Reuters: ამომრჩევლების ტრანსპორტირება, დეზინფორმაცია – რუსეთის ფარული მცდელობები სომხეთის არჩევნებში ჩასარევად

Reuters: ამომრჩევლების ტრანსპორტირება, დეზინფორმაცია – რუსეთის ფარული მცდელობები სომხეთის არჩევნებში ჩასარევად

ფოტო: caucasuswatch.de

 

დასავლეთის დაზვერვისა და სამთავრობო მაღალჩინოსნების ინფორმაციით, სომხეთში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევისა და მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებისთვის მოსკოვმა ფარული მცდელობები გააძლიერა. როგორც გამოცემა Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, კრემლი შიშობს, რომ არჩევნებში ფაშინიანის გამარჯვება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას დასავლეთთან კიდევ უფრო დააახლოებს.

Reuters-ის მიერ დასავლეთის დაზვერვის ხუთ ოფიციალურ პირთან ჩატარებული ინტერვიუებისა და მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, 7 ივნისს დანიშნულ არჩევნებამდე მოსკოვი, პრორუსი კანდიდატების სასარგებლოდ დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებისა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ქვეყანაში ათიათასობით ეთნიკურად სომხის ტრანსპორტირებას გეგმავს.

დაახლოებით 3-მილიონიანი მოსახლეობით, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანა წლების განმავლობაში მოსკოვის „ორბიტაზე“ რჩებოდა. სომხეთის ტერიტორიაზე რუსული ჯარებიც არის განთავსებული. თუმცა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც წინასაარჩევნო გამოკითხვებში ლიდერობს, ბოლო პერიოდში ევროპასა და ნატო-ს დაუახლოვდა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირედ იქცა. უფრო მეტიც, ტრამპმა მომავალი არჩევნებისთვის ფაშინიანს სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერევანში ჩავიდა, სადაც სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებასა და ხელშეკრულებას — „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ — მოაწერა ხელი. ეს უკანასკნელი სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც სომხეთის გავლით მოეწყობა და შესაძლოა, რეგიონში რუსეთის გავლენა კიდევ უფრო შეამციროს.

სომხეთი, რომელიც ამავდროულად რუსეთის ხელმძღვანელობით არსებული ეკონომიკური კავშირის წევრია, მოსკოვის რეგიონულ უსაფრთხოების ალიანსს 2024 წელს გამოეყო. პარალელურად კი, ამ თვეში, ევროპელი ლიდერების სამიტზე ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს უმასპინძლა. სომხეთის კურსის ცვლილების გამო უკმაყოფილება არც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაუმალავს. მოსკოვმა ერევანს შეუთვალა, რომ ის „იაფი ბუნებრივი აირის რესურსის დაკარგვის წინაშეა“ და პარალელურად სომხური პროდუქციის, მათ შორის ხილის, ბოსტნეულის, ყვავილების, ღვინისა და ბრენდის იმპორტი შეზღუდა.

Reuters-ის წყაროთა განცხადებით, მოსკოვის სასურველი კანდიდატი სამველ კარაპეტიანია — პრორუსი მილიარდერი, რომელსაც ამჟამად მთავრობის დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით ასამართლებენ. თავად კარაპეტიანი, რომელიც რუსეთისა და კვიპროსის მოქალაქეა, ბრალდებებს უარყოფს, ხოლო მისმა ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა Reuters-ს განუცხადა, რომ მისმა კლიენტმა რუსეთის მხარდაჭერის შესახებ არაფერი იცოდა.

კომენტარის მოთხოვნის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Reuters-ს განუცხადა, რომ მათი სტატია შეიცავდა ყალბ განცხადებებს და ხელს უწყობდა „ანტირუსულ რიტორიკას“. სტატიაში მოყვანილ კონკრეტულ ბრალდებების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა სომხეთის მთავრობის კომუნიკაციების დეპარტამენტმა, თუმცა აღნიშნა, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული.

Reuters-ის წყაროთა განცხადებით, რუსეთიდან ამომრჩევლების ტრანსპორტირებას კრემლის მიერ ჩამოყალიბებული „სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის დირექტორატი“ უხელმძღვანელებს. მათივე განცხადებით, რუსი მაღალჩინოსნები ფაშინიანის ოპონენტების მხარდასაჭერად რუსეთში მყოფი სომხების გაგზავნას აქტიურად განიხილავენ. სხვადასხვა მონაცემით, რუსეთში 2 მილიონზე მეტი ეთნიკურად სომეხი ცხოვრობს, თუმცა ქვეყანა საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას კრძალავს.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, Reuters-ი წერს, რომ რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, 100,000 ამომრჩევლის ტრანსპორტირება მოსკოვს დაახლოებით $50 მილიონი უჯდება. მაისის შუა რიცხვებში კრემლმა რეგიონებისთვის კვოტებიც დააწესა, თუ რამდენი ეთნიკურად სომეხი უნდა გაეგზავნა თითოეულ მათგანს არჩევნებზე და ადმინისტრატორებს შესაბამისი ანგარიშის წარდგენაც სთხოვა.

ცნობისთვის, მაისის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვით, მომავალი არჩევნებისთვის ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“, ხმათა 30% აქვს, რაც მათ პირველი ადგილის დაკავების საშუალებას აძლევს, ხოლო კარაპეტიანის პარტია დაახლოებით 6%-ით მეორე ადგილზეა.

პარალელურად კი, Reuters-ის ინფორმაციით, ფაშინიანის მთავრობის დისკრედიტაციისთვის რუსი მაღალჩინოსნები დეზინფორმაციის ონლაინკამპანიებსაც აძლიერებენ. ერთ-ერთი მათგანია რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ონლაინკამპანია, რომლის ფარგლებშიც გავრცელდა ცრუ ინფორმაცია ფაშინიანსა და ორ ამერიკელ სენატორს შორის მიწის ნაკვეთებზე კორუფციული გარიგების გაფორმების შესახებ. Reuters-ის ცნობით, კამპანიებში ჩართულია კრემლთან დაკავშირებული ბოტების ქსელი Storm-1516, რომელიც ასევე შემჩნეულია აშშ-ის ბოლო არჩევნებში ჩარევის მცდელობებშიც.