აზიის განვითარების ბანკი (ADB) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის პროცესში ჩართვის შესაძლებლობას განიხილავს. ბანკი აღნიშნავს, რომ შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის პროცესში საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით.
“მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები და ბანკები ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დასანერგად ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობენ, რათა შეაფასონ თუ რამდენად შეუძლია მას ისეთი პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ნდობასთან და გამჭვირვალობასთანაა დაკავშირებული”, – აღნიშნავს აზიის განვითარების ბანკი და ერთ-ერთ მაგალითად საქართველო მოჰყავს.
ADB აღნიშნავს, რომ საქართველომ ბლოკჩეინის დანერგვის საპილოტე პროგრამა 2016 წელს დაიწყო და საჯარო რეესტრის სამსახურმა მიწის რეგისტრაცია ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით დაიწყო.
“ქართველებს უკვე შეუძლიათ მიწის რეგისტრაცია და სხვადასხვა ოპერაციების მონაცემების შემოწმება ბლოკჩეინის ტექნოლოგიით, რაც ზრდის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას”, – აღნიშნავს ADB. “ტექნიკურად სისტემას ორი ნაწილი აქვს: კერძო – რომლითაც მთავრობა მონაცემებს აღრიცხავს და საჯარო ბლოკჩეინი. მიწის მფლობელობაზე ინფორმაციის მიღება საჯაროდ ხელმისაწვდომია ისე რომ ის იცავს მესაკუთრის უსაფრთხოებას“.
ADB აღნიშნავს, რომ ბლოკჩეინს შეუძლია ქვეყანას მოუტანოს ინფრასტრუქტურა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. ასევე უზრუნველყოს არსებული არაეფექტური სისტემების განახლება.