ბილ გეიტსის თქმით, ChatGPT მსოფლიოს შეცვლის

ბილ გეიტსის თქმით, ChatGPT მსოფლიოს შეცვლის

Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ ChatGPT, ე.წ. ჩეთბოტი, რომელიც დასმულ კითხვებზე ადამიანისთვის დამახასიათებელ პასუხებს იძლევა, ისეთივე მნიშვნელობის გამოგონებაა, როგორიც ერთ დროს ინტერნეტი იყო. გეიტსმა განცხადება გერმანულ ბიზნესგამოცემა Handelsblatt-სთან ინტერვიუში გააკეთა.

„აქამდე ხელოვნურ ინტელექტს კითხვა და წერა შეეძლო, თუმცა არ შეეძლო შინაარსის გაგება. ახალი პროგრამები, როგორიცაა ChatGPT-ი, საოფისე სამუშაოების დიდ ნაწილს ბევრად უფრო ეფექტიანს გახდის, დაეხმარება მათ ინვოისებისა და წერილების დაწერაში. ეს მსოფლიოს შეცვლის“, – ვკითხულობთ ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის თანადამფუძნებლის ინტერვიუში.

ChatGPT-ი ამერიკული კომპანია OpenAI-ის მიერ შეიქმნა და Microsoft Corp-ის მიერაა მხარდაჭერილი. აღსანიშნავია, რომ ChatGPT-ი ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ სამომხმარებლო აპლიკაციად შეფასდა. გასულ თვეში Microsoft-მა ხელოვნურ ინტელექტ ChatGPT-ში 10 მილიარდი დოლარის ინვესტირება დააანონსა.

ChatGPT-ი მხოლოდ კვლევითი პროდუქტია და ის OpenAI-ს მიერ ამ ეტაპზე კომერციალიზებული არ არის, თუმცა მომავალში იგეგმება, რომ ხელოვნური ინტელექტის მომსახურების სერვისი მონეტიზებული გახდეს და კომპანიამ შემოსავლის მიღებაც შეძლოს.

ცნობისთვის, Microsoft-ი OpenAI-ს საქმიანობით ჯერ კიდევ 2017 წელს დაინტერესდა, 2019-ში კი ტექნოლოგიურმა გიგანტმა სტარტაპში $1-მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა. წყაროების მტკიცებით, Microsoft-ს A.I. კომპანიაში საკუთარი წილის 50%-მდე გაზრდა და ChatGPT-ის საკუთარ სერვისებში, მათ შორის, Windows-სა და Bing-ში ინტეგრირება სურს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *