ვერიკო გურულმა, მეღვინეთა ციფრული პლატფორმა Winestory.ge-ს განვითარებისთვის, 70 000 ლარით მოიპოვა

ვერიკო გურულმა, მეღვინეთა ციფრული პლატფორმა Winestory.ge-ს განვითარებისთვის, 70 000 ლარით მოიპოვა

Winestory.ge კიდევ ერთი ბიზნესია, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა. როგორც მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ვერიკო გურული გვიყვება, პლატფორმა განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის მეღვინეების მხარდაჭერას ემსახურება, რომლებსაც დიდი მარკეტინგული ხარჯების შესაძლებლობა არ აქვთ, თუმცა მაღალი ხარისხის პროდუქტს აწარმოებენ. პლატფორმა თითოეულ მარანს/მაღაზიას საშუალებას აძლევს, საკუთარი ონლაინ მაღაზია ჰქონდეს, სადაც მომხმარებელი მათი პროდუქციის სრულ ჩამონათვალს იხილავს. Winestory.ge-ს ვიზიტორს შეუძლია როგორც პროდუქციის, ისე თითოეული მეღვინის ისტორიის გაცნობა, მათი ვიდეო რგოლის ნახვა და მისი QR კოდით გაზიარება.

„ვებ-გვერდი 2020 წლის ზამთარში შევქმენით, როდესაც პანდემია ახალი დაწყებული იყო. ვიცოდით, რომ რეგიონში მყოფ მეღვინეებს საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციის ბევრი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და მიზნად, მათი დახმარება დავისახეთ. სოფელ-სოფელ დავდიოდით და ვაგროვებდით მათზე ინფორმაციას, გავიცანით, დავუახლოვდით, გადავიღეთ მათზე ვიდეო რგოლები, გავავრცელეთ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში და ა.შ. შედეგად, მათი ღვინო მეტ-ნაკლებად უკვე პოპულარულია და იყიდება, მათ შორის Winestory.ge-ს მეშვეობით, რომელიც თავის თავში მიტანის სერვისსაც გულისხმობს“ – ამბობს ვერიკო.

პროექტის გარშემო შეკრებილი ადამიანების უმრავლესობა პროფესიით სომელიეა, შესაბამისად, როგორც თავად გვიყვებიან, ხარისხიანი ღვინის ფასი კარგად იციან. განვითარებასთან ერთად გაჩნდა ინვესტორის მოძიების სურვილიც, რომელმაც კომპანია Shark Tank-ამდე მოიყვანა.

„ვთანამშრომლობდით მსხვილ ღვინის კომპანიებთან, გვქონდა სარეკლამო შეთავაზებებიც, თუმცა ვებ-გვერდი დღემდე საკუთარი ხარჯებით მოვიყვანეთ. გვსურდა აპლიკაციის შექმნა, რაშიც ინვესტორის დახმარება გვჭირდებოდა. პროექტის შესახებ ზაფხულში გავიგე, როდესაც აპლიკაციის ფორმა ვნახე, მაშინვე შევავსე და სამოტივაციო ვიდეოც ჩავწერე. დიდი იმედი არ მქონდა, რომ დამიკავშირდებოდნენ, თუმცა გადაცემაშიც მოვხვდით და წარმატებული გარიგებაც დავდეთ ინვესტორთან“ – გვიყვება ვერიკო.

როგორც ამბობენ, ინვესტორისგან თანხაზე მეტად, გამოცდილების მიღება სურდათ. მნიშვნელოვანი რჩევები უკვე გადაცემის მსვლელობისთანავე მიიღეს და გადაწყვიტეს აპლიკაციის ნაცვლად, რესურსები მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიაში დაეხარჯათ.

„საბოლოოდ 15-15%-იანი წილის მფლობელები მენი ბენეში და ნუცა აბრამიშვილი გახდნენ 70,000₾-ის სანაცვლოდ. ხელის ჩამორთმევის დროს ნუცამ მითხრა, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რაც ჩემთვის დიდი მოტივაციის მომცემი იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პარტნიორს თანხასთან ერთად საკუთარი გამოცდილებაც მოეტანა კომპანიაში, რაც ვფიქრობ, რომ შევასრულეთ“ – ამბობს ვერიკო.

Winestory.ge-ს უკვე ფიზიკური მაღაზიაც აქვს, სადაც ღვინის შეძენასთან ერთად მისი დაგემოვნებაც შეგეძლებათ. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმამ ცნობადობა უკვე მოიპოვა და პირველი საინვესტიციო რაუნდიც წარმატებით დახურა, მათი გზა წარმატებისკენ მხოლოდ ახლა იწყება. ღვინის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული ბაზარია საქართველოში, თუმცა მისი განვითარების გზა მცირე და საშუალო მარნების განვითარებაზეც გადის.  როგორც Galt & Taggart-ის ბოლო კვლევიდან ირკვევა, საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საგარეო ბაზრებზე და შემოსავლების დაახლოებით 85%-ს ექსპორტიდან იღებს. შესაბამისად, Winestory.ge-ს გუნდს დიდი მუშაობა მოუწევს უცხოური ბაზრების ასათვისებლად. Grand view research-ის მიხედვით, ღვინის ბაზარი გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მზარდია და 2020 წლის მონაცემებით, მისი ზომა 417.8 მილიარდი დოლარი იყო, 2021-დან 2028 წლამდე კი მისი ზრდის პროგნოზი 6.4%-ია.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი  საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ – Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება. 4 ემის მფლობელი შოუ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველად გადის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *