ახალი იმედი — მელოდი ჰობსონი

ახალი იმედი — მელოდი ჰობსონი

ამერიკული ბიზნესის ჰორიზონტზე უფრო ნიჭიერი შავკანიანი აღმასრულებლების მხარდასაჭერად, ARIEL INVESTMENT-ის მელოდი ჰობსონი არსებული ბიზნესების სათავეში მათ დანიშვნას გეგმავს – ასევე, წარმატებისთვის, მომხმარებლებსა და კაპიტალთან მათ დაკავშირებას.

1980 წელს, ჩიკაგოს საჯარო სკოლის მეექვსეკლასელი მელოდი ჰობსონი წუხდა სნეული კბილის გამო, რომელიც გაღიმებისას თვალში გეჩხირებოდა. ეს უბრალოდ არ ემთხვეოდა მომავლის იმ სურათს, რომელიც მას თავისთვის წარმოედგინა.

მეგობრებს, რომლებიც ბრეკეტებს ატარებდნენ, მან ორთოდონტის სახელი გამოჰკითხა, დედის უკითხავად შეხვედრა დანიშნა და სკოლიდან მის კაბინეტამდე ფეხით გაეშურა. ექიმმა უთხრა, რომ მას წლების განმავლობაში მოუწევდა ბრეკეტების ტარება და რომ ეს $2,500 ეღირებოდა – კოლოსალური თანხა ჰობსონის მარტოხელა დედისთვის, რომელიც მას და მის ხუთ ძმას ზრდიდა სახლში, სადაც ფული იმდენად ჭირდა, რომ გადაუხდელობის გამო, ელექტროენერგია პერიოდულად ეთიშებოდათ. ამის მიუხედავად, ეს კბილი უნდა გამოსწორებულიყო: ჰობსონი და ორთოდონტი შეთანხმდნენ გადახდის განრიგზე თვეში დაახლოებით $50-ის ოდენობით.

მერვე კლასში, გადაწყვიტა რა ჩიკაგოს ერთ-ერთ საუკეთესო კერძო სკოლაში წასვლა, მან მეგობრებს გამოჰკითხა, თუ სად აპირებდნენ ჩარიცხვას, შემდეგ ჩამორეკა სკოლებში და დაგეგმა მათი დათვალიერება დედასთან ერთად. საბოლოოდ, ის წმინდა იგნატიუსის კოლეჯის მოსამზადებელ სკოლაში, სტიპენდიით ჩაირიცხა.

2020 წელს, ჯორჯ ფლოიდის საპროტესტო აქციების ფონზე, JPMorgan Chaseის აღმასრულებელ დირექტორ ჯეიმი დაიმონს სურდა შავკანიანთა ბიზნესის დახმარება. მისი ნებისყოფის ძალის გამოყენების იმედით, დაიმონმა დაურეკა ჰობსონს, იმ დროისთვის JPMorganის საბჭოს წევრს. „მე ვთქვი: „ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მდგრადი საინვესტიციო ძალისხმევა – სრულიად მოგებიანი – უმცირესობების კომპანიებში ინვესტიციებისთვის“, – იხსენებს დაიმონი. მან უთხრა ჰობსონს, რომ სურდა Ariel Investments-ი, სადაც ჰობსონი არის თანააღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი, პროცესში ჩართულიყო, შემდეგ კი ჩამოუთვალა უმცირესობების საკუთრებაში არსებულ ბიზნესები, რომლებიც შესაძლოა, პოტენციური პარტნიორები გამხდარიყვნენ.

ჰობსონმა მისთვის დამახასიათებელი პირდაპირობითა და ოპტიმიზმით უპასუხა. „მე ვუთხარი: „ჯეიმი, ამ კომპანიებიდან [ზოგი] გაქრა“, რაც მან არ იცოდა. „მაგრამ ვფიქრობ, რომ მაქვს იდეა“. მან შეადგინა ოთხგვერდიანი მემორანდუმი, რომელშიც აღწერილი იყო Project Black-ი და 8 სექტემბერს, მისი პირველი ზარიდან ერთი კვირის შემდეგ, ის დაიმონს გაუგზავნა.

იდეა: Ariel-ი ჩამოაყალიბებდა კერძო საინვესტიციო ფონდს საშუალო ბაზრის კომპანიებში ინვესტირებისთვის და მათთვის უზრუნველყოფდა კაპიტალს და, რაც მთავარია, კონტაქტებს, რომლებიც საჭირო იყო გაყიდვებისთვის მსხვილ კორპორაციებზე, რომლებსაც სურდათ თავიანთი მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაცია. დაიმონი მყისიერად დათანხმდა. „როდესაც ადამიანები საუბრობენ შავკანიანთა ბიზნესზე, ისინი საუბრობენ კაპიტალთან წვდომაზე, კაპიტალთან წვდომაზე, კაპიტალთან წვდომაზე, – ამბობს ჰობსონი. – მომხმარებლებთან წვდომა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს“. ამჟამად, უმცირესობის საკუთრებაში არსებულ მომწოდებლებზე კორპორაციული ხარჯების მიზერული 2% მიდის.

არსებობს კიდევ ერთი ცნობილი სიბრძნე – ამ სტრატეგიის დამღუპველი ასპექტი. შავკანიანი მეწარმეები იწყებენ უამრავ ბიზნესს, მაგრამ ძალიან ცოტა მათგანი იზრდება საკმარისად იმისთვის, რომ გახდეს მსოფლიოს Walmart-ების მომწოდებელი; აშშ-ში დაახლოებით 500 კერძო კომპანიიდან, რომელთა გაყიდვები წელიწადში $1 მილიარდზე მეტია, მხოლოდ ხუთია შავკანიანთა საკუთრება.

Project Black-ი მიზნად ისახავს, გადალახოს ზომის ბარიერი კომპანიების შეძენით, რომელთა გაყიდვები $100 მილიონიდან $1 მილიარდამდეა და, თუ ისინი ჯერ კიდევ არ იმართებიან უმცირესობის წევრებით, დანიშნოს იქ ხელმძღვანელებად შავკანიანი და წარმომავლობით ლათინელი აღმასრულებლები – ანუ, მოახდინოს კომპანიების „მაინორიტიზაცია“, როგორც ჰობსონი ამბობს. ამის შემდეგ ეს ფირმები კარგად უნდა იყვნენ პოზიციონირებული იმისთვის, რომ შეიძინონ უმცირესობების საკუთრებაში არსებული პატარა საწარმოები და გადაიქცნენ კონკურენტუნარიან, უმაღლესი დონის მომწოდებლებად, რომლებიც ერთდროულად დააკმაყოფილებენ დიდი კომპანიების მიწოდების ჯაჭვის საჭიროებებსა და მრავალფეროვნების მიზნებს.

1 თებერვალს Ariel-მა დახურა თავისი პირველი Project Black-ფონდი $1.45 მილიარდის ვალდებულებით კომპანიებისგან Amerisource-Bergen-ი, Amgen-ი, Lowe’s-ი, Merck-ი, NextEra, Nuveen-ი, Salesforce-ი, Synchrony, Truist-ი, Walmart-ი, Qatar Investment Authority, Hobson’s Family Foundation-ი და Microsoft-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ სტივ ბალმერისგან, რომელმაც $200 მილიონი გაიღო. ეს ყველაფერი იმ $200 მილიონზე დამატებით, რისი დაპირებაც JPMorganმა 2021 წელს, ინიციატივის ასაგორებლად დადო.

ეს $1.45 მილიარდი ხუთჯერ აღემატება საშუალო პირველადი კერძო ინვესტიციის ფონდის ზომას, და Ariel-ში არსებული აქტივები, მათ შორის ერთობლივი ფონდებისა და ცალკე მართული ანგარიშების რაოდენობა $16 მილიარდზე მაღლა აჰყავს. Forbes-ის მონაცემებით, ჰობსონის თითქმის 40%-ის წილი მოდის ქვეყნის უძველეს (დაარსებული 1983 წელს), შავკანიანთა საკუთრებაში არსებულ საინვესტიციო ფირმაზე, რომლის ღირებულება $100 მილიონია (ჯონ ვ. როჯერს უმცროსი, დამფუძნებელი, თავმჯდომარე და თანააღმასრულებელი დირექტორი, ფლობს 34%-ს).

ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, რაც 53 წლის ჰობსონმა გააკეთა თავისი უნიკალური კარიერის განმავლობაში, Project Black-ის მემორანდუმი არ იყო არც სპონტანური და არც სოლო-წამოწყება. სინამდვილეში ის წლების განმავლობაში დაუნდობელი შრომის, ანალიზისა და ნეტვორკინგის საფუძველზე აშენდა. 2020 წლის მაისში მინეაპოლისის პოლიციელის მიერ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ, ჰობსონმა მოაწყო Sunday Zoomზარები შავკანიანი ბიზნესის ლიდერების წარმომადგენლებთან, რათა ეფიქრათ, თუ როგორ შეეძლოთ კაპიტალისტებს რასობრივი სიმდიდრის სხვაობის შემცირება და მოგების მიღება. „მე ვთქვი: „ეს აქამდე არ გაკეთებულა“.

Zoom-ის ერთ-ერთი რეგულარული მონაწილე იყო ლესლი ა. ბრუნი, 70 წლის ჰაიტიში დაბადებული დამფუძნებელი და Hamilton Lane-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ახლა $824 მილიარდის ალტერნატიულ ინვესტიციებს აკონტროლებს. ის გახლავთ Ariel Alternativesის აღმასრულებელი დირექტორი (და ჰობსონთან ერთად, თანადამფუძნებელი), რომელიც Project Black-ს აწარმოებს. „ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ პარადიგმა და საუბარი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო უმცირესობის საკუთრებაში არსებული ბიზნესი, – ამბობს ის, – რადგან, თუ გადავხედავთ ფედერალურ განმარტებას, ის მცირე და არამოგებიანია. ჩვენ გვინდა, ვიყოთ დიდები და მოგებიანები“.

თამაშში დაბრუნება — ლესლი ა. ბრუნი (მარცხნივ) ბედნიერად მართავდა თავის ოჯახურ ინვესტიციებს და მსახურობდა საბჭოებში (მათ შორის Ariel Investments-ში), როდესაც ჰობსონმა სთხოვა, გამხდარიყო Ariel Alternatives-ის აღმასრულებელი დირექტორი და ემართა Project Black-ი. „კი“-ს თქმას ბევრი ფიქრი არ სჭირდებოდა“, – აცხადებს ის.

ღირებულ საინვესტიციო ფირმებს შორის Ariel Investments-ი ცნობილია მომთმენი, არაპოპულარული ყიდვისა-დაშეკავების მიდგომით. კუები – ლითონის ფიგურები, ხის ასლები, ქვის ქანდაკებები და კუს ბაქნის ანაბეჭდები – ამშვენებს თითქმის ყველა ოფისსა და საკონფერენციო დარბაზს ჩიკაგოს შტაბ-ბინასა და სან-ფრანცისკოს პრეზიდიოში არსებულ ჰობსონის მთავარ ოფისში.

თუმცა ჰობსონის აღზევება Ariel-ში ნელი ნამდვილად არ ყოფილა. დამფუძნებელმა როჯერსმა ის Princeton-იდან აიყვანა და 25 წლისას აცნობა, რომ აპირებდა მის პრეზიდენტად არჩევას 30 წლის ასაკში. „როდესაც გყავთ ვარსკვლავი, გინდათ, რომ მას კარიერული გზა დაანახოთ – ესაა ბიზნესის საფუძვლები 101“, – ამბობს როჯერსი, რომელმაც ჰობსონის ნიჭი პირველად მაშინ შეამჩნია, როდესაც ის საშუალო სკოლის მოსწავლე იყო და თვითონ კი ჩიკაგოელ მოსწავლეებს Princeton-ისთვის აგროვებდა.

სკოლაშიც კი, ჰობსონი განათლებას უყურებდა, როგორც ბილეთს უსაფრთხო მომავალში. ის დოროთი ეშლის ექვსი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო – უფროსი და-ძმა მასზე ორ ათეულ წელზე მეტით უფროსია. ჰობსონი აღწერს დედას, როგორც მოსიყვარულე, ოპტიმისტ (ზოგჯერ არარეალურად) და შრომისმოყვარე ადამიანს. ეშლი ცდილობდა, ეცხოვრა ბინების რემონტით, მაგრამ დისკრიმინაციასა და ფულის მართვის უუნარობის გამო ის ყოველთვის ვერ იხდიდა გადასახადებს. ჰობსონის ბავშვობა მრავალჯერადი გამოსახლებითა და კომუნალური მომსახურების გათიშვით იყო გაჯერებული.

„ძალიან დიდი დაუცველობის შეგრძნება იყო, – ამბობს ჰობსონი, რომელიც ფინანსური წიგნიერების ძლიერი მხარდამჭერი გახდა. – დაბოლოს, იმაზე მეტი ვიცოდი ჩვენი ცხოვრების შესახებ, ვიდრე ნებისმიერმა ბავშვმა უნდა იცოდეს. ვიცოდი, რა იყო ჩვენი ქირა. ვიცოდი, როდის ვაგვიანებდით ტელეფონის დავალიანების გადახდას“.

ჰობსონი მიიღეს Harvard-შიც და Princeton-შიც. მას Harvard-ი ჰქონდა გადაწყვეტილი მანამ, სანამ არ დაესწრო Princeton-ის საჩვენებელ ვახშამს, რომელიც როჯერსის ორგანიზებული იყო ჩიკაგოს იახტ-კლუბში. ვენჩურული კაპიტალისტი რიჩარდ მისნერი დაჯდა მის გვერდით და უთხრა, რომ აპირებდა შეეცვალა მისი არჩევანი კოლეჯისა და მისი ცხოვრების შესახებ. ის ყოველდღე ურეკავდა მას, საბოლოოდ კი საუზმეზე მიიწვია მისი Princeton-ის ერთ-ერთი თანაკლასელი – მაშინდელი აშშ-ის სენატორი და New York Knicks-ის ყოფილი ვარსკვლავი ბილ ბრედლი – და ჰობსონი საპატიო სტუმრის გვერდით დააბრძანა.

„მელოდიმ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, – ამბობს ბრედლი. – დღეს ის არის იქ, სადაც არის, სწორედ იმ ღირებულებების გამო, რომლებსაც ის ფლობდა როგორც უფროსკლასელი; ასევე წარმოუდგენელი დისციპლინისა და დადებითი ენერგიის წყალობით, რაც ხალხს მის გვერდით ყოფნის სურვილს უჩენდა“. ჰობსონმა აირჩია Princeton-ი და ასე დაიბადა ხანგრძლივი მეგობრობა.

2000 წელს, როდესაც ბრედლი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაში კენჭს იყრიდა, ჰობსონი დაუღალავი ფანდრაიზერი იყო, რამაც ბრედლის სხვა მხარდამჭერზე, Starbucks-ის მილიარდერ ჰოვარდ შულცზე შთაბეჭდილება მოახდინა. ჰობსონი შეუერთდა Starbucks-ის საბჭოს 2005 წელს და 2021 წელს უკვე არააღმასრულებელი თავმჯდომარე იყო, რითაც იგი გახდა ერთადერთი შავკანიანი ქალი, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს S&P 500-ის საბჭოს. შულცი ამბობს, რომ „მისი მოქმედების ფორმა ემოციური ინტელექტითაა გაჯერებული“. „მელოდი ყოველთვის გათვითცნობიერებულია. ის არ ქედმაღლობს. ის ისევე კომფორტული საურთიერთოა არასრულ განაკვეთზე მომუშავე ბარისტებისთვის, როგორც ნებისმიერი მაღალი თანამდებობის ადამიანისთვის, რომელსაც ხელს დაადებთ“.

შულცმა ჰობსონს გააცნო DreamWorks Animation-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი კაცენბერგი, რომელმაც, თავის მხრივ, ის თავის საბჭოში აიყვანა. ჰობსონი DreamWorks-ის თავმჯდომარე გახდა 2012 წელს და 2016 წელს აწარმოვა მოლაპარაკება მის $3.8 მილიარდად გაყიდვისას (50% პრემიალური მისი აქციების ფასზე, სანამ მოლაპარაკებები საჯარო გახდებოდა) Comcast-ის აღმასრულებელ დირექტორ ბრაიან რობერტსთან, რომელიც მკაცრი ვაჭრობის მანერითაა ცნობილი. „მას აქამდე არასდროს ეყიდა ან გაეყიდა კომპანია, მაგრამ თქვენ გეგონებოდათ, რომ ამას მთელი ცხოვრება აკეთებდა“, – ამბობს გაოცებული კაცენბერგი.

ფილმებთან კავშირმა, სავარაუდოდ, ჰობსონს სალაპარაკო თემა მისცა, როდესაც იგი 2006 წელს შეხვდა Star Warsის შემქმნელ ჯორჯ ლუკასს ასპენში, კოლორადოში, ბიზნესკონფერენციაზე. პირველ სადილზე მათ ისაუბრეს საგანმანათლებლო ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის ერთობლივ ვალდებულებაზე. როდესაც ის 2013 წელს დაქორწინდა მილიარდერზე კალიფორნიაში, მის Skywalker Ranch-ზე, ბრედლიმ ის საკურთხეველთან მიიყვანა (ლუკასს, ჰობსონსა და მათ 9 წლის ქალიშვილს მთავარი სახლები აქვთ კალიფორნიაში, ასევე პენტჰაუსი ჩიკაგოში).

ეს მეორდება მთელი ცხოვრების მანძილზე: ერთი უახლოესი მეგობარი ან საქმიანი თანამოაზრე აღფრთოვანებულია და აცნობს ჰობსონს მეორე მეგობარს, რომელიც, თავის მხრივ, იმეორებს პროცესს. 2007 წელს ის შეხვდა ფორმულა 1-ის ჩემპიონ სერ ლუის ჰამილტონს რბოლის მოყვარული ლუკასის მეშვეობით; ის ახლა ბრიტანელ მძღოლს თავის „უმცროს ძმას“ უწოდებს და მას Denver Broncos-ის მფლობელთა ახალ ჯგუფში რთავს (ჰობსონი ფლობს 5.5%-ს), Walmart-ის მემკვიდრე მილიარდერ რობ უოლტონის ხელმძღვანელობით.

Meta-ს ყოფილი ოპერაციების დირექტორი შერილ სენდბერგი და ჰობსონი ერთმანეთს Starbucks-ის საბჭოში ყოფნისას დაუკავშირდნენ. სენდბერგი ამბობს, რომ ჰობსონი მის გვერდით იყო, როდესაც მისი ქმარი 2015 წელს მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. ჩოგბურთელი სერენა უილიამსი ჰობსონს საერთო მეგობრის, Grammy-ს მფლობელი მომღერლის, ალიშა კისის მეშვეობით შეხვდა. „ჩვენ მაშინვე გავუგეთ ერთმანეთს. მე აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რაზეც ის საუბრობდა, – ამბობს უილიამსი. – ახლა ეს ძალიან სასაცილოა. მე მისი ნათქვამიდან არაფერი მახსოვს – უბრალოდ მახსოვს, რომ ძალიან მოვიხიბლე მისი ავტორიტეტით. ჩემთვის ყოველთვის ძალიან ამაღელვებელია ასეთი ადამიანის დანახვა, მსგავს მდგომარეობაში ასეთი თავდაჯერებული რომ ვიყო, როგორიც ისაა, როცა ოთახში შედის“.

„ჰობსონთან ურთიერთობა ისევე კომფორტულია არასრულ განაკვეთზე მომუშავე ბარისტებისთვის, როგორც ნებისმიერი მაღალი თანამდებობის ადამიანისთვის“

STARBUCKS-ის ჰოვარდ შულცი

არავითარი ურთიერთობა არ ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი ჰობსონისთვის, ვიდრე მისი პარტნიორობაში გადაზრდილი შეგირდობა Ariel-ის დამფუძნებელ ჯონ როჯერს უმცროსთან. 64 წლის როჯერსი სხვა სამყაროში გაიზარდა: მამამისი იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე „ტასკიგის“ პილოტი და მოსამართლე. მისი დედა იყო პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც დაამთავრა University of Chicago-ს იურიდიული სკოლა და 1921 წელს თეთრების ბუნტის შედეგად განადგურებული ტულზას აყვავებული შავკანიანი თემის, გრინვუდის ერთ-ერთი არქიტექტორის შვილიშვილი. როჯერსი იყო კაპიტანი Princeton-ის კალათბურთის გუნდში, მიშელ ობამას ძმის კრეიგ რობინსონის პირველკურსელობისას. მოგვიანებით ის დაუახლოვდა ობამას, თავმჯდომარეობდა არჩეული პრეზიდენტის პირველ ინაუგურაციის კომიტეტს და დაუთმო მას Ariel-ის ოფისები მისი გამარჯვების შემდეგ.

როდესაც ჰობსონი მეორე კურსის საშობაო არდადეგებზე Princeton-იდან სახლში დაბრუნდა, როჯერსმა იგი მიიწვია დედასთან, ჯეველ ლაფონტენტთან შესახვედრად მის Water Tower Place-ის ბინაში. „მე ვიყავი ამ მშვენიერ ბინაში. მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და ისინი შავკანიანები იყვნენ, რაც მანამდე არ მენახა, – ამბობს ჰობსონი. – იმ მომენტში მოხდა ბარიერის გადატვირთვა“.

მომდევნო ზაფხულს Ariel-ში სტაჟირებისას ჰობსონმა არ დამალა თავისი ამბიცია. შაბათ დილით როჯერსი მივიდოდა ხოლმე ცენტრში არსებულ McDonald’sში – ვაბაშის გამზირზე მატარებლის ლიანდაგების ქვეშ, იხსენებს ჰობსონი – უკვეთდა ორ ორცხობილას კარაქით და დიდ Diet Coke-ს, დაჯდებოდა და კითხულობდა გაზეთების დასტას. ჰობსონი გამოჩნდებოდა იმავე გაზეთების დასტით ხელში და კითხულობდა მათ იმავე თანამიმდევრობით – მხოლოდ იმისთვის, რომ მზად ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ ის წაკითხულზე კომენტარს გააკეთებდა. 

ის ყოველთვის მზად იყო მანქანაში ჩასახტომად, სადაც არ უნდა წავსულიყავი“, ამბობს როჯერსი. მომდევნო ზაფხულს ის დაეხმარა მას სტაჟირების მიღებაში T. Rowe Price-ში. 1991 წელს, Princeton-ის დამთავრების შემდეგ, მან ინტერვიუები გაიარა უოლ-სტრიტის დიდ ფირმებთან სამუშაოდ. მაგრამ საბოლოოდ ის პატარა Ariel-ს შეუერთდა. იმის მაგივრად, რომ პატარა ჭანჭიკი ყოფილიყო უზარმაზარ მანქანაში, მას სურდა თავისი კარიერის დაწყება იმ ოთახში, სადაც გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

როჯერსი ჩართულია Ariel-ის აქციების შერჩევასა და ინვესტიციების სტრატეგიების დაგეგმვაში; ჰობსონი აკონტროლებს ყველაფერ დანარჩენს. 2019 წელს ის გახდა თანააღმასრულებელი დირექტორი, იმავე წელს იყიდა როჯერსის საკუთრების წილის 14% და გახდა Ariel-ის უმსხვილესი აქციონერი 39.5%-ით.

არსებობის 40 წლის განმავლობაში, Ariel-მა გაიარა რამდენიმე რთული პერიოდი – ყველაზე შემზარავი 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც მისი უმსხვილესი Ariel Fund 48%-ით დაეცა და ინვესტორები გაიქცნენ. ფირმის აქტივები 2004 წლის $21 მილიარდიდან 2009 წლის მარტში $3.3 მილიარდამდე დაეცა და ის იძულებული გახდა, 100 თანამშრომლიდან 18 დაეტოვებინა. ჰობსონი და როჯერსი რჩევისთვის ეწვივნენ მათ მეგობარსა და მენტორს, მილიარდერ ინვესტორს მარიო გაბელის. „გადაიჭირე უსაფრთხოების ღვედი და არ გაყიდო ბიზნესი, – იხსენებს გაბელი თავის რჩევას. – ნუ ეძებთ მეწილე პარტნიორს. დაიტოვე ყველაფერი და იარე მთელი სისწრაფით წინ“. მათ გაბელის სამადლობელი წერილი გაუგზავნეს და მას შემდეგ, რაც 2009 წელს Ariel Fund-მა დაიბრუნა 63% და გაანადგურა კონკურენტები, მან ეს წერილი უკან გაუგზავნა ჩარჩოში, რომელზეც ზემოდან დიდი ასოებით ეწერა – „ხომ გეუბნებოდი“.

PROJECT Black-მა თავისი პირველი ინვესტიცია გასულ წელს განახორციელა, შეიძინა რა იუტაში დაფუძნებული Sorenson Communications-ის 52.5% სხვა კერძო ინვესტორებისგან საწარმოს $1.3 მილიარდი ღირებულებით. ორი ათწლეულის ასაკის კომპანია, $837 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვებით წლის განმავლობაში, რომელიც დასრულდა 2021 წლის სექტემბერში, ლიდერია სმენადაქვეითებულთა მომსახურებაში – უზრუნველყოფს რა ყველაფერს, სატელეფონო ზარების ტექსტში გადაყვანით დაწყებული, ჟესტების ენაზე თარჯიმნების ჩათვლით. Sorenson-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ხორხე როდრიგესი 53 წლის ტელეკომის ვეტერანია, რომელიც ადრე მართავდა მექსიკელი მილიარდერის კარლოს სლიმის კორპორაცია América Móvil-ის სხვადასხვა შვილობილ კომპანიას.

12 თვეზე ნაკლებ დროში კომპანია ერთი ფერადკანიანი ადამიანიდან 13-მდე გაიზარდა თავის აღმასრულებელ რგოლსა და საბჭოში. Sorenson-ი ამატებს ესპანურენოვან სერვისებს და დათანხმდა, შეიძინოს CQ Fluency-ის 70%, უმცირესობის საკუთრებაში არსებული ბიზნესი, წლიური $45 მილიონის შემოსავლით, რომელიც უზრუნველყოფს მთარგმნელობით მომსახურებას ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, მათ შორის კომპანიებისთვის Cigna, Aetna და UnitedHealth Group-ისთვის.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, Project Black-ი გეგმავს ანალოგიურად შეიძინოს, უმცირესობებით დააკომპლექტოს და გააფართოოს კომპანიები ექვსიდან ათამდე სხვა სფეროში, სადაც ხედავს ზრდის ადგილს, უფრო დიდ ფირმებთან საუბრის საფუძველზე. ის აკვირდება ფინანსურ და პროფესიულ მომსახურებას, ჯანდაცვას, ტექნოლოგიას, წარმოებასა და ლოჯისტიკას. „ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ დამლაგებელი სერვისების მიმწოდებლები, – ხაზგასმით აღნიშნავს Ariel Alternatives-ის აღმასრულებელი დირექტორი ლესლი ბრუნი. – ჩვენ გვინდა, ვიყოთ ეკონომიკის მეინსტრიმში და მივაწოდოთ დამატებითი ღირებულების სერვისები“.

ჰობსონი და ბრუნი არ მუშაობენ მხოლოდ საკუთარ სააღმასრულებლო კონტაქტებზე. Sunday Zoom-ის ზოგიერთი ორიგინალური მონაწილე დღეს მრჩეველია – ისეთი ადამიანები, როგორიცაა უილიამ მ. ლუისი, Apollo-ს პარტნიორი, რომელიც 17 წლის განმავლობაში, 2021 წლამდე იყო საინვესტიციო ბანკინგის თავმჯდომარე Lazard-ში, და ჯეიმს ბელი, Boeing-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, რომლის საბჭოს წევრებს შორისაა Apple-ი. ბუნებრივია, როჯერსი, რომელიც McDonald’s-ის, Nike-სა და New York Timesის საბჭოებში ზის, ასევე მრჩეველია.

ჰობსონი, ბრუნი და მათი მხარდამჭერები ავრცელებენ უზარმაზარ ციფრებს იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა შეუძლია Project Black-სა და მსგავს პროექტებს. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, მათი პროგნოზით, მათი პორტფელის კომპანიები გამოიმუშავებენ დამატებით $8-10-მდე მილიარდ წლიურ შემოსავალს და შექმნიან 100,000 სამუშაო ადგილს არასაკმარისად წარმოდგენილი ადამიანებისთვის. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ზოგიერთი მსხვილი კორპორაცია საუბრობს უმცირესობის მომწოდებლებისგან შესყიდვების არსებული 2%- დან 10%-მდე ან თუნდაც 15%-მდე გაზრდაზე. ეს შეიძლება ითარგმნოს ტრილიონ დოლარის შესაძლებლობად. სტივ ბალმერის თქმით, დებულების მიხედვით, „არსებობს გამოუყენებელი ბაზარი“, რომელიც „არა მხოლოდ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას, არამედ დიდ მოგებას გამოიმუშავებს ჩვენთვის, როგორც ინვესტორისთვის“. ბრუნი ამბობს, რომ Project Black-ს წარმატებულად ჩათვლის, თუ ის საფუძველს ჩაუყრის მიმბაძველი საინვესტიციო ფონდების შექმნას.

რიცხვების მიღმა, ეს ნაწილობრივ ქსელური თამაშია, რომელიც შექმნილია კაპიტალისა და ხალხის დასაკავშირებლად – რაც, არსებითად, ჰობსონის ერთ-ერთი სუპერძალაა. ის უკვე ამბობს, „ჩვენთან მოდის ხალხი და გვეუბნება: ‘ერთ დღეს რომ იყიდო ბიზნესი, იქნებ შევძლო მისი მართვა’“. ის ამას უპირისპირდება იმით, რაც დიდი ხანია, მოისმინა დიდი ბიზნესისგან. „ხშირად, განსაკუთრებით კორპორაციულ ამერიკაში, ამბობენ, რომ არ შეუძლიათ [უმცირესობის] ნიჭის ამოცნობა, – ამბობს ჰობსონი. – ჩვენ მათ ვიცნობთ, როგორც მეგობრებს. ჩვენ ვიცნობთ მათ კორპორაციული ამერიკის მთელ კვებით ქსელში. ჩვენ მათ ვიცნობთ, როგორც მეწარმეებს. ჩვენ მათ ვიცნობთ, როგორც ბიზნესის ლიდერებს“.

დაბრუნების მეფე

იმ ეპოქაში, როდესაც გამოცდილი საინვესტიციო სტრატეგები განზე გადგნენ უფრო მიმზიდველი ზრდისა და რაოდენობრივი მენეჯერების სასარგებლოდ, ჯონ როჯერს უმცროსის საპირისპირო, მომთმენმა მიდგომამ, მრავალი საბაზრო ქარიშხლის შემდეგ, მდგრადობა დაამტკიცა. მისი ფლაგმანი $2.5-მილიარდიანი Ariel Fund-ი 1986 წელს ამოქმედდა, რაც მას Morningstar-ის საშუალო კაპიტალის ღირებულების კატეგორიაში ყველაზე ხანგრძლივ ფონდად აქცევს. დაარსების დღიდან ის იღებდა 10.5% საშუალო წლიურ შემოსავალს, ოდნავ უკეთესს, ვიდრე Russell 2500 Value Index-ი და S&P 500. მაგრამ ეს ციფრები არასაკმარისად ასახავენ მისი ფირმის მიდრეკილებას ბრწყინვალე შედეგებისკენ, რადგან აქციების აღდგენა ხდება საშინლად პესიმისტური ბაზრის პირობებში – მსგავსად იმისა, რასაც კარგმა ინვესტორებმა 2022 წელს გაუძლეს.

მომთმენი ინვესტორი — Ariel Investments-ის 40 წლის წინ დაარსებიდან, ჯონ როჯერს უმცროსი უორენ ბაფეტის სიბრძნეს მიჰყვება. როდესაც 1987 წელს ბაზარი ჩამოიშალა, როჯერსი დაიტვირთა აქციებით, გაითვალისწინა რა ბაფეტის რჩევა: „იყავი ხარბი, როცა სხვებს ეშინიათ“.

Ariel Fund-მა პირველი გამოცდა ჩააბარა 1987 წლის 19 ოქტომბერს, „შავი ორშაბათის“ სახელით ცნობილი კატასტროფისას. მაშინ 29 წლის გაბრაზებულმა როჯერსმა კლიენტებსა და ბროკერებს იმ შეხვედრიდან დაურეკა, რომელზეც მის ქორწილს გეგმავდნენ. მისი მესიჯი: აქციები უჩვეულოდ იაფი იყო და ინვესტორებს მეტი უნდა ეყიდათ. Ariel-მა 1987 წელს ორნიშნა მოგება აჩვენა.

2000 წელს Dot-com-ის აფეთქებიდან გამოსვლის შემდეგ, Ariel Fund-მა კვლავ დიდი ზრდა მიიღო: იმ წელს – 29%-ით, და 2001 წელს – 14%-ით. 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს როჯერსის ფსონებმა ისეთ აქციებზე, როგორიცაა უძრავი ქონების საინვესტიციო ფირმა CBRE Group-ი და გაზეთის გამომცემელი Gannett-ი, ფონდს 48%-იანი ზარალი მიაყენა – სანამ 2009-ში 63%-იან მოგებას მოიტანდა.

გასული წელი იყო კიდევ ერთი ცუდი წელი Ariel Fund-ისთვის: ის დაეცა 19%- ით, მის საორიენტაციო Russell 2500 Value Index-ის 13%-იან ვარდნასთან შედარებით, მეტწილად იმიტომ, რომ მას აქვს ენერგეტიკის აქციების მცირე მარაგი (რომლებიც 2022 წელს ლიდერობდნენ) და უფრო მეტადაა მიდრეკილი ისეთი სექტორების მიმართ, როგორიცაა მედია და გართობა, რაც არასაკმარისია. ესაა საშიშროება, რომელიც მოჰყვება როჯერსის მაღალ რწმენასა და მაღალი კონცენტრაციის ინვესტიციის სტილს – ფონდის 39% მის ტოპ-10 ჰოლდინგში ინვესტირდება.

„’08 და ‘09 წლების შემდეგ ეს ქარიშხალი ყველაზე საშინელია. ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი გარიგება არსებობს“, – ამბობს როჯერსი, რომელიც ინვესტიციების ჩადებას 12 წლის ასაკში შეუდგა, როდესაც მამამ მისთვის დაბადების დღესა და საშობაოდ აქციების ჩუქება დაიწყო. მისი მიდრეკილება უსაყვარლესი აქციების ყიდვისადმი კიდევ უფრო განვითარდა Princeton-ში, სადაც მენტორი გახდა ეკონომისტი ბარტონ მალკიელი, საინვესტიციო კლასიკის – A Random Walk Down Wall Street-ის ავტორი.

დღეს როჯერსის საყვარელი არჩევანია Ariel-ის უმსხვილესი ჰოლდინგი, Madison Square Garden Entertainment-ი, რომელიც ახლა ვაჭრობს ფასი-საბალანსო ღირებულების მხოლოდ 0.89 თანაფარდობით. ის ასახელებს მისი საკულტო ადგილების ძალას, როგორიცაა თავად Garden-ი და Radio City Music Hall-ი და აღფრთოვანებულია MSG Sphere-ზე საუბრისას, $2.2 მილიარდის ღირებულების გასართობ ადგილზე, რომელიც ლას-ვეგასში ამ წლის ბოლოს გაიხსნება. გარდა ამისა, ის ფიქრობს, რომ უოლ-სტრიტი არასათანადოდ აფასებს MSG Network-ს, მის რეგიონულ საკაბელო ქსელს, რომელიც გადმოსცემს New York Knicks-ისა და Rangers-ის თამაშებს. „ოდესღაც Knicks-ი კვლავ გაიმარჯვებს“, – ამბობს Princeton-ის კალათბურთის გუნდის ყოფილი კაპიტანი, რომელმაც ერთხელ ერთ-ერთ თამაშში მაიკლ ჯორდანი დაამარცხა.

როჯერსის კიდევ ერთი ჰოლდინგია Paramount Global-ი. CBS-ის მშობელი კვლავ სარგებლობს დიდძალი მაყურებლიის ყურადღებით მისი პირდაპირი სპორტული მაუწყებლებისა და 60 Minutes-ის წყალობით, ხოლო მისი Paramount Plus-სერვისი შარშანდელი წარმატებული ფილმის Top Gun: Maverick-ისა და წლევანდელი მომავალი Mission: Impossible-ის სტრიმინგის ადგილია. „სამნერ რედსტოუნი ყოველთვის ლაპარაკობდა იმაზე, რომ კონტენტი მეფეა და მის ქალიშვილ შარის ზუსტად იმავესი სწამს“, – ამბობს როჯერსი. ის დასძენს, რომ ინვესტორები იმდენად არიან ორიენტირებულნი სტრიმინგ-ომებზე, რომ ისინი არ აფასებენ Paramount-ის მსოფლიო მასშტაბებსა და მისი ბრენდების ღირებულებას, რომელიც მოიცავს BET Networks-სა და Showtime-ს. „მათ დასჭირდებათ გზების გამონახვა ამ შესანიშნავი შინაარსის მონეტიზაციისთვის“.

მედიისა და გართობის მიღმა, როჯერსი უპირატესობას ანიჭებს ფინანსური მომსახურების აქციებს. მაგალითად, ესაა საინვესტიციო ბანკი Lazard-ი, რომელსაც Ariel-ი ფლობს 2009 წლიდან, და კერძო ინვესტიციების ფირმა Carlyle Group-ი. მას მოსწონს კერძო ინვესტიციით გამომუშავებული თანამიმდევრული გადასახადები – KKR იყო დიდი გამარჯვებული Ariel-ისთვის, სანამ ის ძალიან დიდი გახდებოდა მისი მცირე და საშუალო კაპიტალის სახსრებისთვის, და მან განაღდება არჩია.

როჯერსი ფსონს დებს, რომ მეამბოხე სექტორი ყველას გააკვირვებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში საცხოვრებლის სფეროს აღმასვლით. Ariel-ს აქვს პოზიცია იატაკის მასალების კომპანია Mohawk Industries-ში და ახლახან გამოისყიდა Generac-ის აქციები, რომელიც აწარმოებს ელექტროენერგიის გენერატორებს. Generac-ს პანდემიის დროს გამორჩეული შედეგები ჰქონდა და 2019 წლის თებერვლიდან 2020 წლის დეკემბრამდე Ariel-მა მასზე ოთხმაგი მოგება მიიღო. ახლა, როდესაც Generac-ი 2021 წლის ოქტომბრის პიკთან შედარებით 80%-ით შემცირდა, როჯერსი ფიქრობს, რომ ის მზადაა აღდგენისთვის, კლიმატის ცვლილებისა და ქარიშხლებით თუ ტყის ხანძრებით გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვების გამო, რაც მომხმარებლებს მისი გენერატორების ყიდვისკენ უბიძგებს. – ჰ. ტ. და მ.ა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *