ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში

ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში

“ოქროს ხანაში” თბილისი მონებითა და ტყვეებით ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი რეგიონული ცენტრი იყო, თუმცა მომდევნო საუკუნეებში საქართველოში უკვე ქართველებით ვაჭრობდნენ. საქართველოს ისტორიაში დღემდე გამოუკვლელია შუა საუკუნეებში ქართველი მეფეების მიერ ტყვეებისა და მონების ხელში ჩაგდების საკითხი. მონების ხსენება ქართულ და აღმოსავლურ წყაროებში იმდენად ხშირია, რომ თამამად შეიძლება გამოვთქვათ ვარაუდი: საქართველოს სამეფოში არსებობდა უამრავი ბაზარი, სადაც შესაძლებელი იყო ტყვეებისა და მონების ყიდვა/გაყიდვა.

საქართველოს ტერიტორიაზე მონებით ვაჭრობა ჯერ კიდევ VI საუკუნეში იყო გავრცელებული. მაგალითად, სასანიანთა დინასტიის დროინდელი ირანის დაინტერესება ლაზიკით, წმინდა სამხედრო ინტერესების გარდა, დაფუძნებული უნდა ყოფილიყო თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის ეკონომიკურ პოტენციალზე. მაგალითად, VI საუკუნეში ლაზებზე საუბრისას ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ისინი მცირე აზიაში მცხოვრებ რომაელებთან ტყავ-საფარებით, ტყავებითა და მონებით ვაჭრობდნენ.

საქართველოს ტერიტორია მონებითა და ტყვეებით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ყოფილიყო VIII-IX საუკუნეებშიც, როდესაც არაბებს თანამედროვე რუსეთის ტერიტორიიდან უამრავი მონა მოჰყავდათ.

თუმცა ქართულ ქალაქებში მონებითა და ტყვეებით ვაჭრობის გავრცელება დასტურდება საქართველოს გაერთიანების შემდეგ, როდესაც დავით აღმაშენებლის, გიორგი III-ისა და თამარ მეფის მიერ მდიდარ ქალაქებსა და გზებზე კონტროლი მყარდება. ამასთან ერთად, სამხედრო ნადავლი სახელმწიფო შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა, რომელშიც ტყვეების გაყიდვით შემოსულ მოგებას საკმაოდ დიდი მასშტაბებისთვის უნდა მიეღწია.

საქართველოს ქალაქებიდან მონებითა და ტყვეებით ვაჭრობაში ყველაზე აქტიურად თბილისი იყო ჩაბმული. ამის ერთ-ერთი მაგალითი გიორგი III-ის მიერ სომხური ქალაქ დვინის აღება იყო. დვინის სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამ ქალაქის სავაჭრო ცენტრად გადაქცევა განაპირობა. ქალაქის ბაზრები ასევე ცნობილი იყო აბრეშუმის, ნოხების, საფენების წარმოებით და წითელი საღებავის – ყირმიზის – არსებობით. გაცხოველებულმა ვაჭრობამ და ქალაქის სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამ დვინი რეგიონში ყველაზე მდიდარ ქალაქად აქცია. დვინის სიმდიდრეზე ქართული წყაროებიც გვატყობინებენ. “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანში”  შემონახული ცნობების მიხედვით, გიორგი III-ის მიერ დვინის აღების შედეგად ქვეყანა სიმდიდრით აივსო. მეტიც, “ტყვეებისა და საუნჯის სიმრავლემ გადაფარა ველები” . შეპყრობილ ტყვეებს თბილისში თითო დრამად ჰყიდდნენ. ეს ბოლო ცნობა კი პირდაპირ მიუთითებს XII საუკუნეში თბილისში ტყვეებით/ მონებით ვაჭრობის ბაზრების არსებობაზე.

გადავინაცვლოთ თამარ მეფის ეპოქაში. ბასილი ეზოსმოძღუარის მიხედვით, 1195 წელს ცნობილი შამქორის ბრძოლის შემდეგ თამარის ჯარი განჯაში შევიდა, სადაც მათ  უამრავი ოქრო დახვდათ. მეტიც, ისტორიკოსი დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ქართველების ხელში ჩავარდნილი ქონების შესახებ (სამკაულები, ჭურჭელი, თვლები, მარგალიტები, მუზარადები, ხმლები, ფერად- ფერადი ოქროქსოვილები და მდიდრული ტანსაცმელი, ცხენები, ჯორები, ოქროს ყელსაბამები, სუნელები, სპილენძის ჭურჭელი, ბევრი ტყვე, ოქრო, ინდური ქვები და ურიცხვი მარგალიტი) მაშინ, როდესაც ის ლაშქრის თბილისში დაბრუნებას აღწერს. როგორც ჩანს, ნადავლი იმდენად დიდი იყო, რომ თბილისის მისადგომებთან მისვლისას, ქართულმა ჯარმა ნაალაფარი დიდუბე-ავჭალა-გლდანის ტერიტორიაზე გაშალა. რაც მთავარია, ჯარს უამრავი მონა ჩამოუყვანია და ქალაქში მათი იაფად გაყიდვა დაუწყია.

ამავე ისტორიული მოვლენის თაობაზე “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”  გვამცნობს, რომ შამქორის ბრძოლის შემდეგ თბილისში დაბრუნებული ქართული ჯარი აურაცხელი საჩუქრით ეახლა თამარს: ჩამოთვლილია 12 000 ტყვე, 20 000 ცხენი, 7 000 ჯორი, 15 000 აქლემი. ასევე, სხვადასხვა დროშა, განძეული, ოქრო და ლარი. თუ 12 000 ტყვეს შესახებ მოცემული ცნობა ახლოს არის სიმართლესთან, ჩვენ ქალაქ თბილისში მონებით/ ტყვეებით საკმაოდ ფართომასშტაბიან მოვლენასთან გვაქვს საქმე.

ტყვეებთან დაკავშირებით საინტერესოა კიდევ ერთი ცნობა. ლაშა-გიორგის დაბადების აღსანიშნავად, თამარ მეფის ჯარებმა ბარდავში (თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია) ილაშქრეს და თამარისა და მისი ძის დღეგრძელობისთვის 3,000 ტყვე გაათავისუფლეს.

ქართულ ქალაქებში მონებით/ ტყვეებით ვაჭრობა არც XIII საუკუნეში შემცირებულა. თბილისიდან გაჰქონდათ აბრეშუმი, ვერცხლისწყალი, არყის ხე, ცხოველები, წაბლი, წიგნის ყდის ტყავი, ტანსაცმელი, ფაქიზი ნოხები, შალი და მონები. მონა ვაჟებსა და ქალებზე ყურადღებას ამახვილებს XIII საუკუნის ნაშრომის “აჯაიბ ად-დუნიას” ანონიმი სპარსი ავტორიც.

ამრიგად, თბილისი X-XIII საუკუნეებში – მაშინ როდესაც საქართველო მდიდარ ქალაქებსა და მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს აკონტროლებდა – მახლობელ აღმოსავლეთში ადამიანებით ვაჭრობის ერთ- ერთ უმსხვილეს ცენტრს წარმოადგენდა.

თბილისის გარდა, ადამიანებით ვაჭრობა ქართველ მეფეებს დაქვემდებარებულ ბევრ სხვა ქალაქშიც მიმდინარეობდა, რაც დიდი ფინანსური მოგების მომტანი უნდა ყოფილიყო ქართული სახელმწიფოსთვის.

ერთ-ერთ ასეთ ცენტრს ქალაქი დარუბანდი წარმოადგენდა, რომელიც მნიშვნელოვან გზაგასაყარზე მდებარეობდა. ქალაქზე გადიოდა გზა კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ, რომელიც სტეპებსა და ირანის მდიდარ ქალაქებს აერთიანებდა. დავით აღმაშენებლის მეფობის ბოლო წლებიდან ქართველები დარუბანდსაც აკონტროლებდნენ.

საქართველოს გარშემო არსებული სომხეთისგან და თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიებისგან შემდგარი ტერიტორიული სარტყელი საკმაოდ მდიდარი იყო X-XIII საუკუნეებში. მაგალითად, X საუკუნის წყაროში, “ჰოდუდ ალ- ალემში” , ვკითხულობთ: “იქ მოიპოვება ტყვეები (მონები), [წარმოშობით] რუმიელები, სომხები, პაჭანიკები, ხაზარები და სეკლაბები (სლავები)” . უნდა გვახსოვდეს, რომ XII-XIII საუკუნებში აღნიშნული ტერიტორიები ქართველი მეფეების გავლენის ქვეშ იყო.

საქართველოს ტერიტორიაზე მონებით/ ტყვეებით ვაჭრობა არც მომდევნო საუკუნეებში წყდება. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი. თუ მიმოხილული მონაცემების მიხედვით, გიორგი III და თამარ მეფის პერიოდში მონებით/ ტყვეებით ვაჭრობას უშუალოდ ქართველები ხელმძღვანელობდნენ, XIV-XV საუკუნეებიდან ვითარება მკვეთრად შეიცვალა. საქართველოს სამეფოს დასუსტებამ ეკონომიკური დონის დაქვეითება გამოიწვია. დაიკარგა კონტროლი მდიდარ ქალაქებზე, რომელსაც ადრე ბაგრატიონები იქვემდებარებდნენ. შედეგად, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიიდან, ზღვით, უამრავი მონა/ ტყვე გაჰყავდათ. მონების უმრავლესობას მეგრელები და დასავლეთ საქართველოს სხვა მკვიდრნი წარმოადგენდნენ.

ყოველივე ამას ადასტურებენ უცხოელი ვაჭრები და მისიონერები, რომელნიც XVI-XVII საუკუნეებში საქართველოში იმყოფებოდნენ. კარგ მაგალითს წარმოადგენს ფრანგი მოგზაურისა და ვაჭრის ჟან შარდენის 1672-1673 წლებით დათარიღებული ცნობები, რომლებიც გვაუწყებს, რომ უცხოელებისთვის საქართველოში ყველაზე ღირებულ “საგანს”  მონები წარმოადგენდნენ. ასე, შარდენი წერდა, რომ დასავლეთ საქართველოში ყოველთვის ჩადიოდნენ თურქები და შესყიდული ტყვეები ნავებით მიჰყავდათ.

ამრიგად, არაერთი წყაროთი დასტურდება, რომ საქართველოში ადამიანებით ვაჭრობა ფართოდ იყო გავრცელებული. როგორც ჩანს, ქართველი მეფეები ფრიად დაინტერესებულები იყვნენ ახლად დაპყრობილ ქალაქებში ტყვეების აყვანით და მათი ქართულ ქალაქებში ხშირად დიდი თანხის სანაცვლოდ გაყიდვაში. ამ კუთხით ქალაქი თბილისი მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. თუმცა საქართველოს ისტორიის “ოქროს ხანისგან” განსხვავებით, მომდევნო საუკუნეებში საქართველოში მონებით/ ტყვეებით ვაჭრობა უკვე ძირითადად ქართველებით მიმდინარეობს. ამის მიზეზი კი გართულებული ეკონომიკური მდგომარეობა იყო, რომელმაც ქართული სამეფო დაშლამდე და უფრო მეტად დასუსტებამდე მიიყვანა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *