CyberTruck-ის გამოშვების თარიღმა 2023 წლის პირველ კვარტალამდე გადაიწია

CyberTruck-ის გამოშვების თარიღმა 2023 წლის პირველ კვარტალამდე გადაიწია

საქმის კურსში მყოფმა პირმა მედიასააგენტო Reuters-ს საიდუმლოდ განუცხადა, რომ Tesla საკუთარი ელექტრო Cybertruck-ის გამოშვებას 2023 წლის პირველი კვარტალიდან გეგმავს. ცნობისათვის, ავტომობილის პროტოტიპის წარდგენისას, Tesla-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, განაცხადა, რომ ავტომობილის წარმოება 2021 წლიდან დაიწყებოდა. თუმცა მას შემდეგ პროცესი სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ გადაიდო.

პიროვნების განმარტებით, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, ავტომობილის გამოშვების თარიღის კიდევ ერთხელ გადაწევა ფუნქციონალის შეცვლას უკავშირდება. Tesla ცდილობს, რომ საკუთარი ელექტრო CyberTruck-ი კონკურენტუნარიანი იყოს და მისმა ფუნქციებმა გამოშვების შემდეგ შეუფერხებლად იმუშაოს.

წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველად ამერიკული ავტომწარმოებელი ელექტრომობილის შეზღუდული რაოდენობით გამოშვებას გეგმავს. 2023 წლის ბოლოდან კი ელექტრომობილის ფართომასშტაბიანი წარმოება დაიწყება. საინტერესოა, რომ თავად Tesla-ს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

Tesla საკუთარ მომხმარებლებს სედანისა და SUV ტიპის ელექტრომობილების დიდ არჩევანს სთავაზობს. მწარმოებელი საკმაოდ პოპულარულია შიდა ბაზარზე. თუმცა მას ამერიკელებისათვის ყველაზე პოპულარული სეგმენტი, პიკაპების ხაზი, ჯერ არ აუთვისებია. სანაცვლოდ, კონკურენტები, Ford-ი და Rivian-ი, ამ სეგმენტში Tesla-ზე ბევრად წინ არიან.

Ford-ის განცხადებით, ის საკუთარი ახალი F-150 ელექტროპიკაპების წარმოების რაოდენობას წელს 150 000-მდე გაზრდის. ეს კი მას მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემს.

ცნობისათვის, ილონ მასკმა ელექტროპიკაპის კონცეპტი ჯერ კიდევ 2019 წელს წარადგინა. მაშინ ავტომობილის გამოშვება 2021 წლის ბოლოსათვის დაანონსდა, თუმცა ეს თარიღი ერთხელ უკვე შეიცვალა. მომხმარებლები ელექტრომობილის წარმოების დაწყებას 2022 წლის ბოლოსათვის ელოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდება. საინტერესოა, თუ რა კომენტარს გააკეთებს Tesla ამასთან დაკავშირებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *