ახალგაზრდა პროფესორი პრორექტორის სტატუსით

ახალგაზრდა პროფესორი პრორექტორის სტატუსით

33 წლის ასაკში დიმიტრი გეგენავას ანგარიშზე 15-მდე მისი ავტორობით და თანაავტორობით გამოცემული სამართლის წიგნი, 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორობის 5-წლიანი გამოცდილება, 50-მდე საერთაშორისო კონფერენციაზე მომხსენებლობა, რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრობა და სამართლის დოქტორის ხარისხია. მუდმივი შრომა მის სამუშაო ოთახშიც ნათლად იგრძნობა. ახალგაზრდა პრორექტორი და პროფესორი Forbes Georgia-ს გუნდს თავის წარმატებასა და გეგმებზე ესაუბრა.

დიმიტრი, რამ განაპირობა ის, რომ ასეთ ასაკში მიაღწიეთ ამდენ ხარისხსა და პოზიციას

წინსვლისთვის მხოლოდ შრომისმოყვარეობა და სურვილი არ არის საკმარისი, აუცილებელია, რომ შენ გარშემო საჭირო დროს საჭირო ადამიანები იყვნენ – როგორც შემგულიანებლები, ასევე დამფასებლებიც. ამ მხრივ, ნამდვილად გამიმართლა. ჩემი კარიერის ყველა ეტაპზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ ჩემს შრომას და ნდობას მიცხადებდნენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარიერის საწყის ეტაპზე, როდესაც შეიძლება, ძალიან ბევრი დაბრკოლება შეგხვდეს.

წარმოგედგინათ რომ ამდენს ასე მალე შეძლებდით?

ვინ იცის?! თუმცა ამ ამბავში კატალიზატორის როლი ადრეულ ასაკში საპასუხისმგებლო პოზიციების დაკავებამ ითამაშა. თავდაპირველად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლექტორი ვიყავი, შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის იურისტი, მოგვიანებით უკვე რექტორის თანაშემწე, იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტი, ბოლოს კი წარმომადგენლობითი საბჭოს აპარატის უფროსი. ახლა უკან გადავახვიოთ და ამ ამბავში როგორ მოვხვდი, უცებ გაგიზიარებთ.

საქმე ისაა, რომ სტუდენტობის პირველივე კვირას მივხვდი, ვინ მინდოდა, გამოვსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ სამართლის პროგრამაზე შემთხვევით აღმოვჩნდი. სწორ ადგილას ყოფნას პროფესორ გიორგი კვერენჩხილაძის დამსახურებით მივხვდი.

არის თქვენთვის წარმატება?

ვფიქრობ, ერთია, იყო კარგი პროფესიონალი და მეორეა – გქონდეს ღირებულებათა ის სისტემა, რომელიც ამ პროფესიონალიზმთან ერთად შეგაძლებინებს საქმის ეთიკური თუ მორალური პრინციპებით კეთებას. წარმატება პროფესიონალიზმისა და ადამიანობის შენარჩუნების ერთობლიობაა. ადამიანის ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ დარჩეს ადამიანად.

განათლების მენეჯმენტში 12-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რთულია მართვა განათლების სექტორში?

განათლების მენეჯმენტი საქართველოში ძალიან რთულია. თუმცა ლექტორობაზე რთული ალბათ არაფერია. ერთხელ ძალიან ცნობილ გერმანელ პოლიტიკოსს და იურისტს, რომელსაც მაღალი თანამდებობები ეკავა გერმანიაში, ჰკითხეს – რა იყო ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიცია მისთვის. მან დაუფიქრებლად უპასუხა – ყველაზე რთული პროფესორობააო, რადგან არსად იმდენი ცუდის გაკეთება არ შეგიძლია ქვეყნისა და ადამიანებისთვის, რამდენიც ლექციაზე.

მენეჯმენტის შემთხვევაში პრობლემების დახარისხებას იწყებ, ხოლო ლექციაზე თითოეულ სტუდენტთან თითოეულ შეხვედრაზე ინდივიდუალურად გიწევს დაბრკოლებაზე რეაგირება.

თქვენ უკვე ხუთი წელია, საბაუნის“ პრორექტორის პოზიციას იკავებთ. რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ მიღწევად?

ყველაზე მთავარი მიღწევა ისაა, რომ „საბაუნი“ სასწავლო უნივერსიტეტიდან სრულ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა, რომელსაც სადოქტორო პროგრამების განხორციელებაც შეუძლია. ასევე, არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი გუნდის მთავარი მიღწევაა ის, რომ სტუდენტებს, რომლებიც ჩვენთან სწავლობენ, ეამაყებათ აქაურობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მუდმივად ვგრძნობდეთ იმ მაჯისცემას, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში არის და პროგრესში ჩვენი წვლილის შეტანის ამბიცია გვქონდეს.

ამბობენ, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი სამართლის პროგრამების განვითარებაში ლომის წილი გაქვთ

ლომის წილზე რა გითხრათ, თუმცა მიმაჩნია, რომ როცა საგანმანათლებლო პროგრამებს ქმნი, ისე უნდა შექმნა ან ასწავლო, როგორც საკუთარ შვილს. არ შეიძლება, პროგრამა, რომელსაც არ ურჩევ საკუთარი ოჯახის წევრს, იყოს კარგი და გემეტებოდეს სხვებისთვის.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამები ამ პათოსით შევქმენით. მთავარი ნიში – პრაქტიკაზე ორიენტირებულობა გახდა. სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრები მთლიანად პრაქტიკისკენ მივმართეთ, რაც სავალდებულოა ყველა სტუდენტისთვის. ჯამში ათეულობით იმიტირებულ პროცესზე გამოსვლა, ათობით დოკუმენტის შექმნა და კლინიკური სწავლების ფარგლებში რეალურ საქმეებთან შეხება არის მათი მთავარი სამუშაო და ჩვენთვის მთავარი ამოცანა. მაგისტრატურა კი სრულად პრაქტიკაზეა აწყობილი.

ასევე, ჩვენთან ყველა ლექტორი, რომელიც მკვლევარია, არის პრაქტიკოსიც, ან პრაქტიკული გამოცდილების მქონე. ამ ყველაფერმა სწავლების თვისებრივად ახალი პრაქტიკა მოგვცა. გარდა ამისა, ჩვენ ყოველ სემესტრში ვაახლებთ პროგრამას არჩევითი საგნების მიმართულებით, ვინაიდან ბაზარზე მუდმივად ცვლილებებია – რა საჭიროებებსაც ვხედავთ, იმის მიხედვით ვარგებთ პროგრამებსაც. ამ პროცესში ჩართული გვყავს პროფესორები, სტუდენტები, დამსაქმებლები და კურსდამთავრებულები. ამის გათვალისწინება ყოველსემესტრულად ხდება, რათა რეალურ ცხოვრებას არ ჩამოვრჩეთ.

აქვე დავძენ, რომ წლების წინ სამართლის წიგნების გამოცემა ინტენსიურად დავიწყეთ, დღეს კი თითქმის ყველა ქართული უნივერსიტეტის სამართლისა თუ იურიდიული ფაკულტეტების პროგრამათა სილაბუსებში ჩვენს წიგნებს აღმოაჩენთ, რაც ძალიან გვეამაყება.

რა მიგაჩნიათ უმაღლესი განათლების მთავარ გამოწვევად? არის დღეს სისტემა სტუდენტზე ორიენტირებული?

განათლების მიღების კონტექსტში არ შეიძლება, დაყო ადამიანები შენიანებად და სხვისიანებად. ყველა უნდა იღებდეს ხარისხიან განათლებას. ვფიქრობ, უნივერსიტეტებმა უნდა გავიგოთ, რომ მთავარი სუბიექტი სტუდენტია. მასზე უნდა იყოს აგებული ყველაფერი – დაწყებული ლექციით, დასრულებული მმართველობით.

ამას გარდა, უმაღლესი სასწავლებლებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა საბაზისო და საშუალო განათლების დონე. ასე თუ ისე, ქვეყანაში უმაღლესი განათლება გაცილებით წინაა, ვიდრე სასკოლო განათლება. პირველკურსელმა არ იცის ის, რაც რეალურად სკოლაში უნდა ჰქონდეს ნასწავლი. ამ უფსკრულის ამოვსებას დიდი დრო სჭირდება. უნივერსიტეტში სწავლა-სწავლების პროცესი სტუდენტებისთვის ფუნდამენტური ცოდნის მიცემაზე არ უნდა იყოს მიმართული.

რაც შეეხება თქვენს პირად გეგმებს, მუშაობთ ახალ წიგნებზე?

ცხადია, მარტოც და სხვების ჩართულობითაც. ძალიან ამბიციური გეგმა დავისახეთ, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის ბოლოსთვის „საბაუნის“ სამართლის საბაკალავრო პროგრამების კურიკულუმის დაახლოებით 1/3-ში ჩვენი გამომცემლობის წიგნები უნდა იყოს. დღესდღეობით სამართლის პროგრამებზე სავალდებულო საგნების დიდ ნაწილში ლიტერატურა ქართულად არ არსებობს, რაც დიდი გამოწვევაა. ასე რომ დავიწყეთ წიგნების გამოცემა, რომელთაც, როგორც უკვე აღვნიშნე, სხვა უნივერსიტეტებიც აქტიურად იყენებენ სამართლის პროგრამებზე. ვმუშაობთ იმაზე, რომ სამართლის დარგს 2025 წლამდე კიდევ 15-ზე მეტი წიგნი შეემატოს.

სტუდენტებისთვის მთავარი სათქმელი

დასცხეთ ეპოქას… ერთმანეთს – არა!  S