საერთაშორისო შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია „როში“, რომელიც მედიცინაში ინოვაციებითაა ცნობილი, დაარსებიდან 125 წლისთავს აღნიშნავს. კომპანიის მიერ შექმნილი ახალი მედიკამენტები და სადიაგნოსტიკო საშუალებები სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მეთოდებს რადიკალურად ცვლის. სამედიცინო კვლევებსა და ფარმაციის განვითარებაში „როში“ დიდ ინვესტიციებს დებს. მხოლოდ 2020 წელს კომპანიამ 12 მლრდ შვეიცარიული ფრანკის ინვესტიცია განახორციელა და შედეგებიც თვალსაჩინოა. ინოვაციების საქართველოში დანერგვას კომპანია „როშ ჯორჯია“ უზრუნველყოფს. ჩვენ კომპანიის დირექტორს, მაკა ასათიანს ვესაუბრეთ.
„როში“ საქართველოში 1990-იან წლებში გამოჩნდა. რა პერსპექტივა და საჭიროება დაინახა თავდაპირველად გლობალურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ჩვენს ბაზარზე და რას აკეთებს ის დღეს?
„როში“ მსოფლიოში უდიდესი ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ფარმაცევტულ და დიაგნოსტიკურ მიმართულებებს აერთიანებს. ამ ორი მიმართულების გაერთიანებამ კომპანიას საშუალება მისცა, პერსონალიზებული მედიცინის ფუძემდებელი გამხდარიყო, რომლის მიზანიც თითოეული პაციენტისადმი ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობის უზრუნველყოფაა. საქართველოში „როშმა“ ოპერირება 25 წლის წინ პატარა გუნდით დაიწყო. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა კრიზისს განიცდიდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ მსოფლიოში არსებული ინოვაციური მედიკამენტები საქართველოში მყოფი პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო. წლების განმავლობაში „როში“, როგორც გლობალური კომპანია, სწრაფად ვითარდებოდა და ქმნიდა ინოვაციურ მედიკამენტებს მედიცინის ისეთ დარგებში, როგორიცაა ონკოლოგია, იმუნოლოგია, ვირუსოლოგია და სხვა.
დღეს „როში“ არის კომპანია, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში უახლესი მიდგომების შემუშავებასა და დანერგვას. კომპანია გლობალურად 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 100,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ფარმაცევტული მიმართულებით ჩვენი მეცნიერები ისეთი უახლესი მედიკამენტების შექმნისთვის მუშაობენ, რომლებიც ბევრი დაავადების მკურნალობისადმი მიდგომას რადიკალურად ცვლის. ფარმაცევტული სექტორის განვითარებისა და ინოვაციების შედეგად ბევრი ისეთი პაციენტის შედეგიანი მკურნალობა და სიცოცხლის შენარჩუნება გახდა შესაძლებელი, რომელთა დაავადება ადრე განუკურნებლად მიიჩნეოდა.
თავიდანვე და ახლაც ჩვენი გუნდის მიზანი იყო, რომ ის სიახლეები, რაც მსოფლიოში მედიცინის დარგში ინერგება, საქართველოსთვისაც რეალობად ქცეულიყო.
თქვენ აცხადებთ, რომ კომპანია „როში“ უკვე 125 წელია, ქმნის ინოვაციურ სამკურნალო საშუალებებს. რა ტიპის მედიკამენტებზეა საუბარი?
ინოვაციური მედიკამენტი – ეს არის უნიკალური, ახალი მოლეკულა, რომლის შექმნისთვის იმუშავა მეცნიერების ჯგუფმა, ჩატარდა უამრავი კვლევა, რომელთა საფუძველზეც დადგინდა ამ მოლეკულის ეფექტიანობა, უსაფრთხოება და ხარისხი. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გამოგონება, ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტიც პატენტით დაცულია. ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტის შექმნაზე ათეული წელი და მილიარდობით ინვესტიცია იხარჯება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია „როში“ ინოვაციების განვითარების (R&D) კვლევებში ინვესტირების მოცულობებით პირველ ადგილზეა. მეორე მხრივ, ინოვაციური მედიკამენტი და სადიაგნოსტიკო ტესტი დაკავშირებულია უკეთეს, გაუმჯობესებულ მკურნალობასთან, რაც ბევრი დაავადების მართვაში რევოლუციურ ცვლილებას ახდენს.
როგორია ინოვაციურ მედიკამენტებზე მოთხოვნა საქართველოში?
21-ე საუკუნეში მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება, ეს განვითარება კიდევ უფრო დააჩქარა პანდემიამ, როცა კორონავირუსთან ბრძოლისა და მისი მკურნალობის საშუალებების საჭიროება და სასიცოცხლო აუცილებლობა გაჩნდა. ასევე, მოგეხსენებათ, გაზრდილია ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რაც ეხმარება სამედიცინო საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ პირს, მოიპოვოს ინფორმაცია ახალ მედიკამენტებზე, მკურნალობის ახალ მიდგომებზე, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, მოთხოვნა უკეთეს მკურნალობაზე საქართველოშიც, რა თქმა უნდა, დიდია, თუმცა ხშირად ეს ბევრი ოჯახისთვის ფინანსურად ხელმიუწვდომელია. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ ქვეყანაში შექმნილია ინოვაციური მედიკამენტების ფონდი, რომლითაც პაციენტებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის ჩატარებაში ეხმარებიან.
რამდენად მარტივია ინოვაციური მედიკამენტების რეგისტრაცია აქ და რა დაბრკოლებებს აწყდებით ამ პროცესში?
სხვა ქვეყნებთან შედარებით მედიკამენტის რეგისტრაციის პროცესი ხანმოკლეა და 3-4 თვეს შეადგენს. ეს იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სააგენტოში კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულ პაკეტს წარადგენ. ეს ყოველივე ეხმარება პაციენტს, მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ინოვაციური მედიკამენტი თავის ქვეყანაში შეიძინოს და არ მოუწიოს სხვადასხვა გზის ძებნა.
„როშ ჯორჯიას“ საქმიანობის აღწერაში აღნიშნულია, რომ თქვენი მიზანია არა მხოლოდ ინოვაციური მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, არამედ სხვადასხვა პროგრამის დანერგვით ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდაც. რა ნაბიჯებს დგამთ ამისთვის?
ინოვაციური მედიკამენტები იქმნება იმისათვის, რომ მათ უკეთესობისკენ შეცვალონ პაციენტების მდგომარეობა. თუ ეს მედიკამენტი ვერ მოხვდება პაციენტთან, მისი მნიშვნელობა დაკარგულია. თაროზე შემოდებული ინოვაციური მედიკამენტი გამოუსადეგარია ყველასთვის, ამიტომ კომპანია არა მხოლოდ ქმნის მედიკამენტს, არამედ ზრუნავს მის ხელმისაწვდომობაზეც. „როში“ სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რათა ერთობლივი ძალისხმევით და პარტნიორობით ჯანდაცვის სისტემა გაუმჯობესდეს. ამ მიმართულებით „როშ ჯორჯიაც“ აქტიურად მუშაობს. მსგავსი მუშაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია საქართველოში ძუძუს კიბოს სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც ბევრი ქალისა და მათი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ინოვაციური მკურნალობის წყალობით და სახელმწიფო ხელშეწყობით, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიების დროს დაავადება განკურნებადია.
კერძო დაზღვევის როლს როგორ ხედავთ ამ პროცესში?
ჩემი აზრით, ქვეყანაში კერძო სადაზღვევო სისტემა გაძლიერებას და გაფართოებას საჭიროებს. დღესდღეობით ქრონიკული დაავადებები ძირითად სადაზღვევო პაკეტებში იმ გამონაკლისების ჩამონათვალშია, რომელთაც სადაზღვევო სისტემა არ ანაზღაურებს. რეალობა არის ის, რომ პაციენტები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული, უკეთეს სამედიცინო უზრუნველყოფას იღებენ, ვიდრე, მაგალითად, ჩემი ორგანიზაციის თანამშრომლები, რომლებიც კერძო სადაზღვევო პაკეტებით სარგებლობენ და ამაში ჩვენი კომპანია სადაზღვევო კომპანიას მნიშვნელოვან თანხას უხდის. ამიტომაც კერძო სადაზღვევო კომპანიებს ამ კუთხით განვითარება ნამდვილად სჭირდებათ.
თქვენი დაკვირვებით და გამოცდილებით, რამდენად მიმზიდველია საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი?
ჩვენ საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წარმომადგენელიც ვართ, რომელშიც 20-მდე სხვადასხვა ევროპული ფარმაცევტული კომპანიაა გაწევრებული. ამ ასოციაციის ფარგლებში ვცდილობთ, ბევრი მიმართულებით ვიმუშაოთ, თუმცა რეალობაა ის, რომ, სამწუხაროდ, დიდი კომპანიები საქართველოს ბაზარს ტოვებენ. ბაზრიდან გასვლა განსაკუთრებით შესამჩნევია ბოლო 4-5 წლის განმალობაში, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათთვის ნაკლებად პრიორიტეტულია ჩვენნაირი, ერთი მხრივ, პატარა ბაზარი და მეორე მხრივ, ბაზარი, სადაც ფარმაცევტული მედიკამენტის მოხმარების დიდი წილი პაციენტის ჯიბეზე მოდის. ამიტომ ბევრმა მსხვილმა გლობალურმა კომპანიამ საქართველოში წარმომადგენლობა დახურა. მათი მედიკამენტები აფთიაქების დახლებზე დარჩა, მაგრამ თუ ამ მედიკამენტების შესახებ სამედიცინო წრეებში ინფორმაცია არ ვრცელდება, ხშირ შემთხვევაში პაციენტის სასიკეთოდ მათი გამოყენება ვერ მოხერხდება. ვისურვებდი, რომ მეტი ფარმაცევტული კომპანია იყოს ქვეყანაში, ვინაიდან ეს ბაზარს მრავალფეროვანს ხდის, ამასთან, გლობალური კომპანიები ფარმაცევტულ ბაზარზე მუშაობის მაღალ ეთიკურ სტანდარტებს ნერგავენ.
პრემიერმა მიმდინარე წელს მედიკამენტების ფასების შესახებ არაერთი განცხადება გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წამლის ფასები ძალიან გაზრდილია და მთავრობა ვალდებულია, ამაზე რეაგირება მოახდინოს. რა იქნება თქვენი პასუხი?
მედიკამენტის ფასის თემა აქტუალური საკითხია, ვინაიდან, მიუხედავად ჯანდაცვის სისტემის რეფორმისა და იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფუნქციონირებს, პაციენტის ჯიბიდან გადახდის წილი მაინც მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში მკურნალობა დაკავშირებულია მძიმე ფინანსურ ტვირთთან და ბევრ ოჯახზე და მათ კეთილდღეობაზე ნეგატიურად აისახება.
მოგეხსენებათ, მედიკამენტის საბოლოო ფასს აფთიაქი განსაზღვრავს, შესაბამისად, აღნიშნული განცხადება მიმართული იყო სააფთიაქო ფასების ფორმირების პროცესზე. მე შემიძლია, ჩვენი კომპანიის მედიკამენტების ფასთან დაკავშირებით დაგარწმუნოთ, რომ ქარხნულ ფასსა და სააფთიაქო ფასს შორის ძალიან მცირე სხვაობაა. ზოგადად, ვფიქრობ, თავისუფალი ბაზარი უნდა არეგულირებდეს ფასებს, მათ შორის ფარმაცევტული პროდუქტის ფასსაც.
თუმცა მთავრობამ უკვე დაიწყო სამუშაო შეხვედრები ამ მიმართულების დარეგულირებასთან დაკავშირებით. თქვენი მოსაზრება როგორია?
რეგულაციის ბევრი მაგალითი გვაქვს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე წარმატებულია. ყველაფერს ორი მხარე აქვს. ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის მაგალითზე ვისაუბროთ, სადაც ფასების რეგულირება ხდება. ამან ბაზრიდან დიდი კომპანიების გასვლას შეუწყო ხელი. შესაბამისად, ჩვენც ამ რისკების წინაშე ვდგებით. მე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მომხრე ვარ, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს უნდა შევინარჩუნოთ.
პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი გამოდგა. როგორ აისახა ახალი რეალობა კომპანია „როშზე“? რა შედეგები გქონდათ 2020-ში და რა შედეგებს ელით წელს?
მიუხედავად პანდემიის სირთულეებისა და ჩვენი ცხოვრების რადიკალური ცვლილებისა, ქრონიკული დაავადებების მკურნალობის საჭიროებები, განსაკუთრებით ისეთი დაავადებების, რომლებიც სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, პანდემიის დასრულებას ვერ დაელოდება. აქედან გამომდინარე, კომპანიის მედიკამენტებზე მოთხოვნა არ შემცირებულა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა გატარდა, რათა მედიკამენტების უწყვეტი მოწოდება უზრუნველგვეყო და პანდემიის მიზეზით პაციენტების მკურნალობა არ შეწყვეტილიყო. მიხარია, რომ ეს შევძელით და პაციენტები არ დაზარალებულან.
რა მიღწევები გაქვთ კოვიდთან მიმართებით?
კოვიდპანდემიის პერიოდში კომპანია „როშმა“ 15-მდე ახალი სადიაგნოსტიკო კოვიდტესტი შექმნა. გარდა ამისა, კომპანიამ გლობალურად დაიწყო მის მიერ შექმნილი მედიკამენტების შესწავლა, კერძოდ კი, ხომ არ ახდენს რომელიმე კოვიდინფექციის მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე გავლენას. მნიშვნელოვანია, რომ მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც „როშისა“ და ამერიკული კომპანია „რეგენერონის“ თანამშრომლობით შეიქმნა, წარმატებით გამოიყენება კოვიდინფიცირებული პაციენტების ამბულატორიული მკურნალობისას. რამდენიმე კვირის წინ ის ევროპის წამლის სააგენტომ დაარეგისტრირა. ძალიან მიხარია, რომ ეს მედიკამენტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია.
მალე 2021 წელსაც გავაცილებთ, როგორია „როშ ჯორჯიასთვის“ მომდევნო წლის გეგმები?
როგორც უკვე მოგახსენეთ, „როში“ მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა ინვესტიციების მოცულობით კვლევებსა და ახალი მოლეკულების შექმნაში. ამ ეტაპზე მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით ახალი მოლეკულების განვითარებაზე მიმდინარეობს. მომდევნო 2-3 წელიწადში გარდა ონკოლოგიური პორტფელის გაფართოებისა, ოფთალმოლოგიის მიმართულებით პაციენტებისა და სამედიცინო წრეებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეების შეთავაზება იგეგმება. ასევე კომპანიის ახალი მედიკამენტი გარდატეხას შემოიტანს ნევროლოგიაში, ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტიკასა და ადრეულ მკურნალობაში. წინ ბევრი სიახლე და გამოწვევა გველოდება, თუმცა ეს ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის განუყოფელი ნაწილია.