Airbnb-ის თბილისურ ბაზარზე პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით კვლავ ჩავარდნაა

Airbnb-ის თბილისურ ბაზარზე პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით კვლავ ჩავარდნაა

TBC Capital-მა ტურისტული სეზონისა და მისი ეფექტების შესახებ ყოველთვიური კვლევა გამოაქვეყნა. ამჯერად კვლევა ტურისტული სეზონის დამაგვირგვინებელი თვის, აგვისტოს შესახებ გვაცნობს ინფორმაციას და გარკვეულწილად აჯამებს ზაფხულში საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის ტენდენციებს. კვლევაში ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული საკითხების პერსპექტივები და წლიური შედარებებია განხილული. ერთ-ერთ საკვლევ თემას კი უდიდესი საერთაშორისო ტურისტული პლატფორმის, Airbnb-სა და მისი თბილისური ბაზრის ტენდენციების შესწავლა წარმოადგენს.

როგორც TBC Capital-ის ყოველთვიურ მიმოხილვაში ვკითხულობთ, Airbnb-ის თბილისურ ბაზარზე პანდემიამდელ მაჩვენებელთან დაბრუნებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა. 2021 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში აღნიშნული ბაზარი აღდგენის პროცესში იმყოფებოდა. მართალია, აღდგენა იმდენად მზარდი არ იყო, თუმცა ტენდენცია საკმაოდ გამოკვეთილი იყო და ეკონომისტებსა თუ სფეროს ექსპერტებს ოპტიმისტური მოლოდინების გაკეთების შესაძლებლობასაც აძლევდა.

თუმცა აგვისტოში კოვიდ-19-ის შემთხვევების მატებამ როგორც ყველა სხვა დანარჩენ ტურისტულ სფეროზე, Airbnb-ის თბილისური ბაზრის მაჩვენებლებზეც იმოქმედა. აღნიშნული ბაზრის შემოსავლები მიმდინარე წლის აგვისტოში, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით 60%-ით ნაკლები იყო. საინტერესოა, რომ აღნიშნული რიცხვი წინა თვეში 50%-ს უტოლდებოდა და სულ უფრო მეტად მზარდად მიისწრაფოდა იმ ჩავარდნის აღმოფხვრისაკენ, რაც ამ ორი წლის განმავლობაში გაჩნდა. თუმცა პანდემიის ახალმა ტალღამ პროგრესი მნიშვნელოვნად შეაფერხა.