ეკონომიკური კრიზისების მიზეზები და შედეგები

ეკონომიკური კრიზისების მიზეზები და შედეგები

კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით მეტი ყურადღება ეპიდემიის შეჩერებას და ვირუსის დამარცხებას ეთმობა. მომდევნო ეტაპი სწორედ ეკონომიკური ზიანის აღმოსაფხვრელი მასშტაბური ღონისძიებები იქნება. დღეს ამის გაკეთება რთულია, რადგან ეპიდემიის შეჩერება ეკონომიკური აქტივობების შეწყვეტას მოითხოვს. მსოფლიოს გლობალური ეკონომიკური კრიზისების გამოცდილება აქვს, მაგრამ ყველა განვლილი კრიზისის დროს მეტ- ნაკლებად ნათელი იყო, რა უნდა გაეკეთებინათ მთავრობებს კრიზისის დასაძლევად. კრიზისის მიზეზები ეკონომიკური შინაარსის იყო: ან მოთხოვნის სწრაფი ვარდნა, ან მიწოდების. სტატიაში XX-XXI საუკუნეებში განვითარებულ ხუთ ეკონომიკურ კრიზისს გამოვყოფთ, რომლებმაც ძალიან დააზარალეს მსოფლიო ეკონომიკა. XX საუკუნემდე კრიზისებს უფრო ლოკალური მასშტაბები ჰქონდა, რადგან მსოფლიო ეკონომიკაში გლობალიზაციის დონე დაბალი იყო.

დიდი დეპრესია

”დიდი დეპრესიის“ სახელით ცნობილი 1929-1933 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი პირველი გლობალური კრიზისი იყო. ეკონომიკის ვარდნა ოთხ წელს გრძელდებოდა და პიკს 1933 წელს მიაღწია. კრიზისის შედეგების აღმოფხვრა კი მეორე მსოფლიო ომამდე ვერ მოხერხდა. ეკონომისტები და ისტორიკოსები დღემდე არ არიან შეთანხმებული „დიდი დეპრესიის“ გამომწვევი რეალური მიზეზების თაობაზე, მათ შორის, მიზეზების დასახელება იდეოლოგიური ჭრილიდანაც განიხილება. ეს მხოლოდ „დიდ დეპრესიას“ არ ეხება. ნებისმიერი კრიზისის დროს მემარჯვენე ეკონომისტები და პოლიტიკოსები ცდილობენ, კრიზისის გამომწვევი მიზეზები მთავრობის ქმედებებში ეძიონ, ხოლო მემარცხენე ეკონომისტები და პოლიტიკოსები კრიზისის საწყისებს ბაზრის არასრულყოფილებითა და რეგულაციების ნაკლებობით ხსნიან. „დიდი დეპრესია“ 1929 წელს ნიუ- იორკის საფონდო ბირჟის კრახით დაიწყო. ყველაზე გავრცელებული თეორიის მიხედვით, საფონდო ბირჟების კრახი აშშ- ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ გატარებული არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგი იყო. ჯერ ჭარბმა ფულის მასამ და საკრედიტო ბუმმა მაღალი ინფლაცია გამოიწვია, შემდეგ კი სწრაფად მოხდა ფულის მასის შემცირება, რამაც დეფლაცია და ეკონომიკის კლება განაპირობა. 1929-1933 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 15%-ით შემცირდა. საერთაშორისო ვაჭრობა განახევრდა, აშშ- სა და ევროპის ქვეყნებში უმუშევრობის დონემ 25%-ს გადააჭარბა. ამერიკის ბანკების მესამედი გაკოტრდა. „დიდი დეპრესიის“ შესაჩერებლად პოპულარული გახდა ჯონ მეინარდ კეინზის მიდგომები, რომელიც ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებისთვის მთავრობას ბიუჯეტიდან ხარჯვის ზრდას ურჩევდა.

1973 წლის ნავთობის კრიზისი

1973 წელს ნავთობის მსოფლიო ფასი 4-ჯერ გაიზარდა (ერთი ბარელის ფასი 3 აშშ დოლარიდან 12 აშშ დოლარამდე), რამაც დასავლეთის ქვეყნებში პროდუქციის წარმოება გაართულა, მიწოდება შემცირდა, ფასები კი გაიზარდა. ნავთობის ფასის ზრდას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ნავთობექსპორტიორი არაბეთის ქვეყნების მიერ დასავლეთისთვის ნავთობის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგო იყო. ემბარგოს მიზეზი კი არაბული ქვეყნების კოალიციასა და ისრაელს შორის ომი გახლდათ. დასავლეთის ქვეყნები ისრაელს ეხმარებოდნენ. ნავთობის გაძვირების მიზეზები ასევე იყო აშშ- ში ნავთობის მოპოვების შემცირება, ბრეტონ- ვუდსის სისტემის (ფიქსირებული კურსების სისტემა) დასრულება, რასაც დოლარის გაუფასურება და მსოფლიოში ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნა მოჰყვა. ნავთობზე ფასების ზრდის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაში შევიდა. განსაკუთრებით აშშ და დიდი ბრიტანეთი დაზარალდნენ, სადაც ინფლაცია ორნიშნა რიცხვს აღწევდა. ამ პროცესს „სტაგფლაცია“ დაარქვეს, როგორც სტაგნაციისა და ინფლაციის ნაზავს. სანავთობო შოკის დროს მთავრობის მიერ ხარჯების ზრდა და ამ გზით ეკონომიკის წახალისება არ მუშაობდა, რადგან პრობლემა ნავთობის ფასების სიძვირის გამო პროდუქციის მიწოდებაში წარმოქმნილი ხელისშემშლელი ფაქტორები იყო და არა მოთხოვნის შემცირება. სწორი მიდგომა წარმოების დახმარება იყო გადასახადებისა და რეგულაციების შემცირებით, ასევე საბანკო კრედიტზე ხელმისაწვდომობის ზრდით.

1979 წლის ნავთობის კრიზისი

1979 წელს სანავთობო შოკი განმეორდა, ამჯერად ბარელი ნავთობის მსოფლიო ფასი 15 აშშ დოლარიდან 39 აშშ დოლარამდე გაიზარდა. მთავარი მიზეზი ნავთობის მიწოდების შემცირება იყო, რაც ირანის ისლამისტურ რევოლუციას მოჰყვა. ნავთობის მსოფლიო მიწოდების დონე 4%-ით შემცირდა, მაგრამ ამან პანიკა და ფასების ზრდის მოლოდინი გამოიწვია, რამაც ნავთობი 2.6-ჯერ გააძვირა. 1980 წელს კი ირან- ერაყის ომი დაიწყო, რომელმაც კიდევ უფრო შეამცირა ნავთობის მოპოვება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 1979 წლის სანავთობო შოკსაც „სტაგფლაცია“ მოჰყვა. მსოფლიო ეკონომიკა 5%-ით შემცირდა, დასავლეთის ზოგ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია იყო, აქციების ფასები დაეცა. მეორე სანავთობო შოკის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა მნიშვნელოვნად უკავშირდება ბრიტანეთის პრემიერ- -მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერისა და აშშ- ის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მოღვაწეობას, რომლებმაც მსგავსი რეფორმები გაატარეს, რაც გადასახადების შემცირებას, პრივატიზაციას და ზოგადად ეკონომიკაში სახელმწიფო ჩარევის შემცირებას უკავშირდებოდა. ასევე გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა, ფასების სტაბილურობა მონეტარული პოლიტიკის მთავარ მიზნად იქცა. აზიის ფინანსური კრიზისი

1997 წელს ტაილანდში ფინანსური კრიზისი დაიწყო, რომელიც სამხრეთ კორეაში, ჰონკონგში, მალაიზიასა და ფილიპინებში გავრცელდა. შედარებით მსუბუქად შეეხო ჩინეთს, სინგაპურსა და ტაივანს. კრიზისი საფონდო ბირჟებზე და საბანკო სექტორში დაიწყო მაღალი კორპორაციული სესხების გამო, რაც მთავრობის სავალო კრიზისებში გადაიზარდა. კრიზისით დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკა ჯამში 8%-ით შემცირდა. ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მაჩვენებელი ზოგ ქვეყანაში გაორმაგდა. 1998-1999 წლამდე აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ფიქსირებული კურსების რეჟიმი ჰქონდათ და კრიზისის დროს უცხოური ვალუტის რეზერვები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, რადგან რეზერვებს ჰყიდდნენ. საბოლოოდ ვალუტის მცურავ კურსებზე გადავიდნენ და ამასთან კრიზისის დასაძლევად საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან $40-მილიარდიანი დახმარების პროგრამა მიიღეს.

2008-2009 წლების ფინანსური კრიზისი

“დიდი დეპრესიის“ შემდეგ 2008-2009 წლების ფინანსურ კრიზისს ყველაზე მძიმე შედეგები მოჰყვა. ის შეეხო მსოფლიოს ყველა ქვეყანას, რადგან ამ დროისთვის ეკონომიკური გლობალიზაციისა და ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების დონე ძალიან მაღალი იყო. ამ კრიზისის გამომწვევ მიზეზებთან მიმართებითაც არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ერთი რამ ნათელია – კრიზისი საფინანსო სექტორიდან დაიწყო, ჭარბი საბანკო სესხებიდან და ფასიანი ქაღალდების გაზრდილი ფასებიდან, რასაც „ფინანსური ბუშტი“ ჰქვია. აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა იყო თავად ფინანსური ბუშტის მიზეზი: ფედერალური სარეზერვო სისტემის ზედმეტად რბილი მონეტარული პოლიტიკა თუ საფინანსო სექტორის სუსტად რეგულირება. კრიზისი რეალურად 2007 წლის ზაფხულში დაიწყო აშშ- ის უძრავი ქონების ბაზარზე, სუბსტანდარტული იპოთეკური დაკრედიტების ჩავარდნით. მსოფლიო ეკონომიკა 3.3%-ით შემცირდა, გაკოტრდა ბევრი ბანკი და საფინანსო ინსტიტუტი. ვინც არ გაკოტრდა, ძალიან დაზარალდა ან ნაციონალიზაციას დაექვემდებარა. გამოსარჩევია ამერიკული საინვესტიციო ბანკის, 158-წლიანი ისტორიის მქონე „ლემან ბრაზერსის“ გაკოტრება 2008 წელს, რამაც პანიკა გამოიწვია და კრიზისი გაამძაფრა. კერძო საფინანსო სექტორს დახმარება სახელმწიფომ გაუწია, რამაც ქვეყნების სახელმწიფო ვალის მოცულობა გაზარდა. განვითარებულ ქვეყნებში უმუშევრობის დონე 5%-დან 9%-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვნად შემცირდა უძრავი ქონებისა და აქციების ფასები, რაც მათი მფლობელების გაღარიბებას ნიშნავს. კრიზისიდან გამოსვლა მსოფლიომ 2010 წელს დაიწყო. ქვეყნებს ორი-სამი წელი დასჭირდათ კრიზისის დასაძლევად. მთავრობებმა ძირითადად საბიუჯეტო დახმარების პროგრამებს მიმართეს. მოთხოვნის წასახალისებლად განვითარებული ქვეყნების ბანკებმა რეფინანსირების განაკვეთები მნიშვნელოვნად შეამცირეს და ამავე დროს საბანკო რეგულაციები გაამკაცრეს.