საქართველოს საფონდო ბირჟა სასწრაფოდ გასაციფრულებელია - „მეტრო ჰოლდინგი“

საქართველოს საფონდო ბირჟა სასწრაფოდ გასაციფრულებელია - „მეტრო ჰოლდინგი“

სასწრაფოდ გასაციფრულებელია საქართველოს საფონდო ბირჟა, რაზეც ქვეყანაში კაპიტალის შემოდინების საზღვარი გადის, – ამის შესახებ „მეტრო ჰოლდინგის“ წარმომადგენელი, რაულ კახაძე აცხადებს. მისი თქმით, კაპიტალის ბაზრის გარეშე ათასობით იდეა და სტარტაპი განწირულია. ის მიიჩნევს, რომ სტარტაპერების განვითარება ფინანსების მოძიებაზე გადის, ფინანსების მოძიება კი ფასიანი ქაღალდების განვითარებასა და გაციფრულების გარეშე შეუძლებელია.

„ყველა სტარტაპერს მოვუწოდებ, დღესვე მიაშურონ უახლოეს „ლიცენზირებულ“ საბროკერო კომპანიას (რომელთა რაოდენობა სულ ხუთია) რათა რაც შეიძლება მეტი დაფინანსების მაძიებელი ჩაწვდეს როგორც საფონდო ბირჟის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ასევე მეტმა ადამიანმა აიმაღლოს ხმა ნებსით თუ უნებლიეთ დაგროვებული მარტივად გადასაჭრელი პრობლემების წინაშე.

მიმართეთ საბროკერო კომპანიებს, მოითხოვეთ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ვაჭრობის დასაწყებად ანგარიშის გახსნა, არ დანებდეთ და ბოლომდე მიიყვანეთ საქმე“, – ურჩევს სტარტაპერებს რაულ კახაძე, რომელიც თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის მიერ დაარსებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

ამასთან, კახაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის ხსნა გაციფრულებაშია. მისივე თქმით, ეს პროცესი ქვეყანაში უკვე დაწყებულია, მაგრამ ტემპი არასაკმარისია.

„ბევრი სახელმწიფო თუ კერძო პროგრამაა ამ კუთხით ჩაშვებული, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ არასაკმარისი. უნდა გავაციფრულოთ სკოლები, ბიბლიოთეკები საავადმყოფოები და ყველა ის სტრატეგიული ინსტიტუტი, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ტექნოლოგიების საუკუნეში გაციფრულების მნიშვნელობაზე საუბარი სათაკილოც კია, მაგრამ ამის გამეორება და მოწოდება არ უნდა მოგვბეზრდეს მანამ, სანამ მხოლოდ ტელეფონები კი არ გვექნება ჭკვიანი, არამედ მათ ჭკვიანურად გამოყენებას  დაიწყებდეს მთელი ქვეყანა“, – აცხადებს ის.

ცნობისთვის, საქართველოს საფონდო ბირჟაზე მიმდინარე წელს მხოლოდ 9 გარიგება შედგა, რომელთა საერთო ღირებულება 102,453.76 ლარი იყო.

2020 წლის განმავლობაში კი სულ 48 გარიგება დაიდო, რომელთა მოცულობამ სულ რაღაც 46,1 ათასი ლარი შეადგინა და რომლის მონაწილეები სს ,,ლიბერთი ბანკი’’, სს ,,თელასი’’, სს ,,მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი’’ და სს ,,საქართველოს ბანკი’’ იყვნენ. 2019 წელს კი სულ 56 გარიგება დაიდო და თანხამ 45,7 ათასი ლარი შეადგინა.

რამდენიმე თვის წინ საქართველოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელმა გიორგი ფარესიშვილმა ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ერთად გარიგებებმა სრულად გადაინაცვლა არასაბირჟო მიმართულებით, რაც საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს და უნდა შეიზღუდოს.

გიორგი ფარესიშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ საფონდო ბირჟა უფუნქციოდ ვერ დარჩება, რადგან ალბათ ყოველთვის იქნებიან ემიტენტები, ვისაც ფასიანი ქაღალდების გამოშვების სურვილი ექნება. თუმცა გარიგებების არარსებობის ფონზე ბირჟას საკუთარი თავის შენახვა უფრო და უფრო გაუჭირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.