იგივე კანონზომიერებას აღმოვაჩენდით – სტრუქტურას, რომელსაც იერარქიული ეწოდება და იგი ასეთად ყალიბდება ბუნებრივად, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა და მეტი არის საჭირო ორგანიზირდეს სხვა და სხვა მიზნების მისაღწევად. სხვა სიტყვებით, სრული ქაოსიდანაც, გარკვეული დროის შემდეგ, ასეთი სტრუქტურა იქმნება ხოლმე, მიუხედავად სფეროსი – იქნება ეს, მაგალითად, კრიმინალური დაჯგუფება თუ საქველმოქმედო ფონდი.

ასეთი პირამიდას, ანუ იერარქიულ ფორმას, განაპირობებს სამი ფაქტორი:

  1. სპეციალიზაცია. ორგანიზაცია, თავისი მიზნების მიღწევისათვის ოპტიმალურ დროსა და რესურსების ხარჯვაში, ქმნის ოპერაციების მიხედვით ჯგუფებს თავისი მართვის ცენტრებით, რომლებიც ერთიანდებიან უფრო დიდ ჯგუფებში, ასევე მართვის ცენტრებით. ჯგუფების ასეთი დისპოზიცია კი ჯამში უკვე ქმნის პირამიდას, მართვის ცენტრების შესაბამისი დონეებით.
  2. კონტროლი. თითქოს სპეციალიზაცია უკვე საკმარისი პირობაა, მაგრამ ქვედა და ზედა მართვის ცენტრებს შორის დისპოზიციის შენარჩუნება, სუბორდინაცია, შესაძლებელია მხოლოდ კონტროლის უფლებით. როგორც წესი, ნებისმიერი დონის მართვის ცენტრი აკონტროლებს უშუალოდ მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯგუფებს და ექვემდებარება უშუალოდ მის ზემოთა დონის იმ მართვის ცენტრის კონტროლს, რომელშიც მისი ჯგუფია გაერთიანებული. უტრირებული მაგალითისთვის: სატანკო შენაერთის პოლკოვნიკი ექვემდებარება სატანკო დივიზიის გენერალს და არ ასრულებს საარტილერიო დივიზიის გენერლის ბრძანებებს.
  3. დელეგირება. ნებისმიერი ორგანიზაცია ურთიერთობს გარეშე სუბიექტებთან იერარქიის სათავეში მყოფი მმართველის მეშვეობით. ეს მმართველი ასევე არის პასუხისმგებელი ორგანიზაციის ნებისმიერი წევრის ქმედებაზე, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზაციის საბოლოო მიზნებზე და ფუნქციონირებაზე. ცხადია, ორგანიზაციის მასშტაბებიდან გამომდინარე, ხშირად შეუძლებელი ხდება მმართველის მიერ ამ ფუნქციების განხორციელება, რისთვისაც ხდება ამავე ფუნქციების ნაწილობრივი დელეგირება – გადაცემა ქვედა მართვის ცენტრებზე. თავის მხრივ, წინასწარ დამტკიცებული პროცედურით, ასეთი დელეგირებები ხდება ხოლმე შუა მართვის ცენტრებშიც. ასე და ამგვარად, მართვის დელეგირება წარმოადგენს ორგანიზაციის იერარქიული სტრუქტურის შემკვრელ მესამე ძალას, სპეციალიზაციისა და კონტროლის გათვალისწინებით.

აქვე აღვნიშნოთ, რომ შეიძლება სხვა და სხვა თეორიები განიხილავდნენ დამატებით სხვა, ზემოთ ჩამოთვლილიდან განსხვავებულ, ფაქტორებს – ორგანიზაციების იერარქიული წყობის მიზეზებისა, მაგრამ, ჩამოთვლილი სამეული საკმარისი პირობაა “ელიტური კორუფციის“ ბუნებაში გასარკვევად.

იხ. სქემა #4.

     

რა სფეროდანაც არ უნდა მოვიტანოთ ორგანიზაციის მაგალითი, ყველა მათგანი, როგორც ავტონომიური ერთეული, ურთიერთქმედებს გარემოსთან: იღებს რესურსებს და გარდაქმნის იმ სერვისად/პროდუქტად, რაც არის მისი არსებობის მიზანი. იხ. სქემა #5:

 

ჩემი მოკრძალებული აზრით, სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ იმ “ვაშლის“ შესახებ, რომელზე დაკვირვებითაც შესაძლებელია კორუფციის არსის, ბუნების აღქმა.

დღეისათვის საზოგადოდ მიღებულია კორუფციის რამდენიმე განმარტება. რაც მათ განასხვავებთ, ეს არის სფეროების სიმრავლე, რომელსაც ესა თუ ის განმარტება მოიცავს.

ქვემოთ მოვიყვანთ რამდენიმე საზოგადოდ მიღებულ განმარტებას – რათა გამოვყოთ და დავეყრდნოთ იმ ფუნდამენტს, რაც აერთიანებს ამ და სხვა განმარტებებს:

  1. კორუფცია არის ხელისუფლების ბერკეტების გამოყენება პირადი სარგებლის მიღებისათვის;[1]
  2. კორუფცია არის არაკეთილსინდისიერების ან სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ფორმა, განხორციელებული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ, მისთვის მინიჭებული საჯარო  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, მიზნით – უკანონოდ მიიღოს ან მესამე პირს მიანიჭოს სარგებელი;[2]
  3. კორუფცია არის საზოგადოებრივი ძალაუფლების არალეგიტიმური გამოყენება პირადი ინტერესის სასარგებლოდ;[3]
  4. კორუფციული პრაქტიკა ნიშნავს რაიმე ფასეულობის შეთავაზებას, მიცემას, მიღებას ან შუამდგომლობას გადასაცემად, პირდაპირ ან ირიბად, სხვა მხარის ქმედებებზე არასათანადო ზეგავლენის მოხდენის მიზნით.[4]

განარჩევენ კორუფციის ფორმებს:

მოქრთამვა, გამოძალვა, კრონიზმი (“კუმავსტვო“ – რუს.ტრად., მეგობრების, დაახლოებული პირების დანიშვნა თანამდებობებზე), ნეპოტიზმი (ნათესავების თანამდებობრივი და სხვა პრეფერენციების მინიჭება), პაროქიალიზმი (პოლიტიკური კორუფციის ფორმა, როდესაც რეგიონალურად მიკერძოებულ ინტერესებს ეწირება სახელმწიფო ინტერესები), პროტექციონიზმი, გავლენის თავსმოხვევა, გრაფტი (პოლიტიკური კორუფციის ფორმა, ქრონიზმის ანალოგიური), “Elite Capture” (ტერმინის ქართული თარგმანი ამ მომენტისათვის არ იძებნება; “State Capture”-ს ანალოგი – კორუფციული ინტერესებისათვის; არ აურიოთ “ელიტურ კორუფციაში“), გაფლანგვა, კონტრაბანდა და სხვა.

განარჩევენ კორუფციას მასშტაბის მიხედვით:

  1. წვრილმანი კორუფცია – როდესაც საჯარო სერვისების მიწოდებისას, ქვედა რგოლის (რიგითი მუშაკების) მიერ ხდება ქრთამის აღება სერვისის ჯეროვნად ან პრიორიტეტულად მიწოდების საფასურად.
  2. მაღალი (Grand) კორუფცია – როდესაც ხელისუფლების უმაღლეს დონეზე, პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური მართვის სისტემების მნიშვნელოვანი დეგრადირებით კმაყოფილდება კერძო პირების ინტერესები. ასეთი კორუფცია ჩვეულებრივ გვხვდება იმ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ ავტორიტარული ან დიქტატორული მთავრობა, ოლიგარქიული მმართველობა და არასათანადო ანტიკორუფციული სამართლებრივი მექანიზმები.
  3. სისტემური (ენდემური) კორუფცია – როდესაც კორუფციული მოვლენები გამოწვეულია მართვის სისტემების გაუმართაობით, როგორც სტრუქტურულად, ისე პროცედურულად.

სულ ესაა, რაც აუცილებელია, რომ დღეისათვის საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრებების შესახებ ვიცოდეთ. თვალის ერთი გადავლებითაც შეამჩნევდით სისტემატიზების ნაკლებობას – დღეისათვის არ არსებობს კორუფციის უნივერსალური განმარტება. გარკვეული მხარეები, ცალსახად თანხმდებიან რა ამ მოვლენის უარყოფით და ცივილიზაციისათვის უკიდურესად მავნებელ ბუნებაში, მას განმარტავენ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე. ამასთან, სხვა და სხვა ქვეყანაში საზოგადოების განსხვავებული დამოკიდებულება სუფევს კორუფციის სხვა და სხვა ფორმებთან მიმართებით. მაგალითად, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებიდანაც კი, შეიძლება მოინახოს ისეთი წყვილი, სადაც ერთში – გარკვეული პრაქტიკა სრულად მისაღები იყოს, რადგან ასოცირდება სიტყვის თავისუფლებასთან (აშშ), ხოლო მეორეში კი გარკვეულწილად ასოცირდებოდეს კრიმინალის მიჯნასთან (ევროკავშირი) – მაგალითად, პოლიტიკური ლობირება (Lobbying).[5]

შესაბამისად, ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, რომ შემოვიტანოთ კორუფციის განმარტება ორგანიზაციის მართვის ჭრილში:

  • კორუფცია – ეს არის ორგანიზაციის ნებისმიერი მართვის რგოლის არაპატიოსანი, როგორც წესი კრიმინალური, გამოყენება, ჩადენილი გარკვეული პერიოდულობით, ცალკეული პირის, ან ჯგუფის, მიერ, როგორც პირადი, ისე გარეშე პირის მიერ, არაკეთილსინდისიერი სარგებლის მიღების მიზნით.

ელიტური კორუფცია, როგორც ასეთი

შესაბამისად კორუფციის მიღებული განმარტებისა, ვცადოთ განვმარტოთ ელიტური კორუფცია:

  • ელიტური კორუფცია (განმარტების მცდელობა #1) – ეს არის კორუფცია, ჩადენილი ორგანიზაციის მართვის ზედა რგოლის მიერ.

აქ დავუბრუნდეთ ორგანიზაციის სქემატურ გამოსახულებას და განვიხილოთ ოპერაციათა მართვა დინამიკაში. შეგვიძლია დავუშვათ, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს შავ ყუთს, რესურსების შემავალი და სერვისების გამომავალი ნაკადებით:

იხ. სქემა #5

ამ უტრირებულ მოდელზე, რომელიც მართვის დონეების მიხედვით 4 დონეს მოიცავს, ადვილი შესამჩნევია, რომ ელიტური კორუფციისათვის (ანუ, განმარტების თანახმად, როცა მხოლოდ მართვის ზედა ეშელონებიდან არის პირი, ან პირთა ჯგუფი, ჩართული) მხოლოდ რესურსების მიღების პროცესში შეიძლება შესაბამისი მანიპულირება. ხოლო, რაც უფრო მაღალია იერარქია (ანუ, მეტ მართვის დონეს მოიცავს ორგანიზაცია) მით უფრო რთულდება კორუფცია – დაბალი რგოლების ჩაურთველად. საღი აზრი გვეუბნება, რომ ელიტური კორუფცია ახალ განმარტებას საჭიროებს:

ელიტური კორუფცია (განმარტების მცდელობა #2) – ეს არის კორუფცია, ჩადენილი ორგანიზაციის მართვის ზედა რგოლის მიერ, ექსკლუზიურად რესურსების მიღების პროცესებზე.

განვიხილოთ უტრირებული მაგალითი:

დავუშვათ, რომ ორგანიზაციის გენერალური დირექტორი უშუალოდ დებს რაიმე რესურსის შესყიდვაზე კორუფციულ გარიგებას. ანუ, არაკეთილსინდისიერი გარიგების დაფარვის მიზნით, არ ხდება დელეგირება. გარიგების კორუფციული ბუნებიდან გამომდინარე:

  1. ზიანდება მიწოდებული სერვისის ხარისხი ან/და იზრდება ფასი;
  2. მცირდება ქვედა მართვის რგოლების მოტივირება;
  3. ორგანიზაციაში იქმნება ფარული პროცესი, რომელიც გამორიცხავს დელეგირებას, კონტროლს და სპეციალიზაციას.

თუნდაც თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ ეს პროცესი დინამიკაში, იმ დაშვებით, რომ არ ხდება კორუფციის აღკვეთა, დროის გარკვეული პერიოდის ბოლოს მივიღებთ შედეგს – ნაწილობრივ ან სრულად დარღვეულ ორგანიზაციულ სტრუქტურას. ასეთი მაგალითები ხშირად შეგხვედრიათ სხვა და სხვა სფეროში, მხოლოდ ორიოდეს მოვიყვან, ადრე თქვენთვისაც ცნობილს შარჟის თუ ანეგდოტის სახით, ხოლო ამჯერად იხილეთ ორგანიზაციის იერარქიული სტრუქტურების სახით:

იხ. სქემა #6 და #7

აქ მივუახლოვდით იმ მომენტს დროის ინტერვალში, როდესაც წერტილოვანი კორუფცია ვრცელდება ყველა მიმართულებით მარტივი და ბუნებრივი მიზეზების გამო:

  • რესურსები შეზღუდულია;
  • კორუფციონერის მადა პერმანენტულად იზრდება;
  • სერვისების გაცემაზე მანიპულირება ნაკლებ რისკიანია;
  • სერვისების გაცემაზე კორუფცია ფინანსურად უფრო ხეირიანია.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქვედა რგოლი უშუალოდ არ არის ჩართული კრიმინალში, იგი მაინც კორუფციის მონაწილე ხდება – გამომდინარე პარალელური პროცესებისა ორგანიზაციაში, როდესაც სერვისების მიმღებთან ზედა რგოლს ქვედას ავლით აქვს კორუფციული კავშირი დამყარებული.

მაგალითი: შეიძლება, რომ კორუფციული გარიგების შედეგად ქალაქის მერმა გასცეს მშენებლობის ნებართვა იმ ტერიტორიაზე სადაც ეს მიზანშეუწონელია ან ეწინააღმდეგება რაიმე ნორმატივს, ხოლო ნებართვის დამზადება დაავალოს ამ კორუფციაში პასიურად მონაწილე რიგით მუშაკს. ადვილი წარმოსადგენია, რომ გამომჟღავნების რისკის შემცირების მიზნით, დროის გარკვეულ პერიოდში, ამ რიგითი მუშაკის პოზიციას დაიკავებს მერის, კორუფციულ გარიგებებში გათვითცნობიერებული, ნდობით აღჭურვილი პირი. ამასთან, ასეთი პირი ამ პოზიციაზე მოხვდება ნეპოტისტურ, ქრონისტულ ან კორუფციის სხვა ფორმის მეშვეობით.

ამრიგად, ადრე თუ გვიან, კორუფცია, მიუხედავად კეთილსინდისიერი დასაქმებულების უმრავლესობისა, ორგანიზაციის სტრუქტურას ალპობს სრულად. შესაბამისად, ასეთი მოცემულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დროის გარკვეული პერიოდისთვის შეუძლებელია ელიტური კორუფციის არსებობა, როგორც ასეთის. თუ არ მოხდა დამპალი წერტილის ამოკვეთა, ვაშლი ყოველთვის დალპება სრულად.

რაც შეეხება სხვა მითს იმის შესახებ, რომ შესაძლებელია კორუფცია ორგანიზაციის მხოლოდ ქვედა დონეზე, გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა ამას გამორიცხავს, ხოლო დესტრუქციული – პირდაპირ მიანიშნებს წყაროზე… თუმცა ეს უკვე სხვა ესეს თემაა.

თუ დავუბრუნდებით ესსეს დასაწყისში მოყვანილ პოლიტიკურ განცხადებებს „ელიტური კორუფციის“ შესახებ, იმედი მაქვს, რომ ამჯერად მკითხველი დამოუკიდებლად მიხვდება იმ რეალურ, მაგრამ ფარულ, მიზეზებს, რაც ასეთი განცხადებების უკან იმალება: პირველ შემთხვევაში პოლიტიკოსი ცდილობს სისტემური რეფორმების გარეშე ამ სისტემის გაჯანსაღების პროცესზე, როგორც არარსებულ მოცემულობაზე ისაუბროს ამომრჩეველთან; ხოლო მეორე შემთხვევაში, პოლიტიკური გუნდი ცდილობდა ოპონენტების „ელიტურ“ კორუფციაში დადანაშაულებას – მიუხედავად სისტემის აშკარა გაჯანსაღების ფონისა, რასაც რიგითი ამომრჩეველი საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხზე გრძნობდა.

____________________________________________________________________________________

[1] http://www1.worldbank.org/publicsector/anticorrupt/corruptn/cor02.htm
[2] https://en.wikipedia.org/wiki/Corruption 
[3] Morris, S.D. (1991), Corruption and Politics in Contemporary Mexico. University of Alabama Press, Tuscaloosa 
[4] https://www.ebrd.com/downloads/integrity/FCguidelines.pdf 
[5] https://www.transparency.org/en/news/europe-a-playground-for-special-interests-amid-lax-lobbying-rules