აზიის განვითარების ბანკმა მიმდინარე წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. 4.5%-ის ნაცვლად, 2018 წელს ADB საქართველოს ეკონომიკის 4.9%-ით გაზრდას ელოდება.
ამასთან, ბანკმა გაზარდა მომდევნო წლის პროგნოზიც და 4.7%-ის ნაცვლად 5%-ს შეადგენს.
შემცირეულია ინფლაციის მაჩვენბელის პროგნოზი და ის 2018-2019 წლებში 3%-ს შეადგენს.
ADB აღნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი ახალი საგადასახადო რეჟიმის დამსახურებით მცირე ზომის კომპანიები ბიზნესის განვითარებას ახერხებენ, მათ შორის დასახელებულია, როგორც მცირე მეწარმეებისთვის გადასახადის შემცირება, ასევე დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის ამოქმედება.
ADB მიმდინარე წელს რეგიონში ყველაზე მაღალ ზრდას თურქმენეთში ელოდება – 6.2%, დანარჩენი ქვეყნებისთვის პროგნოზი კი შემდეგია: ტაჯიკეთი – 6%; სომხეთი – 5.3%; აზერბაიჯანი – 1.7%; ყაზახეთი – 3.7%; ყირგიზეთი – 2.5%; უზბეკეთი – 4.9%.
ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი ინფლაცია უზბეკეთშია მოსალოდნელი და ის 16%-ს შეადგენს, სომხეთში ინფლაციის პროგნოზი 2.7%-ია, აზერბაიჯანში 4.5%, ყაზახეთში 7%, ყირგიზეთში 3.8%, ტაჯიკეთში 6.5%, თურქმენეთში კი 6.4%.
ADB მიმდინარე წელს განვითარებული აზიის რეგიონში მშპ-ს 6%-იან ზრდას ელოდება, მომდევნო წელს კი 5.8%-იანს. მთავარ შემზღუდავ ფაქტორად სახელდება მსოფლიოში სავაჭრო ომი, რომელიც როგორც ცნობილია, აშშ-ს მიერ ახალი ტარიფების დაწესებას უკავშირდება.
ჯამში, აზიის განვითარების ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 14 ქვეყნის შემთხვევაში გაზარდა, 16-ის შემთხვევაში შეამცირა, ხოლო 15 ქვეყნის პროგნოზი უცვლელად დატოვა.