დადასტურებულია Grant Thornton-ის მიერ.
სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ძირეული ცვლილებების მომტანი იყო.
საფინანსო სექტორის რეგულაციები და პირველ რიგში პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედება გახდა მიზეზი, რის გამოც ონლაინსესხების სეგმენტი თითქმის 0-მდე შემცირდა, ხოლო მრავალმა მოთამაშემ ბაზარი დატოვა. სულ 2019 წელს 19 მისო-ს ლიკვიდაცია დაიწყო, 2020 წლის მაისში კი ეს სექტორი 43 მოთამაშით არის წარმოდგენილი.
გარდამტეხი ცვლილებების მიუხედავად, 2019 წელს მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელმა ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა და ზრდის წლიურმა ტემპმა – 3 პროცენტი, ხოლო მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 1,13 მლრდ ლარი შეადგინა, რომლის 97 პროცენტი ფიზიკური პირებისთვისაა გაცემული. თანხის უდიდესი ნაწილი პირდაპირ სამომხმარებლო სესხებია, ⅓ კი სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის დაფინანსებას ხმარდება.
2019 წელს სექტორის ჯამური მოგება 278-ჯერ შემცირდა და მან მხოლოდ 112 ათასი ლარი შეადგინა. ზარალის ძირითადი მიზეზი ცალკეულ მიკროსაფინანსოებში არსებული მრავალმილიონიანი დანაკარგები გახდა. სექტორის წმინდა მოგება პიკურ მაჩვენებელზე 2016 წელს გავიდა და ის 151.8 მილიონ ლარს შეადგენდა, 2017 წლიდან კი მოგებიანობის ჯამური მაჩვენებელი დაღმავალია.
ანალოგიური ტენდენცია აქვს სექტორის ჯამურ აქტივებსაც, რომლებმაც 2019 წლის მეოთხე კვარტალში 1.37 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 5.5%-ით ნაკლებია.
2019 წლის მდგომარეობით, მისო- ების ბაზრის ლიდერი როგორც აქტივების ზომის, ასევე წმინდა მოგების თვალსაზრისით „რიკო ექსპრესი” იყო. „რიკოს“ მიერ დაფიქსირებული მოგებიანობის მაჩვენებელი არა მხოლოდ მისო- ებთან მიმართებით, არამედ არაერთ კომერციულ ბანკთან მიმართებითაც დიდი ზომისაა და ის 38 მილიონ ლარს შეადგენს. აქტივებისა და გაცემული სესხების მოცულობითაც „რიკო ექსპრესი“ და კიდევ რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბაზარზე მოქმედ შედარებით მცირე ზომის ბანკებს აღემატებიან. აქტივების მოცულობის თვალსაზრისით, ბაზრის მეორე უმსხვილესი მოთამაშე „კრისტალია“, მის მიერ 2019 წელს დაფიქსირებული წმინდა მოგების მაჩვენებელი კი 5.9 მილიონი ლარია.