აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა წელთან შედარებით 16.4%-ით გაიზარდა

აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა წელთან შედარებით 16.4%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის 2021 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გასულ თვესთან შედარებით 1.2%-ითაა გაზრდილი, 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 16.4%-იანი ზრდა ფიქსირდება.

ყველაზე ნაკლები გავლენა ფასების ცვლილებაზე სამთო-მომპოვებელი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფმა იქონია. ამ ჯგუფის ფასები წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაზე მხოლოდ 0.02%-იანი გავლენა მოახდინა.

საქსტატის მონაცემებით, ფასების ზრდა შეინიშნება დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფშიც და იგი 0.9%-ს შეადგენს. საერთო ჯამური ცვლილება კი აღნიშნული ჯგუფის ფასების ზრდით 0.74%-ია.

ყველაზე დიდი, 4.1%-იანი ზრდა 2021 წლის ივლისთან შედარებით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე მოდის. თუმცა, ამისდა მიუხედავად, მისი გავლენა ფასების ინდექსზე იმდენად დიდი არ ყოფილა და მან ცვლილებაში მხოლოდ 0.42%-იანი წვლილი შეიტანა.

რაც შეეხება წლიურ ცვლილებას, აქ ყველაზე დიდი მაჩვენებელი წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვითა და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს აქვს. წინა წელთან შედარებით აღნიშნულ კატეგორიაში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 30.1%-ით არის გაზრდილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *